აკაკი წერეთლის გამზირი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ წერეთელი.

აკაკი წერეთლის გამზირი — გამზირი თბილისში, დიდუბის რაიონში (დიდუბე). გიორგი ცაბაძის ქუჩიდან შოთა შალიკაშვილის ხიდამდე. საფუძველი ჩაეყარა შუა საუკუნეებში თბილისის ჩრდილოეთ განაპირა დასახლების, დიდუბის, გაჩენის შემდეგ. XIX საუკუნის 20-იან წლებში აქ გადიოდა გზა ვიურტემბერგელ გერმანელთა დასახლება ალექსანდერდორფამდე და ერქვა „გზა გერმანელთა კოლონიაში“. XIX საუკუნის შუა ხანებში აქ დასახლდნენ მოლოკნები, რომლებიც რუსეთის იმპერიის ცენტრალური რაიონებიდან ჩამოვიდნენ. 1872 წელს, თბილისი–ფოთის რკინიგზის გაყვანის შემდეგ, აქ ქუჩაზე ძირითადად რკინიგზის მუშები დასახლდნენ, შემდეგ — ტრამვაელები. თბილისის 1867 და 1900 წლების გეგმების მიხედვით აკაკი წერეთლის გამზირის დასაწყისი ეჭირა ელისაბედის, ახლანდელი მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩას. ქუჩა თანდათან გაიზარდა ჩრდილოეთით. 30-იან წლებში ბრძოლის ქუჩა დაერქვა (რევოლუციური წარსულის გამო). დატანილია თბილისის 1934 წლის გეგმაზე. დიდუბის ინტენსიური განაშენიანების შედეგად წარმოიქმნა პროსპექტი, რომელსაც 1958 წელს მიენიჭა აკაკი წერეთლის სახელი.

აკაკი წერეთლის გამზირი
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი დიდუბის რაიონი
წინა სახელები გზა გერმანელთა კოლონიაში, ბრძოლის ქუჩა

ეს არის დიდუბის რაიონის ძირითადი მაგისტრალი (სიგრძე დაახლოებით 3,8 კმ), მიემართება მტკვრის პარალელურად და უერთდება შოთა შალიკაშვილის (ყოფილი დიდუბის) ხიდს, რომელიც ამ რაიონს აკავშირებს დიღომთან. 60-იან წლებში დაიწყო გამზირის გაფართოება-რეკონსტრუქცია. ძირითადად განაშენიანებულია რვასართულიანი საცხოვრებელი სახლებით. გამზირზეა სააქციო საზოგადოება „თბილქალაქმშენი“, შპს „სამთო ქიმია“, შპს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, ეროვნული სტადიონი [XX საუკუნის 30-იანი წლები, არქიტექტორი არჩილ ქურდიანი, არქიტ. ნ. გრინევსკის მონაწილეობით. რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 1976 (არქიტექტორები: ა. და გ. ქურდიანები. კონსტრუქტორი შ. გაზაშვილი) და 2006 წელს (არქიტექტორები: გ. და ა. ქურდიანები)], დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესია, ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი, საგამოფენო ცენტრის — „ექსპოჯორჯიის“ პავილიონები, მძლეოსნობის სასახლე (1979, არქიტექტორები: მ. ლიპარტელიანი, მ. ჩხენკელი, რ. ჯანაშია). გამზირზე დგას აკაკი წერეთლის ძეგლი (მოქანდაკე ბ. ავალიშვილი, არქიტექტორი ოთარ ლითანიშვილი), სკულპტურული კომპოზიცია „გონების აღმაფრენა“ (მოქანდაკე ლ. მამალაძე). გამოდის მეტროს სადგურები „წერეთელი“, „დიდუბე“.

ლიტერატურა

რედაქტირება