ალბერტი (ინგლ. Lake Albert) — ტბა აღმოსავლეთ აფრიკაში, უგანდასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. მდებარეობს ცენტრალური აფრიკის გრაბენის ფარგლებში, ტექტონიკურ ღრმულში, ზღვის დონიდან 615 მ სიმაღლეზე. ფართობი — 5300 კმ², მაქსიმალური სიღრმე — 58 მ. ტბაში ჩაედინება მდინარეები სემლიკი და თეთრი ნილოსი, გამოედინება ალბერტ-ნილოსი. ნაპირები სუსტად არის დანაწევრებული; მეტწილად ციცაბოა; ფსკერი ბრტყელია. საშუალო წლიური ტემპერატურა შეადგენს 26 °C-ს, ატმოსფერული ნალექების რაოდენობა საშუალოდ 864-1016 მმ წელიწადში. გეოლოგიური თვალსაზრისით მოქცეულია ალბერტინის რიფტულ ხეობაში. წარმოადგენს მდინარე ნილოსის ზემო დინების წყალსატევების რთული სისტემის ნაწილს. უხვადაა თევზი, რომელთაგან აღსანიშნავია ნილოსის ქორჭილა. მთავარი ნავსადგურებია ბუტიაბა და კასენი.

ალბერტი
ინგლ. Lake Albert
ალბერტის სატელიტური სურათი
ალბერტის სატელიტური სურათი
კოორდინატები: 1°41′ ჩ. გ. 30°55′ ა. გ. / 1.683° ჩ. გ. 30.917° ა. გ. / 1.683; 30.917
მდებარეობა უგანდის დროშა უგანდა
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
სიმაღლე ზღვის დონიდან 615 
სიგრძე 160 კმ
სიგანე 30 კმ
ფართობი 5300 კმ²
საშუალო სიღრმე 25 
მაქსიმალური სიღრმე 58 
ალბერტი — უგანდა
ალბერტი
ალბერტი — კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
ალბერტი

ალბერტის ტბა 1864 წელს აღმოაჩინა ინგლისელმა მკვლევარმა სემიუელ უაით ბეიკერმა. სახელი ეწოდა ინგლისის დედოფალ ვიქტორიას მეუღლის პატივსაცემად. უგანდაში ეწოდება ნიანცის ტბა.

1973 წელს ზაირისა და უგანდის პრეზიდენტების ურთიერთმოლაპარაკების შედეგად და აგრეთვე მეგობრობის ნიშნად ტბას ზაირის პრეზიდენტის — მობუტუს სახელის მიხედვით ეწოდა მობუტუ-სესე-სეკო. 1997 წლიდან კვლავ ალბერტი ეწოდება.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება