ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმი
ვიკიპედიელთა მოსაზრებით ეს სტატია ან სექცია უნდა შეერწყას სტატიას/სექციას სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმი (განხილვა). |
ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმი — მხარედმცოდნეობის მუზეუმი, ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლი (ყაზბეგის ქუჩა N 10). დაარსდა 1934 წელს ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწე ტიციან ტაბიძის თაოსნობით, რომლის დირექტორიც იყო 1937 წლამდე. 1935 წლის 30 ივნისს მოხდა მუზეუმის შენობის საზეიმო გახსნა.[1][2] მუზეუმი განთავსებულია ალექსანდრე ყაზბეგის სახლში. შენობა ორსართულიანია. ნაგებია ნატეხი ქვით. პირველ სართულზე ექვსი ოთახია, მეორეზე — ოთხი. ოთახების საერთო ფართობი 357 კვადრატული მეტრია. სართულები შიგნით ერთმანეთს უკავშირდება ხის კიბით. გარეთ ქვის კიბეა. შენობა გადახურულია თუნუქით (ადრე ბანიანი იყო). სახლი 1848 წელს განუახლებია ალექსანდრე ყაზბეგის მამას, მიხეილს.
მუზეუმში ოთხი განყოფილებაა: ისტორიულ-ეთნოგრაფიული, ბუნების, ალექსანდრე ყაზბეგის ცხოვრებისა და შემოქმედების, თანამედროვე პერიოდი. მუზეუმში დაცულია მწერლის მემორიალური ნივთები: საწერი მაგიდა, აკვანი, საწოლი, კარადა, ბუფეტი, სკამები; გამოფენილია მოხევეთა ყოფა-ცხოვრების ამსახველი ისტორიული დოკუმენტები, ეთნოგრაფიული და სოფელ სიონში აღმოჩენილი არქეოლოგიური ექსპონატები, საწარმო „ანდეზიტის“ მუშაობის ამსახველი მასალა. მუზეუმში დაცულია ხმალი, რომელიც, გადმოცემით, ალექსანდრე პუშკინს უსახსოვრებია მანანა ორბელიანისათვის. აგრეთვე, ა. გეგეჭკორის პირადი ნივთები: ხელჯოხი, ყაბალახი, კალამი და სხვა. მუზეუმში არის ბიბლიოთეკა (1200 ცალი წიგნი).
შენობაზე მიმაგრებულია მარმარილოს დაფა წარწერით:
„„ამ სახლში დაიბადა გამოჩენილი ქართველი მწერალი ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი. 1848 წ. (20) I. აქვე გაატარა მან ბავშვობა და ყრმობა“.“
|
მუზეუმს აქვს ფილიალი — იაგორ კაზალიკაშვილის სახელობის მთამსვლელობის მუზეუმი.
ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმიდან 5 მეტრზე დგას სამხედრო და საზოგადო მოღვაწის გიორგი ყაზბეგის სახლი. აშენებულია ქვით. ერთსართულიანია, სვეტებიანი. შემკულია ჩუქურთმებით. შენობაში სხვასასხვა ზომის ექვსი ოთახია, რომლებიც ამჟამად მუზეუმის ფონდსაცავია.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 435.