გრაბენი
გრაბენი — დედამიწის ქერქის დაძირული უბანი, რომელიც მომიჯნავე, შედარებით აზევებული მონაკვეთებისაგან განცალკევებულია ნასხლეტებითა და იშვიათად, შესხლეტვებით. როგორც წესი გრაბენს ართულებს მსხვილი თაღისებური აზევება. წარმოიქმნება დედამიწის ქერქის ბლოკის აქტიური დაძირვისა და მომიჯნავე უბნის აზევების შედეგად. გეგმაში ჩვეულებრივ აქვს წაგრძელებული მოხაზულობა.[1]
მისი სიგრძე რამდენიმე ასეული კმ-ია, ხოლო სიგანე მრავალი ათეული კმ. ნასხლეტით გამოყოფილი გრაბენი წარმოიქმნება აქტიური დაძირვის შედეგად, ხოლო მსხვილი ჰორსტი ართულებს შესხლეტვებით შემოზღუდულ გრაბენს. მსხვილ გრაბენს რიფტი ეწოდება. ახალგაზრდა მსხვილი გრაბენი დედამიწის ზედაპირის რელიეფში გამოხატულია ღრმულებისა და მდინარეთა ხეობების სახით.[2]
პირვანდელი განსაზღვრებით იგი განიხილებოდა როგორც სუბპარალელურ ნასხლეტებს შორის დაძირული დედამიწის ქერქის წაგრძელებული ბლოკი, მოგვიანებით, ასეთი ცნება უფრო ფართოდ გაიშალა: ნაწევებით შემოზღუდულ გრაბენს ნაწევისპირა გრაბენი, ხოლო ციცაბო შესხლეტვებიანს რამპული გრაბენი ეწოდა. ამასთან, გრაბენი მთლიანობაში განისაზღვრება უპირველესად, რიფტულ ზონებში, ანტიკლინების თაღზე განვითარებული ჰორიზონტული გაჭიმვის სტრუქტურა, რომელშიც ცენტრალური ბლოკი დაწეულია.[3]
აგლეჯილი საფარველის, გადაწეული ბლოკების უკანა მხარესა და აგრეთვე ოროგენების თაღზე წარმოიქმება ოროგენის ღერძული ზონის გრაბენი. თანამედროვე რიფტოგენეზის არეალში ტროგისებრი გრაბენი რიტმულად ენაცვლება ჰორსტებს, რითაც განაპირობებს აუზებისა და ქედების სტრუქტურას. ჰორსტები და გრაბენები ხშირად ერთმანეთის მიყოლებით ფართოდაა გავრცელებული დედამიწაზე.[3]
სიდიდით მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ აფრიკის რიფტული სისტემა, რომელმაც განვითარება მიოცენის დასაწყისში, 22–25 მლნ. წლის წინ დაიწყო.[4] აღსანიშნავია აგრეთვე ბაიკალის რიფტული ზონა, რომლის ცენტრალურ ნაწილში ჩამდგარია მსოფლიოს უღრმესი ტბა ბაიკალი (1642 მ).[5]
გეგმაში არსებული ხაზობრივი როფი, რომელიც ერთი მხრიდან ნასხლეტით, ხოლო მეორე მხრიდან ფლექსურის ფუძითაა შემოზღუდული ნახევრად გრაბენის სახელწოდებით არის ცნობილი.[6]
გრაბენი გავრცელებულია დედამიწის მიღმაც. მარსზე, ვენერასა და მთვარეზე გვხვდება ეგრეთ წოდებული „ვიწრო გრაბენები“, რომელთა ტიპური სიგანეა 2–5 კმ, ხოლო სიგრძე ასეული და ათასეული კმ.[7]
„გრაბენი“ გერმანული ენიდან ნასესხები სიტყვაა, რომელიც ნიშნავს „ღრმულს“, „თხრილს“. ტერმინი პირველად გეოლოგიურ კონტექსტში გამოიყენა ავსტრიელმა გეოლოგმა ედუარდ ზიუსმა 1883 წელს.[8]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Michael Allaby (ed.), Dictionary of Geology and Earth Sciences. Fourth Edition, Oxford University Press, 2013
- ↑ Encyclopedia of Geomorphology. Edited by A.S. Goudie. Volume 1, A–I. 2004.
- ↑ 3.0 3.1 Всероссийский научно-исследовательский геологический институт
- ↑ Ebinger, Cynthia (April 2005). "Continental break-up: The East African perspective". Astronomy and Geophysics. 46 (2): 2.16–2.21.
- ↑ Lake Baikal - A Touchstone for Global Change and Rift Studies United States Geological Survey
- ↑ M.R. Leeder & R.L. Gawthorpe. Sedimentary models for extensional tilt-block/half-graben basins
- ↑ Golombek, M. P., Structural analysis of lunar graben and the shallow crustalstructure of the Moon, J. Geophys. Res., 84, 4657 – 4666, 1979
- ↑ Joachim Henning Illies. Mechanism of Graben Formation. Elsevier Scientific Publishing Company, 1981