ალექსანდრე სულხანიშვილი (სამხედრო პირი)
ალექსანდრე (საშა) კონსტანტინეს ძე სულხანიშვილი (დ. 1896, სოფ. აწყური, ახლანდ. ახმეტის მუნიციპალიტეტი, — გ. 6 ნოემბერი, 1990, თბილისი) — ქართველი სამხედრო პირი, პოლიტიკური ემიგრანტი, მემუარისტი.
1916 წლიდან მსახურობდა რუსეთის იმპერიის ჯარში, ქართულ „დრუჟინაში“, 1918-1921 წლებში — საქართველოს ეროვნულ ჯარში. 1922-1924 წლებში იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილის „შეფიცულთა რაზმის“ წევრი, მონაწილეობდა ანტისაბჭოთა პარტიზანულ მოძრაობაში და 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში. აჯანყების დამარცხების შემდეგ ჩოლოყაშვილთან ერთად საქართველო დატოვა. სხვადასხვა დროს ცხოვრობდა საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. მუშაობდა ხელოსნად, ტაქსის მძღოლად, იახტების მშენებლად. ერთი პერიოდი იყო ამერიკის ქართული სათვისტომოს აქტიური წევრი. სიცოცხლის ბოლო წლებში კალიფორნიაში, სან–ფრანცისკოში ცხოვრობდა. 1990 წლის 19 ოქტომბერს 94 წლის სულხანიშვილი ჟურნალისტ პაატა ნაცვლიშვილის დახმარებით თბილისში ჩამოვიდა. საქართველოს დაუბრუნა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ხმალ–სატევარი და მისივე ეროვნული დროშა (ამჟამად დაცულია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში). მძიმედ ავადმყოფი, დაბრუნებიდან 18 დღეში გარდაიცვალა. დაკრძალეს მშობლიური სოფლის — აწყურის თეთრი გიორგის ეკლესიის გალავანში.
ალექსანდრე სულხანიშვილი ავტორია პუბლიცისტური და მემუარული ხასიათის თხზულებებისა: „ხმა სიმართლისა: წითლების მოქმედება ნიუიორკის ქართულ სათვისტომოში“ (მიუნხენი, 1962, სტ. არჩილ მეტრეველისა); „მოგონებანი შეფიცულთა რაზმზე, 1922–1924“ (სან–ფრანცისკო, 1981); „რა ხდებოდა მეტეხის ციხეში ქართველებს შორის 1923 და 1924 წლებში და ილიას მკვლელობის სინამდვილე“ (სან–ფრანცისკო, 1985); „ჩემი პასუხი ჟორდანიას მემკვიდრეებს“ (სან-ფრანცისკო, 1987); „შეფიცულთა რაზმის ცხოვრება საფრანგეთში 1924 წ. ნოემბრიდან“ (სან–ფრანცისკო, 1987). მისი პირადი არქივი დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში. სულხანიშვილის სახელი მინიჭებული აქვს სოფელ აწყურის ცენტრალურ ქუჩას.[1]
ლიტერატურა
რედაქტირება- ალექსანდრე სულხანიშვილის მიმოწერიდან : (ახალი მასალები ქართული ემიგრაციის ისტორიისათვის) / პუბლიკაცია მოამზადა, შესავალი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ლალი ცომაიამ // ქართული ემიგრაცია : (კრებული). - 2020-2021. – N9. - გვ. 145-176.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ალექსანდრე სულხანიშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ალექსანდრე (საშა) სულხანიშვილი. ქშწკგს პროსოპოგრაფია (პირის ID: 20680). პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი).
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება № 25, 2022 წლის 7 სექტემბერი. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“.