აკაკი გიორგაძე

ქართველი სამხედრო მოღვაწე, პოლკის კომისარი

აკაკი გიორგაძე (დ. 19 მაისი, 1905 — გ. 27 დეკემბერი, 1941) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, პოლკის კომისარი. გმირულად დაიღუპა მეორე მსოფლიო ომში, ქერჩისთვის ბრძოლაში. მხედრული მამაცობისთვის სიკვდილის შემდეგ მიენიჭა ლენინის ორდენი.

აკაკი გიორგაძე
ეროვნება ქართველი
დაბადების თარიღი 19 მაისი, 1905
დაბადების ადგილი ვანი, ქუთაისის მაზრა
გარდაცვალების თარიღი 27 დეკემბერი, 1941
გარდაცვალების ადგილი ქერჩი, ყირიმის ასსრ, რუსეთის სფსრ
ჯარის სახეობა წითელი არმია
სამხედრო სამსახურის წლები 1924-1941
წოდება პოლკის კომისარი
ბრძოლები/ომები მეორე მსოფლიო ომი
ჯილდოები ლენინის ორდენი მხედრული მამაცობისთვის

ბიოგრაფია და კარიერა

რედაქტირება

ადრეული წლები

რედაქტირება

აკაკი გიორგაძე 1905 წლის 19 მაისს დაიბადა ქუთაისის მაზრის სოფელ ზედა ციხესულორში (ამჟამინდელი ქალაქი ვანი), კონსტანტინე (კოწია) გიორგაძის და კალისტინე ბურკაძის ოჯახში. 1924 წელს გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში, რომლის დასრულების შემდეგაც იგი ზემსახურად დარჩა არმიაში.

გარკვეული პერიოდის გავლის შემდეგ, რის განმავლობაშიც გიორგაძე აქტიურად ეუფლებოდა სამხედრო ტექნიკასა და გადიოდა თეორიულ სამხედრო კურსს, იგი გაგზავნეს ერთ-ერთი პოლკის ქვედანაყოფში პოლიტხელის თანამდებობაზე. სხვადასხვა დროს მუშაობდა უფროს პოლიტხელად, წითელარმიული კლუბის უფროსად, დივიზიის პოლიტგანყოფილებაში უფროს ინსტრუქტორად.

1940 წელს აკაკი გიორგაძე ბატალიონის კომისარი გახდა, იმავე წელს დაიწყო სწავლა ლენინგრადის სამხედრო აკადემიაში დაუსწრებლად.

სამამულო ომი

რედაქტირება

1941 წელს მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე აკაკი გიორგაძე დაინიშნა ახლადშექმნილი 224-ე მსროლელი დივიზიის 143-ე მსროლელი პოლკის კომისრად. დივიზია თავდაპირველად 51-ე არმიას დაუქვემდებარეს და ომის პირველივე დღეებიდან აქტიურად ჩაერთო ბრძოლაში. 1941 წლის ბოლოს დივიზიას დაევალა ყირიმის ასსრ-ს გერმანელებისგან განთავისუფლება, მას ტამანის ნახევარკუნძულიდან უნდა გადაელახა სრუტე და ქერჩის ნახევარკუნძულზე გადაესხა დესანტი, რომელიც უნდა დაძრულიყო სევასტოპოლის მიმართულებით, რომელიც გერმანელთა 11-ე არმიის მიერ ალყაში იყო მოქცეული, გზად კი გერმანელების მიერ დაკავებული ყველა ქალაქი უნდა გაენთავისუფლებინა.

საქართველოში დისლოცირებული დივიზია სრული შემადგენლობით დაიძრა მისიის შესასრულებლად. შენაერთი კრასნოდარის სიახლოვეს, სოფელ სტანიცა სლავიანსკაიაში დაბანაკდა, სადაც მებრძოლებმა სათანადო საჭურველი, იარაღი, თბილი ტანსაცმელი მიიღეს. ქვედანაყოფები შეივსო მძიმე საჰაუბიცო, საველე და ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხებით. მიმდინარეობდა ტაქტიკური მეცადინეობები, სხვადასხვა სახეობის ჯარებს შორის ურთიერთმოქმედების დამუშავება, პრაქტიკული ვარჯიში სროლაში.

დეკემბრის მეორე ნახევარში დივიზია მთელი შემადგენლობით დაიძრა ქალაქ ტემრიუკისაკენ. გზად მებრძოლები არ წყვეტდნენ ვარჯიშს და სპეცმომზადებას, მეთაურების მიერ ხდებოდა მებრძოლების გადარჩევა და სადესანტო ავანგარდების შექმნა, რომელიც განსაკუთრებით რთული დავალებების შესრულებისთვის იყო განკუთვნილი. შეიქმნა 143-ე, 160-ე და 185-ე პოლკების სპეციალური ათასეულები, რომლებმაც შემდგომ სადესანტო ოპერაციებში გადამწყვეტი როლი შეასრულეს. 143-ე პოლკში სპეციალური დაჯგუფებების დაკომპლექტება-მომზადებას ხელმძღვანელობდა კომისარი გიორგაძე.

1941 წლის 25 დეკემბრის ღამით ტემრიუკის ნავსადგურიდან გავიდნენ აზოვის სამხედრო ფლოტილიის გემები და სადესანტო ნავები. დესანტის შემადგენლობაში იყო გემი „ეისკი“, რომელზეც იმყოფებოდა 224-ე დივიზიის 143-ე პოლკის ორი ათასეული და საარტილერიო დივიზია ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხებით. მეორე უსახელო პატარა გემში მოთავსებული იყო ამ პოლკის ერთი ასეული და სხვადასხვა სპეციალური ქვეგანაყოფები. დესანტთან ერთად იმყოფებოდნენ პოლკის მეთაურები, კომისრები ლევკოვიჩი და გიორგაძე, მათ ნავსადგურიდან გამოსვლის შემდეგ გახსნეს საიდუმლო პაკეტი, სადაც იყო ბრძანება სადესანტო ოპერაციების გზებისა და დასახული საბრძოლო ამოცანის შესახებ.

რამდენიმე საათში აზოვის სამხედრო ფლოტილიამ ტემრიუკიდან ჩრდილო-დასავლეთით 40 კილომეტრზე მდებარე პატარა ნავსადგურ კუჩუგურიდან სხვა ნაწილებთან ერთად წაიყვანა 224-ე დივიზიის 185-ე პოლკის ორი ათასეული. ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხებისა და ნაღმსატყორცნების დივიზიონი.

26 დეკემბერს გამთენიისას ესკადრილია ქერჩის ნახევარკუნძულს მიუახლოვდა, თუმცა ისინი გერმანელებმა მალევე შეამჩნიეს და საჰაერო თავდასხმა მიიტანეს მათზე, ნაპირთან მეტად მიახლოებისას კი ნაღმსატყორცნები და ტყვიამფრქვევები ჩართეს ბრძოლაში. მიუხედავად წარმოუდგენელი წინააღმდეგობისა ესკადრილიამ არ დაიხია უკან და გემები მიუახლოვდნენ სოფელ ბულგანაკის მიმდებარედ ხრონის კონცხს, სადაც ზღვაში პირველი გადაეშვა 143-ე პოლკის ერთი ოცეული, რომელმაც მიაღწია ნაპირს და დიდი ბრძოლებით დაიკავა პლაცდარმი. 224-ე დივიზიის სხვადასხვა ნაწილებმა, 83-ე საზღვაო ბრიგადის ქვედანაყოფებთან ერთად თანდათანობით ხელთ იგდეს ახლომახლო მიდამოები და პლაცდარმის გაფართოებას შეუდგნენ. ნაპირზე გერმანელ ფაშისტებთან ხელჩართული ბრძოლები გაჩაღდა. გერმანელებმა ვერ გაუძლეს სადესანტო ჯარების გამძაფრებულ იერიშებს და უკან დაიხიეს.

ნაპირზე გამაგრების შემდეგ საბჭოთა ჯარები ქალაქ ქერჩის განსათავისუფლებლად დაიძრენ, თუმცა გერმანელებმა მოახერხეს ნახევარკუნძულის დასავლეთ ნაწილიდან ძალების მობილიზება და საბჭოთა ჯართან დიდი რიცხობრივი უპირატესობის შექმნა. გიორგაძე იძულებული გახდა მოეწყო თავდაცა ქვეითი ჯარის მიერ და ისე მოეგერიებინა მტრის ჭარბი ძალების შემოტევა. ორ დღიანი ბრძოლების შემდეგ, სადაც საბჭოთა ჯარმა მეტად დიდი დანაკლისი განიცადა, მათ მოახერხეს და შეინარჩუნეს თავდაცვითი ზღუდე, ორი დღის შემდეგ კი მოულოდნელი შეტევა განახორციელეს და მტრის მიერ მოწყობილი ორი თავდაცვითი ხაზი გაარღვიეს.

27 დეკემბერს ქერჩის მისადგომებთან, სოფელ ბულგანაკთან, ქალაქის დაკავებისთვის გადამწყვეტი შეტევის დროს, გმირულად დაიღუპა აკაკი გიორგაძე, ის სიცოცხლის ბოლო წუთამდე გამოირჩეოდა განსაკუთრებული სიმამაცით, მეთაურისთვის დამახასიათებელი შემართებითა და სამაგალითო მოქმედებებით, მიუხედავად იმისა, რომ ის ბრძოლისას ცალ ხელში სასკდომი ტყვიით დაიჭრა და ფაქტობრივად დაკარგა ხელი, მაინც დარჩა პოზიციაზე, იბრძოდა, მეთაურობდა ჯარს და ამხნევებდა მებრძოლებს. მასთან ერთად დაიღუპა პოლკისა და მთლიანად დივიზიის შემადგენლობის დიდი ნაწილი, თუმცა 28 დეკემბერს ღამით, საბჭოთა ჯარებმა შევსება მიიღეს და 30 დეკემბერს, გერმანელების მიერ ნახევრად გადამწვარი და განადგურებული ქალაქი ქერჩი დაიკავეს.

აღიარებები და ჯილდოები

რედაქტირება

აკაკი გიორგაძის გამორჩეულმა სამხედრო მოღვაწეობამ და მისმა გმირულმა თავდადებამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა სამამულო ომის მონაწილეებში და მთლიანად სამხედრო წრეებში, ახლადდაწყებულ ომში ეს იყო ერთ-ერთი პირველი და გამორჩეული გმირობის ფაქტი. მებრძოლებში შეიქმნა უამრავი ლექსი და სიმღერა გიორგაძეზე, რომლებიც საბჭოთა ჯარის ქართულ ნაწილებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. პოეტმა რევაზ მარგიანმა, რომელიც იბრძოდა სამამულო ომში, დაწერა ბალადა „კომისარი გიორგაძე“, რომელიც ქერჩში ჯიბის ბუკლეტის სახით დაიბეჭდა და უფასოდ გავრცელდა ჯარისკაცებში. კომისარს, რომელმაც დივიზიის რიგებში უდიდესი დრო გაატარა აჭარაში, ლექსი მიუძღვნა ბათუმელმა პოეტმა ნესტორ მალაზონიამ, რომელზეც სიმღერა შეიქმნა აჭარის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის მიერ და მათი რეპერტუარის ნაწილი გახდა.

სიკვდილის შემდეგ აკაკი გიორგაძეს მიენიჭა ლენინის ორდენი მხედრული მამაცობისთვის, მოგვიანებით ნეშტი გადმოასვენეს ქერჩის ძმათა სასაფლაოზე. მისი საგმირო საქმეების ამსახველი მასალები შემონახულია ქერჩის სამხედრო და ბათუმის ისტორიულ მუზეუმებში. უამრავი ნარკვევი და პუბლიკაცია დაიბეჭდა გაზეთებში: „პრავდა“, „იზვესტია“, „კრასნაია ზვეზდა“, „კრასნიფლოტ“, „კომუნისტი“, „სოფლის ცხოვრება“, „განთიადი“. გიორგაძის სახელი მიენიჭა ვანში იმ ქუჩას, სადაც იგი დაიბადა და გაიზარდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურა

რედაქტირება