ჩაკოს ომი (1932–1935) — ბრძოლა სამხრეთ ამერიკაში, ბოლივიასა და პარაგვაის შორის გრან-ჩაკოს რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილისთვის, რომელიც მცდარი წარმოდგენის თანახმად, თითქოს ნავთობით იყო მდიდარი. ხშირად მას ლა-გუერა-დე-ლა-სედს (La Guerra de la Sed — წყურვილის ომი) უწოდებენ, რაც ლიტერატურულად მომდინარეობს ნახევრად უდაბნო ჩაკოსთვის ბრძოლიდან. ეს ომი ყველაზე სისხლიანი სამხედრო კონფლიქტი იყო მათ შორის, რაც კი XX საუკუნეში სამხრეთ ამერიკაში მომხდარა. ომი სამხრეთ ამერიკის ორ უღარიბეს ქვეყანას შორის მიმდინარეობდა, რომლებსაც წარსულში, XIX საუკუნეში მეზობლებთან ომის დროს უკვე ჰქონდათ ტერიტორიები დაკარგული. ომის დროს, ორივე ქვეყანა არმიის შენახვისა და მომარაგების პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, რაც განპირობებული იყო მათი ზღვაზე გასასვლელის არქონით, რის შედეგადაც მათი საგარეო ვაჭრობა და შეიარაღების შესყიდვა მეზობლების კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული. საგარეო ვაჭრობის პრობლემების წინაშე განსაკუთრებით ბოლივია აღმოჩნდა, რადგან მას მწირი საერთაშორისო კავშირები გააჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლივიას სამთო-მომპოვებითი სფეროდან მეტი შემოსავლები და უკეთ აღჭურვილი არმია ჰყავდა ვიდრე პარაგვაის, ფაქტორების მთელი სერიის წყალობით, უპირატესობა სწორედ პარაგვაის მხარეს გადაიხარა, რომელიც ომის დამთავრებისას სადავო ტერიტორიის უდიდეს ნაწილს აკონტროლებდა და საბოლოოდ, სამშვიდობო ხელშეკრულებების მიხედვით, მას სადავო ტერიტორიის ერთი მესამედი ერგო.