ალექსი ჩხენკელი (ფრანგ. Alexis Tchenkeli; დ. 12 ივნისი, 1905 – გ. 1985) — ქართველი ემიგრანტი, ინჟინერი, ჟურნალისტი; მეორე მსოფლიო ომის პერიოდში სამხედრო ოფიცერი საფრანგეთის სამსახურში.

დაიბადა ქართველ სოციალ-დემოკრატთა ერთ-ერთი ლიდერის, აკაკი ჩხენკელის ოჯახში. 1921 წლიდან ოჯახთან ერთად ემიგრაციაში იყო. 1925 წელს დაამთავრა სენ-სირის სამხედრო სკოლა და ლეიტენანტის წოდებით ჩაირიცხა საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში. მსახურობდა მაროკოში, ალჟირსა და ინდოჩინეთში. მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში, 1939–40 წლებში ალექსი ჩხენკელი საიდუმლო მისიით მიავლინეს ნორვეგიაში. იქიდან ჩრდილოეთ აფრიკაში დაბრუნდა. მონაწილეობდა ნარვიკის ოპერაციაში. საფრანგეთის დამარცხების შემდეგ საფრანგეთი დატოვა და ლონდონში „თავისუფალი საფრანგეთის შეიარაღებულ ძალებს“ შეუერთდა. 1942 წელს მონაწილეობდა ბრძოლებში ეგვიპტესა და ლიბიაში; შემდეგ მოკავშირე ოფიცრად იყო მივლინებული ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) არმიაში. 1943 წლის ზაფხულში მონაწილეობდა სადესანტო ოპერაციებში კორსიკაზე და იტალიაში, შემდეგ საფრანგეთის გათავისუფლებაში, მეთაურობდა მე–5 დივიზიონს. პირადი თხოვნის საფუძველზე იგი ჩარიცხეს უცხოური ლეგიონის გაერთიანებულ პოლკში. ომის დასასრულს მიენიჭა საფრანგეთის არმიის ლეიტენანტ-კოლონელის წოდება და დაინიშნა ლიბიაში განლაგებული ბრიგადის მეთაურად. 1945 წელს პარიზში სამხედრო სამინისტროს განკარგულებაში გადავიდა. 1946 წელს დანიშნეს მოკავშირეთა წარმომადგენლად კუბაზე და იუგოსლავიაში, ხოლო შემდეგ გერმანიაში. დაჯილდოებული იყო საპატიო ლეგიონის ორდენით, სამხედრო ჯვრით, ამერიკული და ბრიტანული მედლებით.

1952 წელს ჩხენკელი საცხოვრებლად გადავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ–იორკში, სადაც დაინიშნა თავისუფალ ფრანგულ ძალთა პრეზიდენტად და მოღვაწეობდა, როგორც სამოქალაქო ინჟინერი. როგორც ამერიკაში ქართული სათვისტომოს გამგეობის წევრი, აქტიურად მონაწილეობდა ემიგრაციის პოლიტიკურ საქმიანობაში. იყო ქართველთა წარმომადგენელი იყო „ბოლშევიზმისაგან გათავისუფლების ამერიკულ კომიტეტსა“ (ანტიბოლშევიკური ბლოკი) და „ანტიკომუნისტურ ინტერნაციონალში“, 1952-55 წლებში ნიუ–იორკში შექმნილი „ქართველთა დემოკრატიული კავშირისა“ და „ქართველთა ეროვნული ერთობის“ წევრი. 1953 წლიდან მიუნხენში რაჟდენ არსენიძის თაოსნობით შექმნილი რადიო „თავისუფლების“ ქართული რედაქციის ნიუ-იორკელი კორესპონდენტი. თანამშრომლობდა ქართულ ემიგრანტულ პრესასთანაც. იყო ინგლისურენოვანი ჟურნალის, „თავისუფალი საქართველოს ხმის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი.

ალექსი ჩხენკელი გარდაიცვალა 1985 წელს, საფრანგეთში, 80 წლის ასაკში. დაკრძალულია ლევილის სასაფლაოზე. ჰყავდა მეუღლე, ქეთევან ვაჩნაძე და ორი შვილი — გივი და თამარ ჩხენკელები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • დაუშვილი, რუსუდან. ალექსი ჩხენკელი // საქართველო-დასავლეთი : ნარკვევები სამხედრო ურთიერთობათა ისტრიიდან / რ. დაუშვილი, შ. უტიაშვილი. - თბ., 2012. - გვ.160–161.
  • ნიკოლაძე ფრ. უცხოური ლეგიონის მეომრები; ალექსი ჩხენკელი // ქართველები საფრანგეთისთვის ბრძოლებში: 1939-1945 წლები / ფრანსუაზ და რევაზ ნიკოლაძეები.-[თბ.], [2009].– გვ. 41–42.
  • ურუშაძე, ლევან. ქართველები ევროპის ჯარში - საფრანგეთი: ალექსი ჩხენკელი // ევროპა და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია / ლევან ურუშაძე. - თბილისი, 2005. - გვ. 33–34.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • ალექსი ჩხენკელი. ქართველები უცხოეთში: ბიოგრაფიები და მოღვაწეობა (საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა)