ალფრედო სტრესნერი

ალფრედო სტრესნერ მატიაუდა (ესპ. Alfredo Stroessner Matiauda; დ. 3 ნოემბერი, 1912, ენკარნასიონი, პარაგვაი — გ. 16 აგვისტო, 2006, ბრაზილია, ბრაზილია) — პარაგვაის პრეზიდენტი და დიქტატორი 1954-1989 წლებში.

ალფრედო სტრესნერი
Alfredo Stroessner
პარაგვაის 46-ე პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
15 აგვისტო, 1954 – 3 თებერვალი, 1989
წინამორბედიტომას რომერო პერეირა
მემკვიდრეანდრეს როდრიგეს პედოტი

დაბადებული3 ნოემბერი, 1912
ენკარნასიონი, პარაგვაი
გარდაცვლილი16 აგვისტო, 2006 (93 წლის)
ბრაზილია, ბრაზილია
ეროვნებაპარაგვაელი
პოლიტიკური პარტიაკოლორადო
მეუღლეელიგია მორა

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

სტრესნერის მამა იყო ჰუგო სტრესნერი, ბავარიელი ემიგრანტი გერმანიიდან და დედა ჰერბერტა მატიუდა, რომელიც დაიბადა მდიდარ პარაგვაულ ოჯახში. ალფრედო 1929 წელს ჩაირიცხა პარაგვაის არმიაში, 1931 წელს კი უკვე გახდა ლეიტენანტი. ჩაკოს ომის დროს ბოლივიაში (1932-1935) ის გამოიძახეს საარტილერიო ნაწილში და მიიღო მონაწილეობა ბოკერონის ბრძოლაში. ომის შემდეგ, მან სწრაფად აიმაღლა სამხედრო ჩინი და გახდა ყველაზე ახალგაზრდა გენერალი სამხრეთ ამერიკაში 1948 წელს.

პრეზიდენტობა

რედაქტირება

სტრესნერმა პრეზიდენტ ფედერიკო ჩავესის წინააღმდეგ შეაიარაღა ნაციონალური პოლიცია და მოაწყო გადატრიალება 1954 წლის 4 მაისს. არჩვენებამდე პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა ტომას რომერო პერეირა, სტრესნერი იყო ერთადერთი კანდიდატი 1954 წლის 11 ივლისის არჩევნებზე. ის არჩეულ იქნა 8-ჯერ: 1958, 1963, 1968, 1973, 1978, 1983 და 1988 წლების არჩევნებში.

არჩევნებზე იგი კვლავ ერთადერთი კანდიდატი იყო და იმარჯვებდა მაღალი პროცენტით (უმეტესად 80%), რისი მიღწევაც შესაძლებელი იყო მხოლოდ მასობრივი გაყალბებით. პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა 35 წელი, ამ მაჩვენებლით იგი მხოლოდ ფიდელ კასტროს ჩამოუვარდებოდა XX საუკუნის ლათინოამერიკელი ლიდერებიდან.

ძალაუფლების ხელში აღებისთანავე სტრესნერმა გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა და შეკვეცა კონსტიტუციური თავისუფლება, რომელიც იცვლებოდა ყოველ 90 დღეში პირადად სტრესნერის მითითებით. სტრესნერი იყო ანტიკომუნისტი, რომელმაც კომუნიზმის წინააღმდეგ ბრძოლა დააკანონა, სახელმწიფო პოლიტიკად აქცია და სახელმწიფო ინტერესებს გაუტოლა.

როგორც პარტია კოლორადოს ლიდერმა, სტრესნერმა მოახერხა შედარებით სრულყოფილად ემართა პოლიტიკური სცენის. ოპოზიციური პარტიები ნომინალურად დაუშვეს 1962 წელს (პარტია კოლორადო იყო ერთადერთი ლეგიტიმური პოლიტიკური პარტია პარაგვაიში 1947 წლიდან). საარჩევნო სისტემა იმდენად იყო მორგებული მმართველ პარტიას რომ ოპოზიციურ პარტიებს გამარჯვების არანაირ შანსს არ უტოვებდა.

სტრესნერის ძლიერმა ანტი-კომუნისტურმა პოლიტიკამ ის მალევე აქცია ამერიკის მეგობრად, თუმცა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ სავალალო მდგომარეობა იყო. სტრესნერმა მხარი დაუჭირა ამერიკის შეჭრას დომინიკელთა რესპუბლიკაში, ასევე შესთავაზა შეიარაღებული მხარდაჭერა ვიეტნამში.

ეკონომიკა

რედაქტირება

სტრესნერი ცნობილია რამდენიმე პოზიტიური ეკონომიკური სვლით, ყველაზე მნიშვნელოვანი კი მსოფლიოში უდიდესი ჰიდროელექტროსადგურის აშენებაა იტაიპუში, რაზეც დაფუძნდა პარაგვაის ეკონომიკა. ეს იყო ყველაზე დიდი ეკონომიკური ობიექტი, რომლის შემოსავალმაც ბიძგი მისცა პარაგვაის ეკონომიკის განვითარებას, რამაც 1970-იანი წლებისათვის პარაგვაი აქცია ყველაზე სწრაფად განვითარებად ლათინო ამერიკულ ქვეყნად.

სტრესნერის მოღვაწეობის შედეგია პარაგვაის ნაციონალურ ბიუჯეტში არმიასა და პოლიცაზე ყველაზე დიდი თანხების გამოყოფა, რაც იყო რეჟიმის ფუნდამენტური სახე. 1963 წელს ჟურნალ TIME-ის მიხედვით, სტრესნერმა 1962 წელს წლიური ბიუჯეტის 33% დახარჯა არმიასა და პოლიციაზე, განათლებაზე კი 15%.

გარდა იტაიპუს კაშხლისა, შემდგომში აშენდა იაკირეტის კაშხალი პარაგვაი-არგენტინის საზღვარზე, რამაც გამოიწვია ათასობით პარაგვაელის გადასახლება, ისინი გაყარეს თავიანთი სახლებიდან, ხშირ შემთხვევაში ყოველგვარი კონპენსაციის გარეშე. იტაიპუს კაშხლის მშენებლობის მიზეზით გადასახლებულთა რაოდენობამ 80,000 ადამიანს მიაღწია.

სტრესნერი ასევე ცნობილია თავისი ინფრასტრუქტურული პროექტებით, რომლითაც მოწესრიგდა პარაგვაის საგზაო სისტემა. სხვა პროგრამით სტრესნერის მხრიდან მხარდაჭერილ იქნა აგრარული სფერო, კერძოდ 12 ჰექტრის ოდენობის სახნავი მიწა გადაეცემოდა თითოეულ არმიაში სრულად ნამსახურებ ჯარისკაცს, ამ პროგრამით 10 000-ზე მეტმა ჯარისკაცმა მიიღო მიწა.

დაღმასვლა

რედაქტირება

1989 წლის 3 თებერვალს რამდენიმე თვის შემდეგ, რაც სტრესნერი მეცხრედ იქნა არჩეული პრეზიდენტად, მოხდა მისი გაძევება ქვეყნიდან გენერალ ანდრეს როდრიგეს პედოტის მიერ რომელიც იყო მისი არმიის დროინდელი მეგობარი, სტრესნერის და როდრიგესის ოჯახები დაკავშირებულნი იყვნენ ოჯახებით ერთმანეთთან, კერძოდ სტრესნერის ვაჟის და როდრიგესის ქალიშვილის ქორწინებით. გადატრიალების შემდგომ სტრესნერი გაიქცა ბრაზილიაში, სადაც ის ცხოვრობდა გარდაცვალებამდე.

სტრესნერი გარდაიცვალა 2006 წლის 16 აგვისტოს, ბრაზილიაში, 93 წლის ასაკში. გარდაცვალების უშუალო მიზეზი იყო გულის შეტევა, ის დაავადდა პნევმონიით მას შემდეგ რაც გაიკეთა გრიჟის ოპერაცია. პარაგვაის ხელისუფლებამ საერთოდ უარი თქვა სტრესნერის პარაგვაიში გადასვენებაზე. სტრესნერი სიკვდილის წინ ეცადა დაბრუნებულიყო სამშობლოში, თუმცა მას ამის საშუალება არ მისცეს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება