ალექსანდრე დადიშქელიანი
ალექსანდრე (ბექირბი) ციოყის ძე დედიშქელიანი (დ. 1828, სოფელი ფარი, ახლანდელი მესტიის მუნიციპალიტეტი — გ. 1887, ეკატერინოსლავის გუბერნიის მელიტოპოლის მაზრა, რუსეთი) — რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1874), ტოპოგრაფი, გეოგრაფი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაციოყ დადიშქელიანის ძე. დაამთავრა პეტერბურგის თავადაზნაურთა სამხედრო სასწავლებელი და მიიღო ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში ოფიცრის ჩინი. 1843 წელს დადიშქელიანი ხანგრძლივი შვებულებით სვანეთში დაბრუნდა და უფროს ძმასთან — კონსტანტინესთან ერთად ჩუბეხევის სამფლობელოს განაგებდა. 1857 წელს კონსტანტინემ მოკლა ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი ალექსანდრე გაგარინი, ამის გამო ალექსანდრე დადიშქელიანი ირკუტსკში გადაასახლეს. თავდაპირველად იგი ბაიკალის კაზაკთა ცხენოსან ლეგიონში მსახურობდა, შემდეგ აღმოსავლეთ ციმბირის გენერალ-გუბერნატორის ნიკოლოზ მურავიოვ-ამურსკის ადიუტანტი იყო.
გადასახლებაში ყოფნის დროს ეწეოდა მეცნიერულ მუშაობას. 1880-1884 წლებში იყო კორეაში. მას ეკუთვნის ამურის მხარის გეოგრაფიული აღწერა და კორეის გეოგრაფიული-პოლიტიკური მიმოხილვა. დადიშქელიანი მეცნიერულმა გამოკვლევებმა მაღალი შეფასება მიიღო და დაიმსახურა მთავრობის ჯილდოები: წმინდა ანას, წმინდა სტანისლავისა და წმინდა ვლადიმირის სხვადასხვა ხარისხის ორდენები.
ლიტერატურა
რედაქტირება- გასვიანი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 331.
- გასვიანი გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 257.
- ავალიანი გ., რუსი და ქართველი ხალხების საბრძოლო თანამეგობრობის ისტორიიდან, თბ., 1967;
- ზარდალიშვილი გ., გამოჩენილი ქართველი გეოგრაფები და მოგზაურები, თბ., 1966;
- Гогитидзе М., Военная элита Кавказа, I, Тб., 2007.