აიაქსი ამსტერდამი (საფეხბურთო კლუბი)

(გადამისამართდა გვერდიდან აიაქსი (ამსტერდამი))

აიაქსინიდერლანდების პროფესიონალური საფეხბურთო კლუბია ქალაქ ამსტერდამიდან. დაარსდა 1900 წლის 18 მარტს ჰან დადეს, ფლორის სტემპელის და კარელ რესერის მიერ. გუნდი ფეიენოორდთან და პსვ-სთან ერთად შედის ქვეყნის უძლიერეს სამეულში, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში დომინირებენ ეროვნულ ჩემპიონატში.

აიაქსი
ლოგო
სრული სახელი Amsterdamsche Football Club Ajax
მეტსახელი Godenzonen (ღმერთის შვილები)
Joden (ებრაელები)
დაარსდა 18 მარტი, 1900
სტადიონი ამსტერდამ არენა (Amsterdam ArenA),
ამსტერდამი, ნიდერლანდები
(ტევადობა: 52 960 მაყურებელი[1])
პრეზიდენტი ნიდერლანდების დროშა ური კორონელი
ლიგა ერედივიზია
2022-23 მე-3
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა

2011-2013 წლებში აიაქსმა ზედიზედ სამჯერ მოიგო ერედივიზია. აიაქსი არის ერთ-ერთი იმ სამი გუნდიდან რომელთაც მოპოვებული აქვთ ე.წ. საფეხბურთო „დიდი მუზარადი“ — ჩემპიონთა ლიგა ან თასი, უეფას თასი და თასების თასი.

1900 - 1914 ანტიკური აიაქსი

რედაქტირება

ამსტერდამში, კალვერსტრატზე მდებარეობს დიდი სუპერმარკეტი „Frame”, სადაც იყიდება უამრავი დისკები, კომპიუტერული თამაშები და ძნელად წარმოსადგენია, რომ 1900 წელს სწორედ ამ შენობაში დაიწყო დიდი გუნდის დიდი ისტორია.

1900 წლის 14 მარტს ვინმე ფლორის სტემპელმა გაუგზავნა თავის მეგობრებს შემდეგი შინაარსის წერილი: „კვირას 9 საათსა და 15 წუთზე გთხოვთ მობრძანდეთ კაფე-ბარ „ოსტ ინდიაში“, რომელიც მდებარეობს კალვესტრატის ქუჩაზე 2 ნომერში, რათა ვიმსჯელოთ ახალი საფეხბურთო კლუბის დაარსებაზე“. ოთხი დღის შემდეგ, 1900 წლის 18 მარტს სტემპელი ოფიციალურად გახდა ამსტერდამის „აიაქსის“ პირველი თავმჯდომარე, ხოლო მისი მეგობრები ჰაან დადე და კარელ რეიზერი შევიდნენ კლუბის მმართველობაში. მაშინ მათ ალბათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ XX საუკუნის ბოლოს ამსტერდამის „აიაქსი“ გახდებოდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდი.

„აიაქსის“ პირველი სათამაშო მოედანი მდებარეობდა ბუიკსლოტერჰამის რაიონში. გუნდში შემდეგი ფეხბურთელები ჩაირიცხნენ: კისტი, ჰარბორდი, დიიქსტრა, ბროკმანი, ხოლსტი, ჰერტელი, პასტენინგი, სტალმანი, გეისლერი, მარტარე და ვან დერ ლაანი. პირველი ოფიციალური შეხვედრა გუნდმა ჩაატარა „DOSB“ - ის წინააღმდეგ და დასრულდა ამსტერდამელთა გამარჯვებით 2:1. გოლები გაიტანეს ჰერტელმა და გეისლერმა. „აიაქსის“ პირველმა სეზონმა მოიტანა მოგება 4 გულდენი და 31 ცენტი.

1902 წელს „აიაქსი“ ამსტერდამის ლიგიდან გადავიდა დასავლეთ ჰოლანდიის რეგიონალურ ლიგაში, ხოლო 1910 წელს მოხვდა უკვე პირველ დასავლეთ ზონაში. სწორედ ამ წელს დაერქვა ოფიციალურად გუნდს „Amsterdamsche Football Club Ajax“ - AFC Ajax. იმავე სეზონში გუნდში გაჩნდა პირველი ოფიციალური მწვრთნელი - ირლანდიელი ჯონ კირვანი.

„აიაქსი“ ძალზედ სწრაფად ჩამოყალიბდა კარგად ორგანიზებულ კლუბად. 1907 წელს გუნდი გადავიდა მიდენვეგში, სადაც 4 წლის შემდეგ აშენებული იქნა პირველი სტადიონი თავისი ტრიბუნებითა და გასახდელებით. ე.წ. „ხის სტადიონზე“ ეტეოდა დაახლოებით 10 000 მაყურებელი. რადიკალური ცვლილებები განიცადა ფორმამაც. საუკუნის პირველ ათწლეულში გუნდი თამაშობდა წითელ და თეთრზოლიან მაისურებში (ანალოგიური ფორმით თამაშობს დღესაც როტერდამის „სპარტა“). საარქივო მასალის მიხედვით ფეხბურთელებს ეცვათ მუქი გეტრები. ხოლო 1911 წელს ამსტერდამული კლუბი უკვე შეიმოსა ყველასათვის ნაცნობი მაისურებით.

1915 - 1949 ჯეკ რეინოლდის ერა

რედაქტირება

1918 წელს, პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ქვეყანა უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფებოდა. მიუხედავად ამისა ქვეყნის პირველობა მაინც ტარდებოდა და სწორედ ამ წელს გახდა ამსტერდამის „აიაქსმა“ პირველად ჰოლანდიის ჩემპიონატის გამარჯვებული. ერთი წლის შემდეგ გუნდმა კვლავ გაიმარჯვა შიდა პირველობაში. აღსანიშნავია, რომ ეს სეზონი „აიაქსმა“ ჩაამთავრა წაგების გარეშე. ამაში უდიდესი ღვაწლი მიუძღოდა გუნდის ახალ მწვრთნელს ინგლისელ ჯეკ რეინოლდს. რეინოლდში იყო უნიკალური პიროვნება ჰოლანდიური ფეხბურთის ისტორიაში. ხელმძღვანელობდა ამსტერდამულ გრანდს 27 წლის განმავლობაში და ამ პერიოდში მოაგებინა 8 ჩემპიონატი. თავისი ჰოლანდიური კარიერის განმავლობაში იგი მხოლოდ 3 წელი ედგა სათავეში სხვა გუნდს „ბლაუ ვიტი“ და 5 წელი გაატარა გერმანელების კონცბანაკში მეორე მსოფლიო ომის დროს. ჯეკ რეინოლდსამდე „აიაქსი“ ითვლებოდა ერთ-ერთ ჩვეულებრივ ჰოლანდიურ გუნდად. ხოლო მისი მოსვლის შემდეგ (1915 წელი) „აიაქსი“ გახდა ჰოლანდიური ფეხბურთის მედროშე და აღიარებული ლიდერი. ჯეკ რეინოლდსი გამოირჩეოდა მტკიცე ხასიათი და იყო ძალზედ მომთხოვნი. სწორედ მან აღმოაჩინა და აჩუქა საფეხბურთო სამყაროს შემდგომში ჰოლანდიის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი და ლეგენდარული მწვრთნელი რინუს მიხელსი. 1919 წელს რეინოლდსი გახდა ჰოლანდიის ნაკრების პირველი ოფიციალური მწვრთნელი.

ჯეკ რეინოლდსი გარკვეულწილად უსწრებდა დროს. მისი საფეხბურთო ფილოსოფია ქმნიდა სწორედ ფუნდამენტს იმისა, რომ ამსტერდამის „აიაქსი“ მომავალში გამხდარიყო უდიდესი გრანდი. „აიაქსის“ ფილოსოფია თავიდანვე მდგომარეობდა შემდეგში: შეტევა, ტექნიკა და სისწრაფე. ჯეკ რეინოლდსი იყო პირველი, ვინც აქტიურად იყენებდა ფლანგის თავდამსხმელებს (ვინგერებს). სწორედ ეს გახდა მომავალში გუნდის სავიზიტო ბარათი და სახელი „აიაქსი“ გახადა შემტევი ფეხბურთის სინონიმად. ჯეკ რეინოლდსი გარდაიცვალა 1962 წელს და „აიაქსის“ სტადიონის „დე მეერი“ ყველაზე დიდ ტრიბუნას დაერქვა უდიდესი მწვრთნელის სახელი.

ძველი პერიოდის „აიაქსში“ და მთელს ჰოლანდიაში ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი იყო ვიმ ანდერსენი, რომელიც გამოდიოდა 1925-1940 წლებში. მან ჩაატარა ეროვნულ ნაკრებში 46 მატჩი. მასთან ერთად გუნდმა დაიმკვიდრა დიდი რეპუტაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთაც. მეორე ცნობილი „აიაქსელი“ იყო პიტ ვან რეინენი. სწორედ იგი ითვლება „აიაქსის“ სკოლის ერთ-ერთ პირველ გამოშვებად. ის იცავდა გუნდის ღირსებას 1929-1942 წლებში. პიტმა „აიაქსის“ რიგებში ჩაატარა 235 მატჩი და გაიტანა 272 გოლი. 1932 წელს ვან რეიენმა „ვეენდამთან“ თამაშში გაიტანა 7 გოლი. მარადიული დაპირისპირება - 1922 წლის 9 ოქტომბერს „აიაქსი“ სათამაშოდ ჩავიდა როტერდამში, სადაც უნდა გამართულიყო ჩემპიონატის კალენდარული მატჩი „ფეინოორდთან“. ამსტერდამელებმა გაიმარჯვეს ანგარიშით 3:2. თუმცა ტამაშის შემდეგ როტერდამელებმა გაასაჩივრეს მატჩის შედეგი. ისინი აპელირებდნენ იმაზე, რომ მესამე გოლი არ უნდა ჩათვლილიყო, ვინაიდან ბურთს კარის ხაზი არ გადაუკვეთავს. ჰოლანდიის ფეხბურთის ასოციაციამ დააკმაყოფილა მათი საჩივარი, გაუუქმა „აიაქსს“ მოგება და დააფიქსირა ფრე 2:2. ამსტერდამელები ძალიან დიდი ხანი არპოტესტებდნენ ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ ამაოდ. განმეორებითი თამაში „აიაქსმა“ 2:0 დაამარცხდა როტერდამელები, მაგრამ იმ წელს ჰოლანდიის ჩემპიონი გახდა „ფეინოორდი“, გაუსწრო რა ამსტერდამელებს სწორედ იმ 1 ქულით, რომელიც დააქკელს 9 ოქტომბერს „აიაქსს“ და მიუმატეს „ფეინოორდს“. სწორედ აქედან იწყება ის მარადიული დაპირისპირება ამ ორ გუნდსა და მათ ფანებს შორის, რომელსაც ალბათ არასოდეს ექნება დასასრული.

1950 - 1965 პროფესიონალიზმი და საერთაშორისო სარბიელი

რედაქტირება

1950 წლის ზაფხულში, როდესაც კლუბი ზეიმობდა თავის 50 წლის იუბილეს მოხდა მეტად მნიშვნელოვანი რაღაც, რომელმაც საბოლოოდ შეცვალა ხედვა ფეხბურთისადმი მთელს ჰოლანდიაში. გუნდის ერთ-ერთი ლიდერმა კორ ვან დერ ჰაარტმა მოაწერა საფეხბურთო კონტრაქტს ხელი ფრანგულ ლილთან და მას დაუნიშნეს ხელფასი. შემდეგი იყო „აიაქსის“ კაპიტანი იოპ სტოფელენი, რომელიც გადავიდა პარიზულ „რასინგში“. ცოტა ხანში თითქმის მთელი ჰოლანდიის ნაკრები წავიდა საზღვარგარეთ. ჰოლანდიის საფეხბურთო ასოციაცა ხვდებოდა, რომ ეს შეუქცევადი პროცესი დაღუპავდა ჰოლანდიურ ფეხბურთს და სწრაფად უნდა ემოქმედა სიტუაციის გამოსასწორებლად. თუმცა იმ პერიოდში ქვეყანაში არსებული სტერეოტიპების გადამკიდე, ფულის გადახდა იმაში, რომ კვირაობით ადამიანებს ფეხბურთი ეთამაშათ წარმოუდგენელი იყო. დისკუსიები გაიწელა რამდენიმე წლის განმავლობაში და ამან გამოიწვია დიდი რეგრესი ჰოლანდიურ ფეხბურთში. კლუბების დიდი ნაწილი კატეგორიულად მოითხოვდა, რომ ქვეყანაში დაკანონებულიყო პროფესიონალის სტატუსი. „აიაქსი“ მმართველობა თავდაპირველად ეწინააღმდეგებოდა ამას. 1954 წელს კლუბის წევრების სხდომაზე გადაწყდა, რომ აუცილებელი იყო პროფესიონალურ რელსებზე გადასვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელი იყო ჰოლანდიური ფეხბურთი ამით ბევრს წააგებდა. ამ პერიოდში KNVB (ჰოლანდიის სამეფოს საფეხბურთო ასოციაცია)-სთან ერთად შეიქმნა NBVB (ჰოლანდიის პროფესიონალური ფეხბურთის ასოციაცია). მათ შორის მოლაპარაკება ჩიხში შევიდა და 1954 წელს სტარტი აიღო ერთდროულად ორმა ჩემპიონატამა. იანვრის ბოლოს როგორც იქნა შედგა შეთანხმება და ორივე ლიგა გაერთიანდა. 1956-1957 წლებში შეიქმნა ახალი საფეხბურთო ლიგა, რომელსა დაერქვა სახელი „საპატიო ლიგა“ (Eredivisie). შეიქმნა ერთიანი სტრუქტურა, რომლის ძირითადი პრინციპები და დებულებები დღემდე უცვლელია.

ამავე წელს დაფიქსირდა ერთი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი: თავისი საფეხბურთო კარიერა დაიწყო ლეგენდარულმა მარჯვენა ვინგერმა ჟააკ სვარტმა. ის ატარებს ტიტულს „Mister Ajax”. სვარტმა „აიაქსის“ შემადგენლობაში ჩაატარა 603 ოფიციალური შეხვედრა და გაიტანა 228 გოლი. მას შემდეგ რაც პროფესიონალური ფეხბურთი გახდა ნორმალური მოვლენა მთელი ევროპისთვის, გაჩნდა საერთაშორისო ტურნირების იდეა. 1957 წელს ამსტერდამის „აიაქსი“ ქვეყნის ჩემპიონის რანგში პირველად ჩაება ჩემპიონთა თასის გათამაშებაში. პირველ რაუნდში გუნდი შეხვდა კარლ მარქს შტადტის „ვისმუტს“ და დაამარცხა ორივე თამაშში ანგარიშით 3:1, 1:0. მეორე ტურში „აიაქსმა“ ვერაფერი გააწყო ბუდაპეშტის „ვაშაშთან“ და გამოეთიშა ორთაბრძოლას.

60-იანი წლების დასაწყისიდან ამსტერდამის „აიაქსში“ დაიწყო აშკარა რეგრესი. გუნდმა ნელ-ნელა დათმო მოწინავე პოზიციები. 1962-1963 წლების სეზონში კლუბმა მოახერხა და დაიკავა მეორე ადგილი ეროვნულ ჩემპიონატში. შემდეგ წელს „აიაქსი“ გავიდა მეხუთე პოზიციაზე. ხოლო 1964-1965 გუნდის სეზონის შედეგები იყო ყველაზე ცუდი არსებობის ისტორიაში - მეცამეტე ადგილი თქვსმეტგუნდიან ლიგაში და თასიდან გამოვარდნა სამოყვარულო გუნდთან წაგების შემდეგ. ბედის ირონიით ამ ურთულეს პერიოდში „აიაქსში“ მოვიდა 17 წლის გამხდარი ბიჭი, რომელიც ცხოვრობდა სტადიონის პირდაპირ, ხოლო დედამისი მუშაობდა დამლაგებლად „დე მეერზე“. 1964 წლის 24 ოქტომბერს შედგა მისი დებიუტი „GVAV“ - ის წინააღმდეგ. აიაქსმა წააგო ის შეხვედრა ანგარიშით 1:3. ერთადერთი გოლი გაიტანა იოჰან კრუიფმა. იმავე პერიოდში საშინელი შედეგების გამო გუნდიდან გაუშვეს მთავარი მწვრთნელი ბიკ ბაკინგემი. 1965 წლის იანვარში მისი ადგილი დაიკავა „აიაქსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა რინუს მიხელსმა. სათავე დაედო ოქროს „აიაქსის“ მშენებლობას.

1966 - 1970 გზა დიდებისკენ

რედაქტირება

„ნისლიანი მატჩი“ - უთხარით ეს ორი სიტყვა „აიაქსის“ ნებისმიერ გულშემატკივარს და მასთან იმთავითვე გამონახავთ საერთო ენას. „ნისლიანმა მატჩმა“ გუნდის ფანებს მისცა იმედი და რწმენა. მას შემდეგ მიხვდნენ ამსტერდამელები, რომ მათ ყავთ არა უბრალოდ კარგი გუნდი, არამედ ერთ-ერთი საუკეთესო ევროპაში.

1966 წლის 7 დეკემბერს „აიაქსი“ ჩემპიონთა თასის მეორე რაუნდში ეთამაშება „ლივერპულს“. „ამსტერდამის ოლიმპიურ სტადიონზე“ 55 000 ათასი გულშემატკივარი ესწრება ამ დაპირისპირებას, თუმცა ისინი ვერაფერს ვერ ხედავენ, ვერაფერს ვერ არკვევენ. ჰოლანდიის დედაქალაქში ჩამოწოლილია დიდი ნისლი. იტალიელი მსაჯი სბარდელა ამბობს, რომ ის ხედავს ორივე კარებს. გუნდების ფეხბურთელები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, მაგრამ მსაჯი კატეგორიული წინააღმდეგია თამაშის გადადების. მაყურებელთა მონათხრობიდან მათ ესმოდათ მხოლოდ ფეხბურთელთა ყვირილი და რეაქცია. მხოლოდ ლივერპულის კარების უკან მსხდომი ფანები ამჩნევდნენ ალაგ-ალაგ ბურთს. 90 წუთის შემდეგ ნისლიდან გამოვიდა სრულიად სხვა, ტრანსფორმირებული გუნდი. „აიაქსი“ იყო ბრწყინვალე და მან გაანადგურა „ლივერპული“ ანგარიშით 5:1. განმეორებითი შეხვედრა დასრულდა 2:2. ორივე გოლი გაიტანა იოჰან კრუიფმა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, ამ თამაშის შემდეგ დაისადგურა საყოველთაო რწმენამ, რომ ეს „სხვა“ გუნდი უკვე მზად იყო დაეპყრო ევროპა. ეს თამაში იყო ოქროს „აიაქსის“ პრელუდია.

იოჰან კრუიფი, მარცხენა ვინგერი პიტ კაიზერი, მცველები ბარი ჰულჰოფი, რუუდ კროლი და ვიმ სუურბიერი, ნახევარმცველი ჯერი მიურენი - ყველა მათგანს დებიუტი „აიაქსის“ შემადგენლობაში ჰქონდა 60-იანი წლების ბოლოსკენ. პირველ სამ სეზონში რინუს მიხელსმა სამჯერ მოიგო ეროვნული პირველობა. შემდეგი ნაბიჯი იყო ევროპის ჩემპიონთა თასი. 1969 წელს „აიაქსი“ გავიდა ამ გათამაშების ფინალში. გზად მან ჩამოიცილა „ნიურნბერგი“, „ფენერბახჩე“, „ბენფიკა“ და ტრნავას „სპარტაკი“. თუმცა ფინალში გამოჩნდა, რომ იმ დროინდელი „მილანთან“ ჯერ კიდევ ცოტა უფრო მსხვილი კალიბრის გუნდი იყო. ათასობით ამსტერდამელი შეიკრიბა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ და ........ ნახა საკუთარი გუნდის დამარცხება 1:4. ოდისეა ჩემპიონთა თასზე „აიაქსს“ დაუჯდა ეროვნულ ჩემპიონატში მარცხი. იმ წელს ჩემპიონი გახდა როტერდამის „ფეინოორდი“. შესაბამისად მათ მოიპოვეს უფლებაც შემდეგ წელს ყველაზე დიდი საკლუბო ტურნირზე გასვლისა. 1970 წელს როტერდამელებმა მოიგეს ევროპის ჩემპიონთა თასი. პირველი ჰოლანდიური გუნდი, რომელმაც მოიგო ყველაზე პრესტიჟული თასი ევროპაში შეიქმნა „ფეინოორდი“. ეს იყო დიდი დარტყმა „აიაქსისთვის“, თუმცა სულ უფრო ცოტა დრო რჩებოდა ტრიუმფამდე.

1971 - 1974 ოქროს აიაქსი

რედაქტირება

1971 წლის 2 ივნისი. „აიაქსის“ წინაშე იდგა უალტერნატივო ამოცანა - „უემბლი“. სასწორზე იდო „აიაქსის“ და ამსტერდამის ღირსება. მეორე ფინალის წაგება და „ფეინოორდის“ დაფიქსირება ერთადერთ ჰოლანდიურ გუნდად, რომელმაც მოიგო ჩემპიონთა თასი იყო დაუშვებელი. გუნდი განიცდიდა ძალიან დიდ ფსიქოლოგიურ ზეწოლას. თუმცა მიუხედავად ყველაფრისა „აიაქსმა“ ბრწყინვალედ შეასრულა დასახული მიზანი და ფინალში დაამარცხა ათენის „პანათინაიკოსი“ ანგარიშით 2:0. თამაშის მეორე დღეს თასი უკვე წარმოდგენილი იყო ლეინდსპლეინზე და მთელი ქალაქი ზეიმობდა ამ უდიდეს წარმატებას. ამ ტრიუმფის შემდეგ „ბარსელონაში“ წავიდა ლეგენდარული რინუს მიხელსი, მაგრამ მის მიერ გაწეულმა შეუფასებელმა სამუშაომ შედეგები მას შემდეგაც გამოიღო. „აიაქსში“ მოვიდა შტეფან კოვაჩი. მას პრინციპში ერთადერთი მისია ჰქონდა - არ შეეშალა ხელი ამ ბრწყინვალე კოლექტივისთვის. შედეგად: ორი ევროპის ჩემპიონთა თასი და ორი ჰოლანდიის ჩემპიონის ტიტული.

1971-1972 წლის სეზონი ითვლება „აიაქსის“ ისტორიაში საუკეთესოდ. ბედის ირონიით ამაში მცირედი წვლილი შეიტანა „დე კუიპმა“. 1972 წლის 15 აპრილს რორედამში განადგურებული იქნა ადგილობრივი ფეინოორდი ანგარიშით 5:1. ეს იყო იმდენად შთამბეჭდავი სპექტაკლი ამსტერდამელთა შესრულებით, რომ „ფეინოორდის“ არსებობის ისტორიაში მხოლოდ ერთხელ წამოდგა ფეხზე „დე კუიპი“ და ადგილობრივმა პუბლიკამ დაუსრულებელი აპლოდისმენტებით გააცილა ამსტერამელები მოდნიდან. ხოლო ერთი თვის შემდეგ გუნდმა მეორედ მოიგო ჩემპიონთა თასი. ფინალი გაიმართა ისევ და ისევ „დე კუიპზე“, თუმცა ამჯერად სტადიონზე როტერდამელები არ იყვნენ. „აიაქსმა“ დაამარცხა მილანის „ინტერი“ ანგარიშით 2:0. ამავე წელს დაფიქსირდა შემდეგი შედეგი „აიაქსი“ – „ვიტესი“ 12:1. ოთხი გოლი გაიტანა იოჰან კრუიფმა და ჰეთ-თრიკი შეასრულა იოჰან ნეესკენმა. ეს არის „აიაქსის“ ყველაზე მსხვილი მოგება ეროვნულ ჩემპიონატში.

ერთი წლის შემდეგ 1:0 ტურინის „იუვენტუსის“ დამარცხება ჩემპიონთა ლიგის ფინალში უკვე ჩვეულებრივ ამბად აღიქმებოდა. ფინალამდე ამსტერდამელებმა ტურნირს გამოთიშეს მიუნხენი „ბაიერნი“, მადრიდის „რეალი“. ამის შემდგომ მოგებულ იქნა ევროპის სუპერთასი. ეს იყო ახლად შემოღებული გათამაშება, რომელშიც „აიაქსმა“ ორ რაუნდიან ბრძოლაში დაამარცხა შოტლანდიური „გლაზგო რეინჯერსი“.

ერთადერთი ტროფეი, რომელიც აკლდა ამსტერდამულ გუნდს, ეს იყო საკონტინტთაშორისო თასი. 1972 წელს პირველი თამაში გაიმართა ბუენოს - აირეში და ევროპელთა მეტოქე იყო „ინდენპენდიენტე“. მატჩი დასრულდა ანგარიშით 1:1. გოლი გაიტანა იოჰან კრუიფმა, ხოლო 20 წუთის შემდეგ იგი დაამტვრიეს. აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდში სამხრეთ ამერიკული გუნდები არ ერიდებოდნენ „ბინძურ თამაშს“. განმეორებითი შეხვედრა „აიაქსმა“ მოიგო 3:0 და დაეუფლა ამ თასს.

ამ ბრწყინვალე სეზონების შემდეგ ნელ-ნელა უკვე აშკარა გახდა, რომ „აიაქსი“ დაკარგავდა თავის ლიდერებს. მდიდარმა ევროპულმა გუნდებმა დაიწყეს ვარსკვლავების გადმობირება. ტრანსფერების სიაში რაღა თქმა პირველ ადგილზე იდგა ლეგენდარული იოჰან კრუიფი. მან ფეხბურთელის რანგში „აიაქსის“ შემადგენლობაში ჩაატარა 240 შეხვედრა და გაიტანა 190 გოლი. 1974 წელს კრუიფი შეუერთდა რინუს მიხელსს „ბარსელონაში“ და უდიდესი წვლილი შეიტანა ამ გუნდის წარმატებებში როგორც ფეხბურთელის, ასევე მწვრთნელი რანგში. „აიაქსი“ ნელ-ნელა დაცარიელდა და კლუბმა სისხლხორციელად შეიგრძნო მწარე რეალობა: „ რაც უფრო მაღლა ადიხარ, მით უფრო მტკივნეულია დაცემა“.

რინუს მიხელსი და ტოტალური ფეხბურთი

რედაქტირება

ტოტალური ფეხბურთი - 70 - იანი წლების დასაწყისში საფეხბურთო სამყაროში ადგილი ჰქონდა აშკარა კრიზისს. სამხრეთ ამერიკული ფეხბურთმა იმ დროისათვის ამოწურა თავისი რესურსი. ასევე სერიოზული პრობლემები ჰქონდათ ევროპელებსაც. მსოფლიო ფეხბურთს აშკარად სჭირდებოდა რაღაც რევოლუციური ძვრები, რომელიც ახალ პრინციპებსა და ხედვას დანერგავდა. სწორედ ამ პერიოდში რინუს მიხელსის ხელმძღვანელობით ჰოლანდიამ მსოფლიოს შესთავაზა ტოტალური ფეხბურთი, რომელმაც თავდაყირა დააყენა მთელი სტერეოტიპები და ზოგადად უდიდესი გავლენა იქონია მომავლზე. ტოტალურმა ფეხბურთმა სათავე დაუდო ახალ ერას და რინუს მიხელსის საფეხბურთო ფილოსოფიის საფუძვლებზე დღემდე იზრდებიან თანამედროვე ფეხბურთის ბრწყინვალე სპეციალისტები. ტოტალური ფებურთის საფუძვლები აწმყოში და დიდი ლბათობით მომავალშიც არის და იქნება ძირითადი საფეხბურთო სახელმძღვანელო.

ტოტალური ფეხბურთის ძირითადი არსი მდგომარეობდა იმაში, რომ შექმნილიყო კოლექტივი, რომელის ყოველ წევრს შეეძლებოდა ნებისმიერ მომენტში საჭიროებისამებრ გაეცვალა ერთმანეთისთვის ფუნქციონალური როლი მოედანზე. უნივერსალურ მოთამაშეთა ნაკრები, სადაც ყველა ფეხბურთელს შეეძლებოდა როგორც თავდაცვითი, აგრეთვე შეტევითი ფუნქციების შესრულება. თამაშის მიმდინარეობისას თითოეული ფეხბურთელი განუწყვეტლივ იღებს ფაქტობრივ ან არაპირდაპირ მონაწილეობას გუნდის ყოველ მოქმდებაში.

საერთო სტრატეგია მდგომარეობდა შემდეგში: გუნდი იწყებდა თამაშს 1-4-3-3 ტაქტიკით, მაგრამ თამაშის მსვლელობისას ეს პირვანდელი მონახაზი გადადიოდა ეგრეთ წოდებულ „ ორგანიზებულ ქაოსში“, სადაც გადაადგილება და ურთიერთქმედებები ხორციელდებოდა, როგორც ხაზებში, ასევე ხაზებს შორისაც. ხდებოდა განუწყვეტელი მანევრირება ბურთით, უბურთოდ და მეთოდურად ხდებოდა მეტოქის დაცვის ხაზების გარღვევა. ბურთით მყოფ ფეხბურთელს ჰქონდა უდიდესი არჩევანი პარტნიორის მონახვისა შეტევის შემდგომი გაგრძელების. კარგად არის აწყობილი თამაში როგორც დაცვაში, ასევე თავდასხმაში. ჰოლანდიელები გრძნობდნენ თამაშის არითმიას და მომენტალურად გადადიოდნენ პოზიციური შეტევიდან უსწრაფეს თავბრუდამხვევ ტემპზე და პირიქით.

როგორც წესი, შეტევით ოპერაციებში მონაწილეობას იღებდა 8 – 9 ფეხბურთელი. მანევრირება ხდება ძირითადად მაღალ სისწრაფეებზე. შეტევის წარმატებით განხორციელებას უზრუნველყოფდა: დროული გადაცემები, თავისუფალ სივრცეზე გასვლა, თავდამსხმელების სისტემატიური გადაადგილება, რათა გახსნილიყო დერეფნები ნახევარმცველებისა და მცველების შეტევის წინა ხაზზე სწრაფი შეჭრისთვის. ფაქტობრივად შეტევით ოპერაციებში მონაწილეობდა მთელი გუნდი სტოპერიდან დაწყებული ცენტრფორვარდით დამთავრებული. შეტევა იყო როგორც ფეთქებადი ხასიათის, აგრეთვე პოზიციური და გუნდის გადაწყობა ხდებოდა მომენტალურად. გუნდის შეტევის დროს მანძილი ბოლო ფეხბურთელსა და უკიდურესად წინ მყოფ ფეხბურთელს შორის არასოდეს არ აღემატებოდა ნახევარ მოედანს, ხოლო უაღრესად მობილური დაცვის ხარჯზე კონტრშეტევების დიდი უმრავლესობა მთავრდებოდა თამაშგარე მდგომარეობით.

თვადაცვაში მონაწილეობას იღებდა აბსოლუტურად მთელი გუნდი. ცენტრალური თავდამსხელიდან დაწყებული მეკარით დამთავრებული, რაც საშუალებას იძლეოდა, რომ ბურთიან მოწინააღმდეგესთან ყოველთვის მომენტალურად ჩნდებოდა 2 – 3 ჰოლანდიელი. მოწინააღმდგეს გადასალახი ჰქონდა სამი დაცვითი ზღუდე. დაცვის სწრაფი გადაადგილების შედეგად ძალიან მარტვად ხვდებოდნენ თამაშგარე მდგომარეობაში მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელები.

ამსტერდამის „აიაქსის“ ყველა ფეხბურთელი მეკარის გარდა თამაშის ბოლომდე ასწრებდა ეთამაშა თითქმის ყველა პოზიციაზე. პრინციპი მდგომარეობდა შემდეგში: თითოეული ფეხბურთელი მოქმედებს იქ, რა სტატიკურ პოზიციაზეც აღმოჩნდა ბურთის დაუფლების მომენტში. ასეთი სახით წარმოგვიდგა მაშინდელი ჰოლანდია: ტოტალური ფეხბურთი — „ორგანიზებული ქაოსი“.

ასეთი იყო იმდროინდელი „აიაქსი“

1975 - 1985 ბნელი წლები

რედაქტირება

„აიაქსის“ ყოფილი მარცხენა ვინგერი ია მიულდერი წერდა: „ მე ვიყავი იმ თაობის წევრი, რომელმაც ასწავლა გუნდს წაგება“. ის მოვიდა 1973 წელს — წავიდა კრუიფი, წაყვა ნეესკენსი. გუნდი ფაქტობრივად დაიშალა. თუმცა აქამდე 1974 წელს „მიუნხენის ოლიმპიურ სტადიონზე“ მთელი საფეხბურთე სამყარო ელოდა ამ უბრწყინვალესი თაობის გამარჯვებების გვირგვინს. მაშინდელი ჰოლანდიის ნაკრები ძირითადად სწორედ „აიაქსის“ ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული. ნაკრებს სათავეში ედგა რინუს მიხელსი. „ტოტალური ფეხბურთის“ ზეიმი არ შედგა.

„აიაქსის“ ბოლო წარმატება იყო ევროპის სუპერთასი. გუნდმა ფინალში დაამარცხა „მილანი“ ანგარიშით 6:0. თუმცა უკვე ჩანდა, რომ ეს იყო ინერციული სვლა. ზედიზედ სამი წლის განმავლობაში გუნდი შიდა პირველობაზე გადიოდა მესამე ადგილზე, ხოლო ევრო ტურნირებს ძირითადად ასრულებდა ზამთრის შესვენებამდე. „აიაქსის“ განწყობას პირდაპირი მნიშვნელობით ესადაგებოდა იმ დროინდელი პანკების ერთ-ერთი სლოგანი: „ მომავალი არ არის“. ხოლო ჰოლანდიურ ფეხბურთში წინა პლანზე წამოიწია კვლავ როტერდამის „ფეინოორდი“ და „პსვ ეინდჰოვენი“. ამ წლებში ჩემპიონატის მოგება „აზ-67 ალკმაარმაც“ კი მოახერხა. „აიაქსს“ ღრმად ეძინა.

70-იანი წლების მეორე ნახევარში ჰოლანდიურ ფეხბურთში ჩამოყალიბდა და საშიში სახე მიიღო „საფეხბურთო ხულიგნობამ“. ე.წ. „ნიდერლანდელი ულტრასები“ ევროპაში დამკვიდრდნენ როგორ ყველაზე სასტიკი და მძლავრი დაჯგუფებები. პირველი სერიოზული სიგნალი იყო 1976 წლის 24 ოქტომბრის მატჩი. „დე მეერზე“ ათასამდე უტრეხტელი ხულოგანი ჯაჭვებითა და შტირებით დაერია ადგილობრივ მაყურებლებს. სწორედ აქედან დაიწყო „აიაქსის“ და „უტრეხტის“ მტრობა. ამ მხრივ გამოირჩეოდნენ ასევე როტერდამელები. ამ პერიოდიდან მოყოლებული დღემდე სულ უფრო და უფრო იზრდება ფანატთა გავლენა გუნდებზე და მათ ხელმძღვანელობაზე. რაღა თქმა უნდა „აიაქსიც“ არ ჩამორჩა ამ მოძრაობას.

1970-1980-იანი წლების მიჯნაზე „დე მეერზე“ გაჩნდნენ ახალი გმირები. მარჯვენა ვინგერი ტჩუ ლა ლინგი, მარცხენა თავდამსხმელი საიმონ ტაჰამატა. პერიოდულად გუნდი ახერხებდა ეროვნულ ჩემპიონატში გამარჯვებას, თუმცა მთავარი მიზანი - ევროპული თასები მიუღწეველი იყო. რეალურად 1976-1986 წლებში „აიაქსი“ „ხელწამოსაკვრელ“ გუნდად ითვლებოდა ევროპაში. ყველაზე კარგი მიღწევა ამ პერიოდში იყო 1979-1980 წლებში ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალი.

აღნიშნულ პერიოდში ევროპაში საკმაოდ შეიცვალა სატრანსფერო პოლიტიკა. ყველაფერთან ერთად დაიწყო ჰოლანდიელ ფეხბურთელთა მიგრაცია ევროპის წამყვან ლიგებში. ყოველივე ამან ძალზედ უარყოფითად იმოქმედა ამსტერდამულ გუნდზე. “აიაქსი“ გახდა ნაკლებად ჰოლანდიური გუნდი. დაიწყო ჰოლანდიაში ფეხბურთელთა შემოდინება მეორე ხარისხოვანი ქვეყნებიდან. ამსტერდამელების პირველი სატრანსფერო ნაბიჯები იყო დანიიდან ფრენკ არნესენის, სორენ ლერბიუს და ჰენონგ იენსენის შეძენა. ეს მოხდა 1979 წელს, ხოლო შემდეგ სეზონში იყიდეს იესპერ ოლსენი. მიუხედავად ასეთი სიტუაციისა, გუნდი ძირითადად მაინც დამოკიდებული იყო თავისი სკოლის აღზრდილებზე და „აიაქსის“ ლეგენდარული სკოლაც დაუზარელად ძერწავდა ახალ - ახალ ტალანტებს. 80 - იანი წლების დასაწყისში გამოჩნდნენ სრულიად ახალი სახეები: მცველი სონი სილოი, ნახევარმცველი ჯერალდ ვანენბურგი, მარცხენა ვინგერი ჯონ ვან ტსხიპი და ფრანკ რეიკარდი. ხოლო ვიმ კიფტი პირდაპირ ამსტერდამის ქუჩებიდან აიყვანეს ძირითად გუნდში. მაგრამ უმრავლესობის აზრით ყველაზე დიდ ყურადღებას იმსახურებდა 16 წლის ბავშვი, რომელიც მომავალში უნდა გამხდარიყო მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი, მარკო ვან ბასტენი.

პესიმიზმმა თანდათან გზა დაუთმო ოპტიმიზმს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გუნდში დაბრუნდა იოჰან კრუიფი. „დე მეერზე“ მან ბრწყინვალე გოლი გაუტანა „ჰაარლემს“. მფრინავი ჰოლანდიელის თაოსნობით (იგი იყო გუნდის კაპიტანი) „აიაქსმა“ მოიგო ორი ეროვნული ჩემპიონატი და ორი თასი. ფანები ელოდნენ ტრიუმფს ევროპაშიც, თუმცა გუნდა 1982-1986 წლებში ევროსარბიელზე ვერაფერი მოახერხა. 1983 წელს მოხდა ნამდვილი კატასტროფა გულშემატკივრებისთვის: კლუბის ხელმძღვანელობამ გუნდიდან გაუშვა იოჰან კრუიფი, რომელიც იყო ტრავმირებული იმ პერიოდში და გუნდმა ჩათვალა ზედმეტ ფუფუნებად მისთვის დიდი ხელფასის გადახდა. ამსა მოყვა უმწვავესი რეაქცია ფანების მხრიდან. მხოლოდ პოლიცია ახერხებდა ულტრასების ტრიბუნის („ტრიბუნა F“) დაშოშმინებას. კრუიფი გადავიდა როტერდამის „ფეინოორდში“. დიდი პატივისცემის გამო, მისი ეს ნაბიჯი არ გაუკრიტიკებიათ დიდად, თუმცა „აიაქსიდან“ მოსისხლე მტრის ბანაკში გადასვლა ერთგვარ გაოცებას იწვევდა. მფრინავმა ჰოლანდიელმა როტერდამელთა რიგებში მოიგო ჩემპიონის ტიტული და ამით იძია შური ამსტერდამელთა ხელმძღვანელობასთან. 1984 წელს 37 წლის ასაკში იოჰანი დაასახელეს ჰოლანდიის საუკეთესო ფეხბურთელად.

1984 წლის 3 ოქტომბერს „აიაქსი“ უეფას გათამაშების პირველ ტურში შეხვდა ლუქსემბურგის „რედ ბოიზ დიფერდანჟს“ გასვლაზე. თამაში დასრულდა სკანდალური ანგარიშით 0:0. ფეხბურთელები მოექცნენ კრიტიკის ქარცეცხლში, მაგრამ ეს ლაფსუსი გამოსწორებულ იქნა განმეორებით მატჩში, სადაც დაფიქსირდა „აიაქსის“ ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება ევროტურნირებზე 14:0. ვან ბასტენმა გაიტანა 5 გოლი, ხოლო რონალდ კუმანმა შეასრულა ჰეთ-თრიკი.

1986 - 1988 და კვლავ კრუიფი

რედაქტირება

იოჰან კრუიფი -ყველაზე არაპროგნოზირებადი ადამიანი მსოფლიოში. „აიაქსი“ კიდევ ერთხელ დარწმუნდა ამაში 1985 წელს, როდესაც კრუიფი დაბრუნდა კლუბში მთავარ მწვრთნელად. „იოპს“ სჯეროდა ამ გუნდის და მისი ახალგაზრდული შემართების. მშრალი ათწლეულის შემდეგ ამსტერდამის სიამაყე ფეხზე უნდა წამომდგარიყო.

თავის პირველ სამწვრთნელო სეზონში კრუიფმა მოიგო ნაციონალური თასი და მოიპოვა უფლება ეასპარეზა ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამასებაში. „აიაქსმა“ შეძლო დიდი ხნის პაუზის შემდეგ ევროტურნირის მოგება, დასრულდა 14 წლიანი ლოდინი. და ეს ყველაფერი ისევ დიდი ჰოლანდიელის თაოსნობით, ამჯერად უკვე მწვრთნელის რანგში. გათამაშების პირველ ეტაპზე „აიაქსმა“ უპრობლემოდ დაძლია თურქული „ბურსასპორის“ და ბერძნული „ოლიმპიაკოსის“ ბარიერები. მეოთხედფინალში დამარცხებული იქნა შვედური მალმიო...... ნახევარფინალი - ამსტერდამელებს უკვე აღარც ახსოვდათ ბოლოს როდის იყვნენ იქ. ამ ეტაპზე მათი მეტოქე იყო ესპანური „სარაგოსა“, რომელიც ორი მატჩის ჯამში დაამარცხეს ანგარიშით 3:2 და 3:0. წინ იყო ფინალი, სადაც „აიაქსმა“ მარკო ვან ბასტენის ერთადერთი გოლით დაამარცხა ლაიპციგის „ლოკომოტივი“. ეს იყო ნამდვილი ტრიუმფი ფანებისთვის. თუმცა ეს ზეიმი ჩაშხამდა ერთი უსიამოვნო ინფორმაციით, მილანმა იყიდა ფინალის გმირი მარკო ვან ბასტენი. გოლეადორი დუბლით დაემშვიდობა ამსტერდამს თავის ბოლო მატჩში „დენ ჰააგასა“ წინააღმდეგ და დაიწყო მისი ტრიუმფალური კარიერა მილანის შემადგენლობაში.

შემდეგ სოზენში „აიაქსი“ თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში ისე გავიდა ფინალში, რომ გოლიც არ გაუშვია. თუმცა უკვე ჩანდა, რომ ვან ბასტენის, სონი სილოის და ფრანკ რეიკაარდის წასვლის შემდეგ გუნდს ძალზედ გაუჭირდებოდა. მაგრამ მთავარი პრობლემა გახდა კრუიფის კონფლიქტი ხელმძღვანელობასთან. იოჰანი ითხოვდა ფულს ახალი ფეხბურთელების შესაძენად, რომელიც მან ვერ მიიღო. შესაბამისად 1988 წლის 4 იანვარს იგი გადადგა. მისმა თანაშემწეებმა: ბარი ჰულსხოფმა, სპიცა კონამ და ბობი ჰარმსმა გუნდი კვლავ გაიყვანეს თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში. მოწინააღმდეგე იყო ბელგიური „მეხელინი“, რომელსაც წვრთნიდა ცნობილი ჰოლანდიელი სპეციალისტი ად დე მოოსი. თამაშის მეათე წუთზე წითელი ბარათი მიიღო დენი ბლინდმა. მიუხედავად ამისა „აიაქსი“ მაინც დომინირებდა მთელი თამაშის განმავლობაში, მაგრამ ბელგიელების ჰოლანდიელმა ფორვარდმ პიტ დენ ბურმა გაიტანა ერთადერთი გოლი და „დე მეერელები“ დამარცხდნენ. ამას თან დაერთო ისიც, რომ ფინალის შემდეგ „მეხელენმა“ „აიაქსს“ დასტყუა ფორვარდი ჯონი ბოსმანი. ამით დასრულდა კიდევ ერთი ბრწყინვალე თაობის მოღვაწეობა ჰოლანდიურ გრანდში.

ამასობაში წინ მიიწევდა „პსვ“. გუნდმა ზედიზედ ხუთჯერ მოიგო ეროვნული პირველობა და ზედ ევროპის ჩემპიონთა თასიც მიაყოლა. ამ დროს მწვრთნელი იყო ჯერ კიდევ უცნობი გუუს ჰიდინკი. სანაკრებო ბატალიებზე ჰოლანდიამ როგორც იქნა გატეხა ნავსი და ბრწყინვალე კოლექტივმა მოიგო 1988 წლის ევროპის ჩემპიონატი. გუნდს სათავეში ედგა კვლავ ლეგენდარული რინუს მიხელსი. ხოლო „მილანის ტრიო“ — ვან ბასტენი, გულიტი, რეიკარდი იყო მართლაც შთამბეჭდავი. ფინალურ მატჩში ვან ბასტენის მიერ გატანილი გოლი სამართლიანად ითვლება საფეხბურთო ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესოდ. ქვეყანაში უდიდესი ზეიმი იყო, ხოლო ამსტერდამის „აიაქსს“ მორიგი, ყველაზე სერიოზული კრიზისული პერიოდი ეწყებოდა.

1988-1991 ბეწვის ხიდზე

რედაქტირება

იმის ყურება, თუ როგორ მიდიან სხვაგან კლუბის ტალანტები ძალიან ცუდია, მაგრამ როდესაც მიდიან უფასოდ — ეს გაცილებით მძიმეა ყველასთვის. მარკო ვან ბასტენი „მილანში“ გადავიდა 500 00 დოლარად, ხოლო ფრანკ რეიკარდი სულ უფასოდ წავიდა კლუბიდან. „აიაქსის“ პრეზიდენტი ტონ ჰერსენემი დარჩა არაფრით. არ იყვნენ ფეხბურთელები და არ იყო ფული.... ხოლო დენის ბერგკამპი, დე ბურები, ბრაიან როი ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდები იყვნენ. ახალი შენაძენები ვერ აღმოჩნდნენ მოწოდების სიმაღლეზე. მხოლოდ სტეფან პეტერსონმა გაამართლა იმედები.

გერმანელმა მწვრთნელმა კურტ ლინდერმა მიიღო მეტად სარისკო გადაწყვეტილება და გუნდს დააწყებინა 4-4-2 ტატიკით თამაში. ამას მოყვა საშინელი რეაქცია ფანებისგან. „ტრიბუნა“ განრისხებული იყო და ობსტრუქციას უწყობდა გერმანელს. 1988-1989 წლების იყო ყველაზე საშინელი და ამას თან სდევდა უმძიმესი ფინანსური კრიზისი. პირველი შვიდი თამაშიდან გუნდმა წააგო ოთხი. კურტ ლინდერი გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან, მაგრამ ყველა ხვდებოდა, რომ მთავარი დამნაშავე იყო კლუბის მმართველობა, რომელმაც ვერ გაუძლო წნეხს და დატოვა დაკავებული თანამდებობა. „აიაქსი“ ძალიან ახლოს იყო გაბანკროტებასთან. ფინანსურმა პოლიციამ აღმოაჩინა უამრავი სატრანსფერო დარღვევა და დაპატიმრებულ იქნა ბევრი ადამიანი. კლუბმა განიცადა უმძიმესი დარტყმა. არსებული სიტუაციის ფონზე მართლაც რომ გმირობის ტოლფასი იყო ის, რაც გააკეთებს ამ პატარა ბიჭებმა. გუნდმა მოახერხა ზედიზედ თორმეტი გამარჯვების მოპოვება და გავიდა მეორე ადგილზე.

კლუბის სათავეში მოვიდა 70-იანი წლების „აიაქსის“ ლეგენდარული პრეზიდენტის იაპ ვან პრააგის შვილი, მიხხაელ ვან პრააგი. მას დახვდა კატასრტოფული მდგომარეობა. გუნდის გადასარჩენად მოიყვანეს ახალი მწვრთნელი ლეო ბეენჰაკერი, რომელიც უკვე იყო მადრიდის „რეალის“ და ჰოლანდიის ნაკრების სათავეში. თავიდან ამ ნაბიჯმა შედეგები ვერ გამოიღო. გუნდმა ექვსი თამაშიდან წააგო სამი, მაგრამ ეს არაფერი იყო იმასთან შედარებით, რაც „აიაქსს“ დაემართა უეფას თასზე. პირველივე ტურში ამსტერდამელები გათამაშებიდან გამოაგდო ავსტრიულმა „აუსტრია მემფისმა“. პირველი თამაში გუნდმა დათმო 0:1, ხოლო მეორე მატჩის დამატებით დროში, როდესაც ავსტრიელებმა ანგარიში გაათანაბრა, განრისხებული „ტრიბუნა F“ აბობოქრდა და დაიწყოს „დე მეერის“ ლეწვა. სტუმართა მეკარეს თავში უამრავი რაღაცა მოხვდა. შედეგად, ტენიკური მარცხი და ერთ წლიანი დისკვალიფიკაცია ევრო ტურნირებიდან, პლის სოლიდური ფულადი ჯარიმა. კლუბის წინაშე დადგა ელემენტარულად გადარჩენის ამოცანა....

შემდეგ სეზონში, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ძალიან ახალგაზრდა გუნდმა ბერგკამპის, დე ბურების რიხარდ ვიჩგეს, ბრაიან როი და მარსიანო ფინკის ძალისხმევით მოახერხეს ჰოლანდიის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება, რიგით ოცდამესამე. ეს გმირობის ტოლფასი იყო. რომ არა ის სავალალო დისკვალიფიკაცია, პირველად 1985 წლის შემდეგ „აიაქსი“ ითამაშებდა ევროპის ჩემპიონთა თასზე. თუმცა ერთი უსიამოვნო ფატი მაინც მოხდა: გუნდის ერთ-ერთი ლიდერი სტეფან პეტერსონი 7 თვით დაიმტვრა. მაგრამ მთავარი დარტყმა იყო 1990-1991 წლების სეზონის შუაში ლეო ბეენჰაკერის წასვლა მადრიდის „რეალში“. მიახელ ვან პრააგის ემოციური რეპლიკა: „მე თავს ვგრძნობ იეს, თითქოს მიღალატეს და დამამცირეს“.

1991 - 1996 ვან გაალის ერა

რედაქტირება

იმ მომენტში კლუბში კვლავ მძიმე სურათი იყო. ოპტიმიზმის არ არსებობა მძიმე სურათს ხატავდა. თუმცა კლუბში მოვიდა ადამიანი, რომელმა ზუსტად იცოდა როგორ დაასამარებდა არსებულ პესიმიზმს. მისი პირველი პრესკონფერენცია ასე დაიწყო: „ მე ვარ პირდაპირი, წესიერი და სამართლიანი ადამიანი, ხანდახან შეიძლება ვიყო მეტად უხეში“. მაშინ ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა თუ რამხელა პერსონა გახდებოდა ეს პირვნება სულ რაღაც 2-3 წელიწადში....

ვან გაალი - მისი საფეხბურთო კარიერა ბევრით არაფრით არ გამოირჩეოდა. იგი თამაშობდა როტერდამის „სპარტაში“ და ბელგიურ „ანტვერპენში“. ხოლო სამწვრთნელო კარიერა დაიწყო ამსტერდამში მწვრთნელების ასისტენტად რამოდნიმე წლის წინ. იგი პირველივე დღეებში გამოირჩეოდა მკვეთრი რეპლიკებით და სიმკაცრით. ამ მომენტისთვის კლუბში ყველას უნდა ესმინა მხოლოდ მისთვის. ზოგიერთმა ძველმა „აიაქსელმა“ მასში ამოიცნეს რინუს მიხელსის „მასწავლებლური“ მიდგომები. ვან გაალმა ენერგიულად დაიწყო მუშაობა, თუმცა საწყის ეტაპზე „ტრიბუნა F“ კვლავინდებურად ითხოვდა იოჰანს...

მაგრამ ვან გაალმა მალევე მიაღწია წარმატებას და მას უკვე ყველანი იმედით უყურებდნენ. ერთი წლის თავზე გუნდმა ევროთასებზე მიაღწია სერიოზულ წარმატებას. გუნდმა უეფას თასიდან გამოთიშა შვედური „ერებრიო“, ესენის „როტ ვაისი“, პამპლონას „ოსასუნა“. ფანებში გაჩნდა იმედი. ახალგაზრდა კოლექტივმა შეძლო გაცილებით მეტი, ვიდრე მათგან ელოდნენ. „აიაქსის“ საკვანძ ფიგურები იყვნენ დენის ბერგკამპი და ვიმ იონკი. მეოთხედფინალში გუნდმა 3:0 დაამარცხა ბელგიური „გენტი“ და „დე მეერზე“ საბოლოოდ დაბრუნდა იმედი, იმისა რომ ყველაზე ცუდი წარსულს ჩაბარდა. ნახევარფინალში დაძლეული იქნა იტალიური „ჯენოას“ ბარიერი და აი სანუკვარი ფინალიც: „აიაქსი - „ტორინო“. ძალზედ მძიმე ბრძოლებში (0:0, 2:2) ამსტერდამელებმა მოიოვეს უეფას თასი. მთავარი როლი ამ წარმატებაში სამართლიანად ეკუთვნის ბრწყინვალე დენის ბერგკამპს. ხოლო ლუის ვან გაალის ხელში ამსტერდამულმა გრანდმა მოიპოვა ის ტიტული, რომელიც აკლდა კლუბის მდიდად კოლეციას. ალბათ ჯერ არავინ ფირობდა, რომ საუკეთესო წლები ჯერ კიდევ წინ იყო .....

და დაიწყო პროცესები. მილანის „ინტერმა“ იყიდა დენის ბერგკამპი და ვიმ იონკი, ჯონ ვან ტ’სხიპი გადავიდა „ჯენოაში“, მას მიჰყვა ასევე მარსიანო ფინკიც, მიშელ კრეეკი წავიდა „პადოვაში“. ძალიან მოკლე ვადაში ვან გაალის მიერ აწყობილი გუნდი უკვე მერამდენედ დაიცალა ვარსკვლავებისგან. მწვრთნელ ისევ თავიდან უნდა დაეწყო ყველაფერი. ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამ თაობის ჩანაცვლება ახალი ტალანტებით ძალიან მალე მოხდებოდა.... შედეგმა მოლოდინს 100 - ჯერ გადააჭარბა. „აიაქსის“ აკადემიამ გამოაცხო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და ბრწყინვალე თაობა თავის ისტორიაში, თუმცა მანამდე იყო მცირე ჩავარდნა, 1992-1993 წლებში გუნდი ნაადრევად გამოეთიშა ევრო ტურნირებს, დამარცხდა რა იტალიურ „პარმასთან“. ამ სეზონში ამსტერდამელებმა მოახერხე ჰოლანდიის თასის მეთორმეტეჯერ მოგება. ნახევარფინალში დამარცხებულ იქნა როტერდამის „ფეინოორდი“ „დე კუიპზე“ ანგარიშით 5:0. ხოლო ფინალში „აიაქსმა“ „ჰერენვენს“ გადაურბინა 6:2. ამ წელს დაფიქსირდა ერთი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი: ამსტერდამის „აიაქსის“ ფან კლუბში ოფიციალურად გაწევრიანდა 80 000 გულშემატკივარი. ეს ნაბიჯი ნათლად მეტყველებდა იმაზე, რომ დგებოდა ერთ-ერთი საუკეთესო ეპოქა გუნდის ისტორიაში. ედვინ ვან დერ სარი, ედგარ დავიდსი, ძმები დე ბურები, იარი ლიტმანენი, მარკ ოვერმარსი და ამსტერდამის ქუჩებში ნაპოვნი პატრიკ კლუივერტი და კლარენს ზეედორფი უკვე მზად იყვნენ დიდი გამარჯვებებისთვის....

1994 წელს ამსტერდმელებმა ვან გაალის ხელმძღვანელობით გახდენენ ჰოლანდიის ჩემპიონები და ამით მოიპოვეს უფლება შემდეგ წელს მონაწილეობა მიეღოთ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში. ამ პერიოდში ნკანკო კანუს და პინიდი ჰორჯის შეძენით მწვრთნელმა უკვე დაასრულა გუნდის კოპლექტაცია, მაგრამ ყველაზე მნიშვნოლავანი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ფრანკ რეიკარდის მიერ. მან გადაწყვიტა მშობლიურ კლუბში დაესრულებინა თავისი საფეხბურთო კარიერა.

1994-1995 წლების სეზონში ევროპის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში დაფიქსირდა პრეცედენტი, რომელიც იყო თითქმის წარმოუდგენელი ფეხბურთის კომერციულ ერაში. „აიაქსმა: მოიგო გათამაშება და ეს გააკეთა დაუმარცხებლად. ამსტერდამელებმა ჩემპიონთა ლიგაში სამჯერ დაამარცხეს მოქმედი ჩემპიონი - იტალიის „მილანი“. ჯგუფურ ეტაპზე გუნდმა ბრწინვალდე განვლო, ხოლო მეოთხედფინალში ამსტერდამელთა მეტოქე იყო სპლიტი „ჰაიდუკი“. ჰოლანდიელებმა პრობლემების გარეშე დაამარცხეს მეტოქე 3:0 და 0:0. ნახევარფინალში „დე მეერზე“ განადგურებულ იქნა მიუნხენის „ბაიერნი“ ნგრიშით 5:2. ხოლო ფინალში ‘ერნსტ ჰაპელზე“ ფაბიო კაპელოს მილანი მესამეჯერ იქნა იმ წელს დამარხებული. მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა შეცვლაზე შემოსულმა 17 წლის პატრიკ კლუივერტმა (რეიკარდის პასით). ეს ბრწყინვალე გამარჯვება აღნუშნულ იქნა ამსტერდამში მუზემპლეინში 250 000 ადამიანის ტანდასწრებით. ერთადერთი სამწუხარო დეტალი იყო ის, რომ კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა ფრანკ რეიკარდმა.

როგორც ყოველთვის, ამჯერადაც უცხოურმა გრანდებმა ხელი მიჰყვეს „აიაქსის“ ტალანტების გადაბირებას, მაგრამ იარი ლიტმანენის მაგალითზე მთელმა გუნდმა მიიღო დარჩენის გადაწყვეტილება. ისინი ხვდებოდნენ, რომ ამ თაობას ხელეწიფებოდათ 70 - იანი წლების ეპოქის გამეორება. ამსტერდამელებმა შემდეგ წელსაც წაუგებლად მოიგეს ეროვნული პირველობა. საკონტინეტთაშორისო თასზე დამარცხებულ იქნა ბრაზილიური „გრემიო“. ხოლო ევროპის სუპერთასზე განადგურდა ესპანური „რეალ სარაგოსა“.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი განვლილი იქნა უფრო შთამბეჭდავად, ვიდრე წინა წელს. მადრიდის „რეალი“, „გრასჰოპერსი“ და „ფერენცვაროში“ ერთი მეორეს მიყოლებით დამარცხდნენ. მადრიდელებს გაახსენეს 1973 წლის კოშმარი. „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მსაჯმა ორი გოლი არ ჩაუთვალა ჰოლანდიელებს, თუმცა ესპანელები მაინც დამარცხდნენ 0:2. მეოთხედფინალში გუნდმა უპრობლემოდ გაიარა დორტმუნდის „ბორუსიის“ ბარიერი და ნახევარფინალში მოხდა პირველი მარცხი, „დე მეერზე“ გუნდი დამარცხდა „პანათინაიკოსთან 0:1. სიტუაცია საგანგაშო გახდა, თუმცა საბერძნეთში „აიაქსმა“ სრულფასოვანი რევანში აიღო 3:0. გუნდი ზედიზედ მეორედ გავიდა ჩმეპიონთა ლიგის ფინალში, სადაც მას ელოდებოდა ტურინის „იუვენტუსი“. ანგარიში გახსნეს იტალიელებმა (რავანელი), თუმცა წონასწორობა მალევე აღადგინა იარი ლიტმანენმა. მიუხედავად უპირატესობისა საქმე მივიდა პენალტების სერიამდე, სადაც ჰოლანდილები როგორც მოსალოდნელი იყო დამარცხდნენ. გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანები ვერ გამოიყენესსონი სილოიმ და ედგა დავიდსმა. მეორე ტრიუმფი არ შედგა...

სულ მალე უკვე გამოჩნდა პატარ-პატარა ბზარები „აიაქსში“. თავიანთი ხელფასით უკმაყოფილოები იყვნენ ნკვანკო კანუ და ფინიდი ჯორჯი, მოხდა დაპირისპირება წარმოშობით სურინამელებსა და დანარჩენ ამსტერდამელებს შორის. აღნიშნულმა კონფლიქტმა უმწვავესად იჩინა თავი შემდგომში ევრო 1996 - ზე და დავიდსი მაშინ გუნდიდან მოკვეთეს. „აიაქსის“ გულშემატკივრები უკვე მიჩვეულნი იყვნენ, რომ ყოველი სეზონის ბოლოს ვინმე მიდიოდა გუნდიდან. ამჯერადაც ასე მოხდა. ფინიდი ჯორჯი წავიდა ესპანურ „ბეტისში“, ნკანკო კანუ გადავიდა მილანის „ინტერში“, სონი სილოი გადაბარგდა გერმანულ „არმინიაში“, ხოლო მიხაელ რაიციგერი და ედგარ დავიდსი იყიდა „მილანმა“. დანარჩენები მაინც დარჩნენ. იყო კიდევ ერთი სიახლე: კლუბმა დატოვა ყველასათვის საყვარელი „დე მეერი“ და გადაბარგდა ახალ ულტრათანამედროვე სტადიონზე, „ამსტერდამ, არენაზე“.

1996 – 2002 „აიაქსი“ და „ამსტერდამ არენა“

რედაქტირება

მიუხედავა იმისა, რომ გუნდში ძირითადი ბირთვი მწვრთნელებიანად დარჩა, უკვე აშკარა იყო, რომ „აიაქსის“ მეორე დიდი ეპოქა დასასრულ უახლოვდებოდა. მანამდე ამსტერდამელებმა კვლავ შთამბეჭდავად გაიარეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი, დაამარცხეს „გლაზგო რეინჯერსი“, გრასჰოპერსი“, „ოსერი“, მადრიდის „ატლეტიკო“ და რიხით გავიდნენ ნახევარფინალში, სადაც მათ კვლავ ელოდებოდა „ბებერი ქალბატონი“. თუმცა ერთი შეხედვითაც ჩანდა, რომ თითქოს სადღაც ქრებოდა ის ურყევი ხასიათი და გამარჯვების ჟინი. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური თამაშები იყო ამ დიდი გუნდის დიდი ეპოქის დასასრულის დასაწყისი. „აიაქსი“ დამარცხდა სასტიკად ტურინის „იუვენტუსთან“. ხოლო შიდა პირველობაზე გავიდა მეოთხე ადგილზე, თასიდან გამოაგდო პირველი დივიზიონის „ჰერაკლესმა“. ფანები უკმაყოფილნო იყვნენ არა მარტო შედეგებით, არამედ ახალი სტადიონით და მასზე ასრებული ატმოსფეროთი. გუნდიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთეს პატრიკ კლუივერტმა და ლუის ვან გაალმა. დიდი მწვრთნელი „ბარსელონაში“ წავიდა, ხოლო პატრიკი იტალიის „მილანში“.

გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა წარსულში ცნობილი ფეხბურთელი მორტენ ოლსენი. მის წინაშე იდგა საკმაოდ მძიმე ამოცანა. „აიაქსში“ გადმოიყვანეს მიკაელ ლაუდრუპი, პირველი ქართველი ფეხბურთელი — შოთა არველაძე. ამასთან ერთად კიდევ ცხრა ახალი შენაძენი გააკეთა მიხაელ ვან პრაგმა. შოთას ტრანსფერს თავიდან ჰოლანდიელები ეჭვის თვალით უყურებდნენ, მაგრამ სეზონის ბოლოს ქართველის მონაგარი 37 გოლი იყო, რითაც მან საყოველთაო სიყვარული და დაფასება მოიპოვა. ხოლო „აიაქსმა“ მოიპოვა ჩემპიონის ტიტული და დააგროვა უფრო მეტი ულა, ვიდრე ვან გაალის დროს. მიუხედავად ამისა მორტენ ოლსენი დიდი პოპულარობით არსარგებლობდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი გუნდის 4-4-2 ტაქტირური მონახაზი იყო.

სეზონის ბოლოს ისევ ნაცნობი სურათი წარდგა ჩვენს წინაშე: კარიერა დაასრულა დენი ბლინდმა, იარი ლიტმანენი იყიდა „ბარსელონამ“, აქვე გადაბარგდნენ ძმები დე ბურები, რომელთაც ხელი ჰონდათ მოწერილი „სამუდამო კონტრატზე“ კლუბთან. ლუის ვან გაალმა მიუხედავად ვან გაალის დაპირებისა, რომ ის არ წაიყვანდა ამსტერდამიდან გუნდის ლიდერებს, „ბარსელონა“ მაინც გაივსო „აიაქსელებით“. მანამდე მოხდა კონფლიქტი მორტენ ოლსენსა და ფეხბურთელებს შორის, რის ნიადაგზედაც დანიელი წავიდა ჰოლანდიიდან. მის შემცვლელად დაინიშნა იან ვოუტერსი. ამასობაში „ტრიბუნა F” მთელი ხმით ღრიალებდა და ილანძღებოდა იმის გამო, რომ გუნდი ნელ-ნელა კვლავ იშლებოდა, კლუბის აქციები გაჩნდა საფონდო ბირჟაზე. გულშემატკივრები ემოციურად აცხადებდნენ, რომ „აიაქსი“ გადაიქცა უსულგულო წარმოებად. რამდენიმე წლის შემდეგ მიხაელ ვან პრააგმა აღიარა ფანების სიმართლე.

ამ სეზონში ამსტერდამულმა გრანდმა „ამსტერდამ არენაზე“ 6:0 გაანადგურა როტერდამის „ფეინოორდი“ და დაეუფლა მეთოთხმეტე თასს. მაგრამ ეს წარმატება ვერ გამოდგა ნუგეშად. გუნდი ეროვნულ ჩემპიონატში ძალზედ ცუდად გამოიყურებოდა. თასის მოგების აღსანიშნავად ზეიმზე მოვიდა სულ რაღაც 5 000 გულშემატკივარი. ეს პროტესტი და ტრაგედია, ფანები დიდი ტკივილს განიცდიდნენ. სამაგიერო 16 მაისს გაივსო „ამსტერდამ არენა“, რათა გუნდიდან გაეცილებინათ იარი ლიტმანენი და ედვინ ვან დერ სარი. ეს იყო ცრემლიანი დღე. „ტრიბუნა F”-მა მათ მოუწყო ბრწყინვალე გაცილება. 1999-2000 სეზონში კლუბის 100 წლის იუბილე აღმოჩნდა ზეიმის ერთადერთი მიზეზი. აღნიშნული წლები იყო ყველაზე ცუდი 1965-ის მერე. „აიაქსი“ გავიდა მეექვსე ადგილზე. კლუბი 11 თვის განმავლობაში ვერ ახერხებდა გამარჯვებას სტუმრად. მალევე გამოვარდა ეროვნული და უეფას თასებიდან. ხოლო 2000 წლის 18 მარტს დაბადების დღეზე სულაც წააგო ენსხედეს „ტვენტესთან“. ცამეტ თამაშიანი მოუგებელი სერიის შემდეგ დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს იან ვოუტერსი. სპეციალურად დაქირავებული ანალიტიკური კომისიის მიერ გამოტანილ იქნა დასკვნა: თანამდებობიდან უნდა გადადგეს გუნდის მმართველობა. მიხაელ ვან პრააგმა განაცხადა, რომ ის ემორჩილება ამ დასკვნას და ტოვებს დაკავებულ პოსტს იმისათვის, რომ ახალმა ძალებმა დააყენოს კლუბი სწორ გზაზე.

2000 წელს „აიაქსის“ მთავარ მწვრთნელად ინიშნება ცნობილი სპეციალისტი კო ადრიანსე, რომელიც იმთავითვე მოიაზრებოდა რინუს მიხელსის და ლუის ვან გაალი გზის და იდეოლოგიის გამგრძელებლად. მან პრესკონფერენციაზე ჩამოაყალიბა თავისი გეგმა. ამ სეზონში გუნდის ამოცანა იყო მინიმუმ მეხუთე ადგილი, შემდეგ სეზონში მესამე ადგილი და ორი წლის შემდეგ ჩემპიონობა. უნდა აღინიშნოს, რომ კომ შეასრულა პირობა, თუმცა იყო ბევრი პრობლემა: შიდა კონფლიქტები ფეხბურთელებთა, დაძაბული ურთიერთობები პრესასთან და მნიშვნელოვან მატჩებში არასანახობრივი სათამაშო მანერა. შიდა პირველობაზე ამსტერდამელთა პროგნიზირება აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო. ბრწყინვალედ ცატარებულ თამაშებს ენაცვლებოდა ჩავარდნილი მატჩები. ხოლო ევროტურნირებზე - ისევ წარუმატებლობა. ბოლო წვეთი იყო ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდნა. კო ადრიანსე მოხსნეს პოსტიდან.

ამსტერდამის „აიაქსის“ ისტორიის შემდეგი თავების დაწერა წილად ხვდა ლეგენდარულ ფეხბურთელს, რონალდ კუმანს.

2002-2005 იმედი და ახალი თაობა

რედაქტირება

რონალდ კუმანი — ღირსეული პიროვნება და უაღრესად მოტივირებული ახალგაზრდა სპეციალისტი. მისი „ვიტესი“ უპირველეს ყოვლისა გამოირჩეოდა მკაცრი დისციპლინით. მან მოატანა ახალი იმედები გუნდში. მას წილად ხვდა მეტად ცუდი მემკვიდრეობა. დემორალიზებული, დაშლილი გუნდი და ძალიან მოკლე დრო ამის გამოსასწორებლად. ერთი შეხედვით რონალდ კუმანის საფებურთო ხედვა მცირედით განსხვავდებოდა „აიაქსის“ შმეტევი სტილისაგან, მაგრამ ამ მომენტისთვის ეს დაძლევადი პრობლემა იყო. ამსტერდამელთა სათავეში მოვიდა „შინაური“. ეს ფაქტორი ბევრს ნიშნავდა როგორც ფეხბურთელებისთვის, ასევე ფანებისთვისაც. კუმანმა გააკეთა გუნდი და თითოეულ მოთამაშეს მოუძებნა იდეალური ადგილი მოედანზე, კარგად გაუკეთა ორგანიზება როტაციას და შექმნა ე.წ. უნივერსალური ფეხბურთელებით დაკომპლექტებული კოლექტივი. მან ტრადიციულ ტოტალურ ფეხბურთს დაუმატა თავისი ახალი იდეები და გუნდი ნელ-ნელა დაემსგავსა გუნდს. რონალდს დიდი დახმარება გაუწია „აიაქსის“ აკადემიამ, გამოუშვა რა ახალი მეტად ნიჭიერი და პერსპექტიული თაობა, რომელიც იყო უაღრესად მოტივირებული.

2002 წელს, პირველივე სეზონში ამსტერდამელებმა მოახერხე და დაუფლნენ ქვეყნის ჩემპიონის ტიტულს. ახალგაზრდებმა თანდათანობი აიმაღლეს კლასი. შემდეგი სეზონი კი იყო ერთმნიშვნელოვნად არმატებული და მაღლებული თითოეული „აიაქსის“ ფანისთვის. პრობლემა იყო მხოლოდ ერთი - გამოუცდელობა, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ჩემპიონთა ლიგაში. ეს გუნდი ვან გაალის გუნდთან შედარებით მათლაც „საბავშვო ბაღი“ იყო. თუმცა კუმანმა ეს ბარიერი მაინც დაძლია. გუნდში დაბრუნდნენ იარი ლიტმანენი და რიხარდ ვიჩგე. დაიწყო სვლა ჩემპიონთა ლიგაში.

პირველ ჯგუფურ ეტაპზე „აიაქსს“საკმაოდ აუჭირდა. გუნდმა ორჯერ წააგო მილანის „ინტერთან“, ორივე მატჩში დაამარცხა „ფრანგული „ლიონი“ და ორი ფრე ნორვეგიულ „როსენბორგთან“. არც თუ ისე შთამბეჭდავი შედეგი იყო, მაგრამ ამსტერდამელები თამაშიდან თამაშამდე უმატებდნენ და იძენდნენ გამოცდილებას. ფეხბურთელები დარწმუნდნენ საკუთარ ძალებში. მეორე ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა არც თუ სასიმოვნო იყო კლუბისთვის. „აიაქსის“ მეტოქეები იყვნენ: „რომა“, „ვალენსია“ და „არსენალი“. თითქმის წარმოუდგენელი იყო ასეთი შემადგენლობიდან გაძვრომა, მაგრამ ამსტერდამელებმა შეუძლებელი შეძლეს. როგორც გამოჩნდა ახალგაზრდა „აიაქსელები“: რაფაელ ვან დერ ვაარტი, უესლი სნეიდერი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, კრისტიან კივუ, პიენაარი, ჰეიტინგა, ვან დერ მეიდე, ტრაბელსი, დე იონგი და ა.შ. არაფრით არ ჩამოუვარდებოდნენ ევროპული გრანდების მეგა ვარსკვლავებს. შედეგად ხუთი ფრე და ერთი მოგება საკმარისი იყო, რომ გუნდი გასულიყო ჯგუფიდან, სადაც მისი მეტოქე უკვე იტალიის „მილანი“ იყო. პირველი თამაში ამსტერდამში მიუხედავად შესამჩნევი უპირატესობისა დამთავრდა ფრედ 0:0. განმეორებითი მატჩი იყო ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში. ეს იყო ალბათ კუმანის ძალზედ მწარე მარცხი. მან მოედანზე დააყენა აშკარად ცუდ ფორმაში მყოფი იაკუბუ, რომლის სინდისზეც იყო ინძაგის და შევჩენკოს გოლები. თუმცა აიაქსმა ორივეჯერ გაათანაბრა ანგარიში (ლიტმანენი, პიენაარი). თუმცა ფორტუნამ მილანს გაუღიმა და 93-ე წუთზე მილანმა მაინც მიაღწია გამარჯვებას. მიუხედავად ყველაფრისა გულშემატკივრები მაინც კმაყოფილნი იყვნენ, „აიაქსმა“ გამოღვიძება დაიწყო....

გუნდმა ჩემპიონატი დაასრულა მეორე ადგილზე, თუმცა ამას ლოგიკური ახსნა მოეძებნებოდა — ჩემპიონთა ლიგა. სეზონის ბოლოს ევროპული სატრანსფერო მანქანა კვლავ მოადგა ამსტერდამს. შედეგად გუნდი შეელია ანდი ვან დერ მეიდეს, აჰმედ ჰოსამ მიდოს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს და კრისტიან კივუს. კუმანი გამოუვალ სიტუაციაში ჩავარდა. მისი განცხადებით მას არ შეეძლო მათი შემცვლელების მოძებნა. „აიაქსმა“ გამოჩნდნენ გრიგერა, ესკუდე, ტომ დე მული, სუტარსი და დე რიდერი, თუმცა მათ ვერ გაამართლეს იმედები. გუნდმა ვერ გადალახა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი, სამაგიეროდ იმ წელს გახდა ჰოლანდიის ჩემპიონი. სეზონის ბოლოს გუნდიდან წავიდნენ იარი ლიტმანენი, ვან დერ ვაარტი, მაქსველი, სონკი, ო’ბრაიენი, დიდულიცა, დე იონგი და პასანენი. „აიაქსი“ დაიშალა ერთი ხელის მოსმით. მაგრამ ბედის ირონიით ასეთ მომენტებში ყოველთვის გამოჩნდებიან ხოლმე აკადემიიდან ახალ-ახალი ტამანტები. ამჯერადაც ესე იყო: ურბე ემანუელსონი, ჰედვიგ მადურო, რაიან ბაბელი, მარკუს როზენბერგი, ვერმალენი და ა.შ. თუმცა რონალდ კუმანის ადგილი ა უკვე აღარ იყო. იგი გაათავისუფლეს თანამდებობიდან.

საბოლოო შეფასებები ასეთი იყო: კუმანმა შეძლო და შესანიშნავი ინდივიდუალური ოსტატებისგან შექმნა ნამდვილი გუნდი, რომელიც იბრძოდა ნებისმიერ მეტოქესთა და აღწევდა გარკვეულ წარმატებებს, ხოლო 2002-2003 სეზონი იყო საუკეთესო ვან გაალის შემდეგ. კუმანის ბოლო განცხადებით მისთის ძალიან რთული იყო ყოველ ზაფხულს ნახევარი გუნდის გაშვება და ახალი „აიაქსის“ შენებსა. თუმცა მის მინუსად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ხშირად იყო კონფლიტური სიტუაციები იბრაჰიმოვიჩთან და ვან დერ ვაარტთან. ბოლოს რონალდის „აიაქსი“ დაემსგავსა „წყნარ საშინელებას“ და ეს იყო ბოლო წვეთი. თუმცა ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ ამ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ხალხს მისცა იმედი იმისა, რომ „აიაქსისთვის“ შეუძლებელი არაფერი არ არის.

ტიტულები

რედაქტირება

ეროვნული

რედაქტირება
  • ერედივიზია
    • 1  ჩემპიონი (36, რეკორდი): 1917–18, 1918–19, 1930–31, 1931–32, 1933–34, 1936–37, 1938–39, 1946–47, 1956–57, 1959–60, 1965–66, 1966–67, 1967–68, 1969–70, 1971–72, 1972–73, 1976–77, 1978–79, 1979–80, 1981–82, 1982–83, 1984–85, 1989–90, 1993–94, 1994–95, 1995–96, 1997–98, 2001–02, 2003–04, 2010–11, 2011–12, 2012–13, 2013–14, 2018–19, 2019–20, 2020–21, 2021-22
  • ნიდერლანდების თასი
    • 1  მფლობელი (19, რეკორდი): 1916–17, 1942–43, 1960–61, 1966–67, 1969–70, 1970–71, 1971–72, 1978–79, 1982–83, 1985–86, 1986–87, 1992–93, 1997–98, 1998–99, 2001–02, 2005–06, 2006–07, 2009–10, 2018–19

საერთაშორისო

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. (ინგლისური) Amsterdam Arena – Did you know?. Amsterdam Arena. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-01-09. ციტირების თარიღი: 2010-02-10.