ავსტრიის პირველი რესპუბლიკა

ავსტრიის პირველი რესპუბლიკა — სახელმწიფო, რომელიც წარმოიქმნა ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ნანგრევებზე და არსებობდა პირველსა და მეორე მსოფლიო ომებს შორის. შეიქმნა სენ-ჟერმენის საზავო ხელშეკრულების გაფორმების შედეგად და იარსება 1934 წლამდე . 1920 წლის 1 ოქტომბერს მიღებული იქნა ქვეყნის კონსტიტუცია. პირველი რესპუბლიკის პერიოდი გამოირჩევა მემარცხენეებისა და მემარჯვენეების დაპირისპირებით, რამაც 1927 წლის აჯანყება და 1934 წლის სამოქალაქო ომი გამოიწვია.

ავსტრიის რესპუბლიკა
გერმ. Republik Österreich
რესპუბლიკა

1919–1934
ავსტრიის პირველი რესპუბლიკის დროშა ავსტრიის პირველი რესპუბლიკის გერბი
ჰიმნი
Deutschösterreich, du herrliches Land
(1920–1929)

Sei gesegnet ohne Ende
(1929–1934)
{{{საერთო სახელი}}}-ს მდებარეობა
ავსტრიის პირველი რესპუბლიკა 1930 წლისთვის
დედაქალაქი ვენა
ენები გერმანული
რელიგია ქრისტიანობა (კათოლიკური, მართლმადიდებლური, პროტესტანტული), იუდაიზმი
პოლიტიკური სტრუქტურა ფედერალური საპარლამენტო რესპუბლიკა
პრეზიდენტი
 -  1919-1920 კარლ ზაიცი
 -  1920-1928 მიხაელ ჰაინიში
 -  1928-1934 ვილჰელმ მიკლასი
კანცლერი
 -  1919-1920 (პირველი) კარლ რენერი
 -  1932-1934 (ბოლო) ენგელბერტ დოლფუსი
საკანონმდებლო ხელისუფლება პარლამენტი
 -  ზედა პალატა ფედერალური საბჭო
 -  ქვედა პალატა ეროვნული საბჭო
ისტორიული ერა ომებსშორისი პერიოდი
 -  შეიქმნა 21 ოქტომბერი 1919
 -  სენ-ჟერმენის საზავო ხელშეკრულების დადება 10 სექტემბერი 1919
 -  ივლისის აჯანყება 15 ივლისი 1927
 -  ავსტრიის პარლამენტის გაუქმება 4-15 მარტი 1933
 -  ავსტრიის სამოქალაქო ომი 12 თებერვალი 1934
 -  მაისის კონსტიტუციის მიღება 1 მაისი 1934
ვალუტა ავსტრიული კრონა (1919-1924)

ავსტრიული შილინგი (1924-1938)

დაარსება

რედაქტირება

1919 წლის სექტემბერს, ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ნანგრევებზე წარმოქმნილ გერმანულ ავსტრიას სენ-ჟერმენის ხელშეკრულების თანახმად წაერთვა სუდეტის ოლქი, რომელიც გადაეცა ჩეხოსლოვაკიას, სამხრეთი ტიროლი, რომელიც გადაეცა იტალიას და ალპური პროვინციების ნაწილი, რომელიც გადაეცა სერბების, ხორვატებისა და სლოვენიელების სამეფოს. მიუხედავად ავსტრიის პროტესტისა, ზავი ასევე კრძალავდა ანშლუსს ან ავსტრიისა და გერმანიის კავშირს ერთა ლიგის თანხმობის გარეშე, რადგანაც მოკავშირეებს არ სურდათ, რომ დამარცხებული გერმანია ავსტრიის შემოერთების გზით გაფართოებულიყო. ამასთან დაკავშირებით, გერმანულმა ავსტრიამ ოფიციალურად შეიცვალა ავსტრიის რესპუბლიკაზე.

 
ტერიტორიები, რომლებზეც გერმანული ავსტრია აცხადებდა პრეტენზიას

ახალმა სახელმწიფომ შეძლო, შეენარჩუნებინა დარჩენილი ტერიტორიები, რომლებზეც პრეტენზიას აცხადებდნენ მეზობელი ქვეყნები. სერბების, ხორვატებისა და სლოვენიელების სამეფო კარინტიაზე აცხადებდა პრეტენზიას, რომლის მოსახლეობის ნაწილი სლოვენიელებისგან შედგებოდა. მისი შენარჩუნება კარინტიის პლებისციტის ჩატარების შედეგად მოხდა, როდესაც მოსახლეობის უმეტესობამ ტერიტორიის ავსტრიაში დარჩენას დაუჭირა მხარი. ავსტრიამ ასევე შეძლო ბურგენლანდის შენარჩუნება, რომელზეც უგრეთი აცხადებდა პრეტენზიას. ბურგენლანდი უნგრეთის სამეფოს შემადგენლობაში 907 წლიდან შედიოდა „დასავლეთ უნგრეთის“ სახელით.[1] რეგიონი უმეტესად გერმანულად მოსაუბრე ხალხის მიერ იყო დასახლებული, თუმცა ასევე იყვენ უნგრულად და ხორვატიულად მოსაუბრე უმცირესობები. სენ-ჟერმენის ხელშეკრულების თანახმად, ბურგენლანდი ავსტრიის ტერიტორია გახდა, თუმცა მის მიერ გაპროტესტებული პლებისციტის შემდეგ, პროვინციის დედაქალაქი შოპრონი უნგრეთის ნაწილად დარჩა.

სენ-ჟერმენის საზავო ხელშეკრულებამ ავსტრიის გერმანული მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია, რომლების აზრით, ხელშეკრულება აშშ-ს პრეზიდენტ ვუდრო უილსონის მიერ წამოყენებულ 14 პუნქტს არღვევდა, კონკრეტულად ყველა ერის თვითგამორკვევის უფლებას. ისინი ფიქრობდნენ, რომ ავსტრიის მიერ ცისლეიტანიის 70%-ის დაკარგვის შემდეგ, ავსტრია გერმანიასთან კავშირის გარეშე ვერ შეძლებდა არსებობას, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, რადგანაც ამჯერად ავსტრია პატარა, ზღვაზე გასვლის არმქონე ქვეყანას წარმოადგენდა, რომელსაც მხოლოდ 6,5 მილიონი ადამიანი გააჩნდა, რადგანაც კიდევ 4 მილიონი გერმანელი ახალშექმნილი ჩეხოსლოვაკიისა და იუგოსლავიის ტერიტორიებზე დარჩა. ავსტრიის დარჩენილი ტერიტორიის მხოლოდ 17,8% იყო სახნავი, რადგანაც მათი დიდი ნაწილი ჩეხოსლოვაკიასა და იუგოსლავიას გადაეცა.

მთავრობა და საგარეო პოლიტიკა

რედაქტირება

ახალი კონსტიტუცია ქმნიდა ორპალატიან პარლამენტს, რომელიც შედგებოდა ზედა და ქვედა პალატებისგან. ზედა პალატა (Bundesrat) შედგებოდა ფედერალური მიწების წარმომადგენლებისა და ქვედა პალატისგან (Nationalrat), სადაც დეპუტატები საყოველთაო არჩევნების შედეგად ირჩეოდნენ. ქვეყნის პრეზიდენტი ირჩეოდა 4 წლიანი ვადით ორივე პალატის მიერ, ხოლო კანცლერს ქვედა პალატა ირჩევდა. ვერცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ვერ შეძლო უმრავლესობის მოპოვება, ამიტომაც ავსტრია კონსერვატიული ქრისტიან-სოციალური პარტიის, მემარჯვენე დიდი გერმანიის სახალხო პარტიისა და ლანდბუნდის კოალიციების მიერ იმართებოდა, რომლებიც უფრო კონსერვატიულად იყვნენ განწყობილი, ვიდრე 1919-1920 წლებში მმართველი სოციალ დემოკრატი კარლ რენერის ხელისუფლება.

1920 წლის შემდეგ, ავსტრია ანშლუსის წინააღმდეგ განწყობილი[2] ქრისტიან-სოციალური პარტიის მიერ იმართებოდა, რომელიც რომის კათოლიკურ ეკლესიასთან იყო დაახლოებული. პარტიის პირველი კანცლერი ინგაზ საიპელი ხელისუფლებაში 1922 წელს მოვიდა და მდიდარი ინდუსტრიალისტების კათოლიკურ ეკლესიასთან კავშირის დამყარება სცადა.

1920 წლის 17 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სოციალ-დემოკრატებმა ვერ შეძლეს უმრავლესობის შენარჩუნება და ოპოზიციაში იყვნენ 1934 წლამდე, როდესაც პარტია კანცლერმა დოლფუსმა აკრძალა. ქრისტიანულ-სოციალებმა 85 ადგილი მოიპოვეს, სოციალ დემოკრატებმა 69, დიდი გერმანიის პარტიამ 20 და გლეხების კავშირმა 8. მიხაელ ჰაინიში ქვეყნის პრეზიდენტი გახდა. 1923 ოქტომბერის არჩევნების შემდეგ ზაიპელმა ძალაუფლება შეინარჩუნა და მხოლოდ 1924 წლის ნოემბერში გადადგა, როდესაც ის რუდოლფ რამეკმა ჩაანაცვლა.

1928 წლის დეკემბერს ქრისტიანულ-სოციალი ვილჰელმ მიკლასი ქვეყნის ფედერალურ პრეზიდენტად აირჩიეს. 1929 წლის 7 დეკემბერს ქვეყნის კონსტიტუცია შეიცვალა, რის შედეგადაც პარლამენტის ძალაუფლება შემცირდა, რამაც პრეზიდენტს შესაძლებლობა მიანიჭა, დაენიშნა ფედერალური მთავრობა და საჭიროების შემთხვევაში თვითონ გამოსცეს კანონები.

1930 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ადგილების უმრავლესობა სოციალ-დემოკრატებს ეკავათ, თუმცა ქრისტიან-სოციალმა კანცლერმა ოტო ენდერმა კოალიციური მთავრობა მათ გარეშე ჩამოაყალიბა.

მემარჯვენეებისა და მემარცხენეების დაპირისპირებები

რედაქტირება
 
ჰაიმვერელების პარადი, 1928

მიუხედავად სტაბილური პოლიტიკური პარტიის ხელისუფლებაში მოსვლისა, ქვეყანაში მარჯვენა და მარცხენა სექტორებს შორის დაპირისპირებები არ შეჩერებულა, რის გამოც ქვეყანა სოციალ-დემოკორატების მიერ კონტროლირებად წითელ ვენად და კონსერვატიულ ქალაქგარე არეალად დაიყო.

1927 წელს შათენდორფში მიმდინარე შეტაკებების დროს, სამხედრო ორგანიზაცია ჰაიმვერის წევრების მიერ მოკლული იქნენ მოხუცი და ბავშვი. 1927 წლის 14 ივლისს მსროლელები გასამართლებულნი იქნენ, რის გამოც მემარცხენე აქტივისტებმა პროტესტი დაიწყეს, რომლის დროსაც იუსტიციის სამინისტროს შენობა დაწვეს. წესრიგის აღდგენის მიზნით, ქვეყნის პოლიციამ და ჯარმა ცეცხლი გახსნეს, რომლის შედეგად დაიღუპა 89 ადამიანი და დაშავდა 600. ეს მოვლენები დღეს 1927 წლის ივლისის აჯანყების სახელითაა ცნობილი. სოციალ-დემოკრატებმა ხალხს გაფიცვისკენ მოუწოდა, რომელიც 4 დღეს გაგრძელდა.

1927 წლის მოვლენების შემდეგ, ქვეყანაში კონსერვატიული გრძნობები გაძლიერდა და კონფლიქტის ესკალაცია ადრეულ 1930-იან წლებამდე გაგრძელდა, როდესაც ენგელბერტ დოლფუსი ქვეყნის კანცლერი გახდა.

ეკონომიკა

რედაქტირება

ყოფილი იმპერიის ტერიტორიაზე ახალი სახელმწიფოების წარმოქმნამ ძლიერ დააზიანა ავსტრიის ეკონომიკა, ამასთან ერთად, ახალშექმნილი სახელმწიფოების ნაწილი ჯერ კიდევ ვენის ბანკებზე იყო დამოკიდებული, მაგრამ ახალი საზღვრებისა და ტარიფების გამო რეგიონში ბიზნესის მართვა გართულდა, რამაც სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა.

 
25 ავსტრიული შილინგის მონეტა

ზღვაზე გასასვლელის არმქონე ავსტრიას არ შეეძლო თავისი თავის საჭმლითა და რესურსებით მომარაგება. ამასთან ერთად, ჩეხოსლოვაკიამ, იუგოსლავიამ და იტალიამ ქვეყანაზე სავაჭრო ბლოკადა დააწესეს და ავსტრიისთვის საჭმლისა და ნახშირის მიყიდვაზე უარი განაცხადეს. 1922 წლისთვის 1 ამერიკული დოლარი 19 000 ავსტრიული კრონის ტოლფასი იყო, ხოლო ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი – უმუშევარი.[3]

1921 წლის დეკემბერს, ავსტრიასა და ჩეხოსლოვაკიას შორის ლანას ზავი დაიდო, რომლის მიხედვითაც ავსტრია ჩეხოსლოვაკეთის იმდროინდელ საზღვრებს აღიარებდა ახალშექმნილ სახელმწიფოში მცხოვრები გერმანული მოსახლეობის წარმომადგენლობაზე პრეტენზიას აღარ აცხადებდა. სანახვლოდ, ჩეხოსლოვაკიამ ავსტრიას 500 მლნ. კრონა ასესხა.[4]

1922 წელს კანცლერმა იგნაც ზაიპელმა სესხები მოითხოვა და ქვეყანაში მკაცრი ეკონომიის პოლიტიკა შემოიღო. 1922 წლის ოქტომბერს ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, იტალიამ და ჩეხოსლოვაკიამ ავსტრიას 650 მლ. კრონა ასესხეს, მას შემდეგ, რაც ზაიპელი მათ შემდეგი 20 წლის განმავლობაში გერმანიასთან გაერთიანებაზე უარის თქმას დაჰპირდა. ამასთან ერთად, მან ქვეყნის ეკონომიკაზე კონტროლი ერთა ლიგას გადასცა, რაც 1926 წლამდე გაგრძელდა, რომლის შედეგადაც მოხდა ქვეყნის ბიუჯეტის სტაბილიზაცია. 1923 წელს ხელახლა დაარსდა ავსტრიის ცენტრალური ბანკი, ხოლო 1924 წელს კრონა ავსტრიული შილინგით შეიცვალა.

დიდმა დეპრესიამ ავსტრიის ეკონომიკა ძლიერ დააზიანა, რის შედეგადაც, 1931 წლის მაისს, ავსტრიის უდიდესი ბანკი Creditanstalt დაეცა.[5] ეკონომიკის გასაუმჯობესებლად, ავსტრიამ გერმანიასთან საბაჟო კავშირის ჩამოყალიბება მოითხოვა, თუმცა უარი მიიღო საფრანგეთისა და პატარა ანტანტის ქვეყნებისაგან.

ავსტროფაშიზმი

რედაქტირება
 
დოლფუსი ერთა ლიგას მიმართავს, 1933 წელი

ქრისტიან-სოციალური პარტიის წარმომადგენელი ენგელბერტ დოლფუსი ხელისუფლებაში 1932 წლის 20 მაისს მოვიდა, რის შემდეგადაც ქვეყანაში დიქტატურის ჩამოყალიბება დაიწყო. 1933 წლის მარტს დოლფუსმა პარლამენტის ლიკვიდაცია მოახდინა, რის შედეგადაც, მას ავტორიტარული მთავრობის ჩამოყალიბება შეეძლო. 1933 წლის მაისს მან სამამულო ფრონტი ჩამოაყალიბა, რომელიც ერთი შეხედვით, ფაშისტული ორგანიზაცია იყო, თუმცა უმეტესად კათოლიკური იყო და Quadragesimo anno-ს მისდევდა, რის გამოც უარყოფდა ლიბერალიზმსა და სოციალიზმს კორპორატივიზმის სასარგებლოდ.

ამასობაში, მთავრობა ავსტრიის ნაცისტურ პარტიას დაუპირისპირდა, რომელიც გერმანიასთან გაერთიანების მომხრე იყო. დოლფუსის ავსტროფაშიზმმა ქვეყანა რომის კათოლიკურ ეკლესიასთან დააკავშირა, რაც განიხილებოდა, როგორც პროტესტანტულ გერმანიასთან გაერთიანების საწინააღმდეგო არგუმენტად განიხილებოდა.

ეს დაპირისპირება 1934 წლის თებერვლის სამოქალაქო ომში გადაიზარდა, რომელშიც ჩართულები იყვნენ ნაცისტები, სოციალ-დემოკრატები და ავსტრიის მთავრობა. 1934 წლის 1 მაისს, ე.წ „მაისის კონსტიტუციის” მიღების შედეგად, დოლფუსმა ქვეყანაში ერთპარტიული სისტემა ჩამოაყალიბა. ქვეყნის სახელი „ავსტრიის ფედერალურ სახელმწიფოზე” შეიცვალა. ასევე შეიცვალა დროშა, გერბი და ჰიმნი.

ფედერალური საბჭოს ძალაუფლება საგრძნობლად შემცირდა, ამასთან ერთად ეროვნული საბჭოს არჩევნები გაუქმდა, თუმცა მისი წევრები სხვადასხვა კორპორატივისტ საბჭოებში გადავიდნენ, როგორიცაა სახელმწიფო საბჭო, ფედერალური კულტურის საბჭო, ფედერალური ეკონომიკის საბჭო და ა.შ, თუმცა, პრაქტიკაში, საკანონმდებლო ცვლილებები და თანამდებობებზე დანიშვნა ქვეყნის კანცლერისა და პრეზიდენტის განკაგულებით სრულდებოდა.

სახელმწიფო სრულიად აკონტროლებდა დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ურთიერთობებს, და მთავრობამ მალევე დაიწყო ნაცისტებისა და გერმანიასთან გაერთიანების მხარდამჭერების დარბევა, რასაც სამხედრო გადატრიალების მცდელობის დროს დოლფუსის მკვლელობა მოჰყვა.[6]

ავსტრიელი ნაცისტების მკვლელობამ ფაშისტური იტალიისა და ბენიტო მუსოლინის აღშფოთება გამოიწვია, რადგანაც იტალიასა და დოლფუსის ადმინისტრაციას კარგი ურთიერთობები ჰქონდათ. ამასთან ერთად, მუსოლინი დოლფუსს გერმანიის ავსტრიაში შეჭრის შემთხვევაში დახმარებას დაჰპირდა, რადგანაც გერმანია პრეტენზიას აცხადებდა იტალიის მიერ კონტროლირებად სამხრეთ ტიროლის ტერიტორიაზე. იტალიის მხარდაჭერის გამო, 1934 წელს ავსტრიის გერმანიის მიერ ანექსირება ვერ მოხერხდა.

დოლფუსის მემკვიდრე კურტ შუშნიგის დროს ნაცისტურ სფეროში საქმიანობა აკრძალული იყო, თუმცა ასევე აიკრძალა სამხედრო ტიპის დაწესებულება ჰაიმვერი.