ლადო ალექსი-მესხიშვილი

(გადამისამართდა გვერდიდან ალექსი-მესხიშვილი, ვლადიმერ (ლადო))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი (მრავალმნიშვნელოვანი).

ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი, ლადო მესხიშვილი (დ. 28 თებერვალი [ძვ. სტ. 16 თებერვალი], 1857, თბილისი – გ. 24 ნოემბერი, 1920, იქვე) — ქართველი მსახიობი და რეჟისორი. რესპუბლიკის სახალხო არტისტი (წოდება მიენიჭა გარდაცვალების შემდეგ, 1930 წელს).

ლადო ალექსი-მესხიშვილი
დაბადების სახელი ლადო ალექსი-მესხიშვილი
დაბადების თარიღი 28 თებერვალი, 1857
თბილისი
გარდაცვალების თარიღი 24 ნოემბერი, 1920 (63 წლის)
თბილისი
საქმიანობა მსახიობი, რეჟისორი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა სამხედრო ექიმის — სარდიონ ალექსი-მესხიშვილის ოჯახში. სწავლობდა თბილისის ერთ-ერთ კერძო პანსიონში, შემდეგ მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. ავადმყოფობის გამო უნივერსიტეტი ვერ დაამთავრა, სამშობლოში დაბრუნდა და მასწავლებლად დაიწყო მუშაობა თელავის ქალთა სასწავლებელში. აქ სამ წელიწადს იმსახურა, პარალელურად მონაწილეობდა რუს სცენისმოყვარეთა სპექტაკლებში. 1881 წელს შევიდა თბილისის ქართულ დრამატულ დასში. 1887–1890 წლებში კი რუსულ სცენაზე გამოდიოდა. 1890–1896 ხელმძღვანელობდა თბილისის, 1897–1906 — ქუთაისის დრამატულ დასებს. 1905 წელს ალექსი-მესხიშვილი მხარს უჭერდა სახალხო ბრძოლას, თვითონაც იბრძოდა ბარიკადებზე, მიტინგებზე რევოლუციურ ლექსებს კითხულობდა. ტირანიისა და სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავდა მისი დადგმებიც: ვინჩენცო მონტის „გაიუს გრაკქუსი“ და გერჰარტ ჰაუპტმანის „ფეიქრები“, რომლებშიც ალექსი-მესხიშვილი თვითონვე ასრულებდა მთავარ როლებს. 1906–1910, 1915–1920 ლადო ალექსი-მესხიშვილი რუსულ ენაზე მოღვაწეობდა (1907 მოსკოვის სამხატვრო თეატრში).

1910–1914 იგი სათავეში ედგა თბილისის, 1914–1915ქუთაისის თეატრებს. 1913 წელს აღინიშნა მისი სასცენო მოღვაწეობის 35 წლის იუბილე. ალექსი-მესხიშვილის გმირები ებრძოდნენ უსამართლობას, ექომაგებოდნენ ჩაგრულებს, იღვწოდნენ კაცობრიობის ნათელი მომავლისათვის. ამ გმირებს იგი წარმოსახავდა რომანტიკული მგზნებარებით, პოეტური აღმაფრენით. მისი უმნიშვნელოვანესი როლებია: ლევან ხიმშიაშვილი (გიორგი ერისთავის „სამშობლო“), გაიოზ ფაღავა (ვალერიან გუნიას „და-ძმა“), სულეიმანი (ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი“), ჰამლეტი (უილიამ შექსპირის „ჰამლეტი“), ურიელ აკოსტა (კარლ გუცკოვის „ურიელ აკოსტა“), კეისარი (უილიამ შექსპირის „იულიუს კეისარი“), ფრანც და კარლ მოორები (ფრიდრიხ შილერის „ყაჩაღები“), რუი ბლაზი ( ვიქტორ ჰიუგოს „რუი ბლაზი“).

საინტერესოა ალექსი-მესხიშვილის მიერ შექმნილი კომედიური და სახასიათო სახეებიც: რასპლუევი (ალექსანდრე სუხოვო-კობილინის „კრეჩინსკის ქორწინება“), გოროდნიჩი (ნიკოლოზ გოგოლის „რევიზორი“) და სხვა. დადგმული აქვს 100-ზე მეტი პიესა, ქართული სცენის მრავალი ოსტატი გამოზარდა. ალექსი-მესხიშვილმა ქართული სცენისათვის არაერთი დრამატული ნაწარმოები თარგმნა. 1916–1918 წლებში რუსეთში ყოფნის დროს გადაიღეს კინოფილმებში „მამები და შვილები“, „შურისძიების ღმერთი“ და სხვა.

ალექსი-მესხიშვილის სახელი აქვს მინიჭებული ქუთაისის დრამატულ თეატრს (1940). თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 302.
  • გოგიტიძე გ., „ქართული კინოს წარსულიდან“, საგა, 2013. — გვ. 161-170, ISBN 978-9941-0-5910-0.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 36, თბ., 1994
  • ბურთიკაშვილი ა., ლადო მესხიშვილი, თბ., 1962
  • ნარიმანოვი ზ., ორი სეზონი მესხიშვილთან, თბ., 1957
  • ფაღავა ა., ლადო მესხიშვილი, თბ., 1957
  • ზურაბიშვილი ი., ოთხი პორტრეტი, თბ., 1949

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება