ადოლფო პერეს ესკიველი

ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 11 დეკემბერი 2023. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.

ადოლფო პერეს ესკიველი (ესპ. Adolfo Pérez Esquivel; დ. 26 ნოემბერი, 1931, ბუენოს-აირესი, არგენტინა) — არგენტინელი მწერალი, სკულპტორი, არქიტექტორი მხატვარი და საზოგადოებრივი მოღვაწე. ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი, პრემია გადაეცა 1980 წელს როგორც „ადამიანის უფლებებისათვის მებრძოლს“.

ადოლფო პერეს ესკიველი


დაბადების თარიღი 26 ნოემბერი, 1931(1931-11-26)[1] [2] [3] [4] [5] (92 წლის)
დაბადების ადგილი ბუენოს-აირესი[6]
საქმიანობა არქიტექტორი, მოქანდაკე, მხატვარი, უნივერსიტეტის პროფესორი[7] და მწერალი
მოქალაქეობა  არგენტინა[8]
ალმა-მატერი ლა-პლატის ეროვნული უნივერსიტეტი
ჯილდოები ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის განმტკიცებაში[9] [10] , პრემია „Pacem in Terris“, სან-მარკოსის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და Medal of Honor of the Parliament of Catalonia
მეუღლე Amanda Guerreño[11]
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1931 წლის 26 ნოემბერს გალისიელი ესპანელი ემიგრანტი-მეთევზის ოჯახში, ბუენოს-აირესში, არგენტინა. დედამისი გარდაიცვალა როდესაც პერეს ესკიველი სამი წლის იყო. ბავშვობა და ახალგაზრდობა გაატარა კათოლიკური ეკლესიის ძლიერი გავლენის ქვეშ. ასევე კითხულობდა მაჰათმა განდის, ნეტარი ავგუსტინეს, ტომას მერტონისა და სხვა მოაზროვნეების წიგნებს.

უმაღლესი განათლება მიიღო მანუელ ბელგრანოს სახელობის ბუენოს-აირესის სახვითი ხელოვნების ეროვნულ სკოლაში. შემდეგ გახდა ლა-პლატის ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტი. 1956 წელს დაოჯახდა პიანისტ ამანდა პერესზე, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი. მომდევნო წლებში პერეს ესკიველი გახდა სკულპტორი, რომელიც ნამუშევრებში იყენებდა ამერიკის კოლუმბამდელი ეპოქის მოტივებს და ასწავლიდა არქიტექტურას არგენტინის სხვადასხვა სასწავლებლებში, მათ შორის მშობლიურ უნივერსიტეტში. მიღებული აქვს ხელოვნების პრესტიჟული ეროვნული პრემია.

საზოგადოებრივი მოღვაწეობა

რედაქტირება

1960-იანი წლებიდან ის მონაწილეობდა ქრისტიანულ, პაციფისტურ მოძრაობაში. 1970 წელს თითქმის ორი თვის მანძილზე შიმშილობდა და აპროტესტებდა პოლიტიკურ ტერორს.

1968 წელს იგი დაესწრო არგენტინის საეკლესიო, საუნივერსიტეტო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების კონფერენციას მონტევიდეოში (ურუგვაი), სადაც განიხილეს არგენტინაში არსებული ვითარების გაუმჯობესების გზები. 1971 წელს მომდევნო კონფერენციაზე მან მონაწილეობა მიიღო „მშვიდობისა და სამართლიანობის სამსახურის“ („Servicio Paz y Justicia“) ჩამოყალიბებაში, რომელიც მიზნად ისახავდა კათოლიკე მღვდლებისა და მრევლის ძალისხმევის გაერთიანებას, რათა დახმარებოდნენ ღარიბებს. 1972 წელს დააარსა ყოველთვიური ჟურნალი „მშვიდობა და სამართლიანობა“ („Paz у lusticia“).

1974 წელს აირჩიეს ლათინოამერიკული საზოგადოების ქსელის კოორდინატორად, რომლის მიზანიც იყო ღარიბი მოქალაქეების ძალადობისგან განთავისუფლების ხელშეწყობა. მისი შტაბი სწორედ ამ პერიოდში მონტევიდეოდან გადავიდა ბუენოს-აირესში. არგენტინელი მუშების დახმარების გარდა, იგი ეხმარებოდა ეკვადორისა და პარაგვაის ინდიელებს, რომლებმაც დაიცვეს საკუთარი მიწა ხელყოფისაგან. 1975 წელს ადოლფო პერეს ესკიველი ბრაზილიის სამხედრო პოლიციამ დააკავა, ხოლო 1976 წელს იგი ჩასვეს ეკვადორის ციხეში.

ადამიანის უფლებები და დევნა დიქტატურის წლებში

რედაქტირება

1975 წელს ადამიანის უფლებათა არგენტინის ასამბლეის დამფუძნებლებს შორის აღმოჩნდა. 1976 წლის მარტის სამხედრო გადატრიალების შემდეგ სისტემური რეპრესიების დროს, თავის ორგანიზაციასთან ერთად დახმარება გაუწია სამხედრო დიქტატურის დროს მიმდინარე ბინძური ომის პერიოდში დაზარალებულებს. მან ასევე დაიწყო ადამიანის უფლებათა საყოველთაო მოძრაობა, რომელიც პოლიტპატიმრებსა და მათ ოჯახებს უწევდა დახმარებას.

გადატრიალებიდან ძალიან მალევე ხელისუფლებამ გაანადგურა „მშვიდობისა და სამართლიანობის“ შტაბ-ბინა. თავად პერეს ესკიველი 1977 წელს დააპატიმრეს და ერთ წელზე მეტ ხანს იმყოფებოდა ციხეში ყოველგვარი სასამართლოს და გასამართლების გარეშე. ციხეში ყოფნის დროს დააჯილდოეს პაპ იოანე XXIII-ის მშვიდობის პრემიით. Amnesty International-მა მის გათავისუფლებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. საბოლოოდ, საერთაშორისო ზეწოლამ, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტის ჯიმი კარტერის პროტესტმა, თავისი შედეგი გამოიღო და პერეს ესკიველი გაათავისუფლეს ციხიდან, თუმცა მას კიდევ ცხრა თვის განმავლობაში შინაპატიმრობა მიუსაჯეს.

ნობელის პრემია და შემდეგი წლები

რედაქტირება

1976 წლის ნობელის პრემიის ლაურეატებმა მეირიდ კორიგანმა და ბეტი უილიამსმა მისი კანდიდატურა წარადგინეს ნობელის პრემიაზე. 1980 წლის 10 დეკემბერს ნორვეგიის ნობელის კომიტეტმა 57 კანდიდატიდან სწორედ ადოლფო პერეს ესკიველი შეარჩია. კომიტეტის ხელმძღვანელმა ჯონ სანესმა ჯილდოს მფლობელს უწოდა „არაძალადობის პრინციპის დაუღალავი დამცველი სოციალურ-პოლიტიკური თავისუფლებისთვის ბრძოლაში“. საბჭოთა დისიდენტმა ანდრეი სახაროვმა დევნილობიდან გამარჯვებულს მისწერა: „თქვენს ენერგიულ ბრძოლას სამართლიანობისათვის და დაჩაგრულთა მხარდასაჭერად, ძალიან აფასებს სხვა სამყაროში, ათასობით მილზე მცხოვრები ადამიანები“.

ნობელის პრემიის მნიშვნელოვანი ნაწილი მან საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადასცა. მომდევნო წლებშიც არ შეუწყვეტია პერეს ესკიველს აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობა: იგი მხარს უჭერდა მოძრაობას „მაისის მოდენის დედები“, ავლენდა ეკოლოგიურ აქტივობას, იბრძოდა ძირძველი მოსალხეობის უფლებებისათვის, იყო „ხისტი ეკონომიკური პოლიტიკის“ მოწინააღმდეგე და ამერიკის თავისუფალი სავაჭრო ზონის ნეოლიბერალური პროექტისა.

პერეს ესკიველის მომდევნო ნამუშევრებში ბევრია კედლის მხატვრობა და მცირე ზომის ქანდაკებები, მათ შორისაა ლტილვილების მონუმენტი ჟენევაში და მაჰათმა განდის ძეგლი ბარსელონაში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Encyclopædia Britannica
  2. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  3. Artists of the World Online, Allgemeines Künstlerlexikon Online, AKL Online / Hrsg.: A. Beyer, B. SavoyB: K. G. Saur Verlag, Verlag Walter de Gruyter, 2009. — ISSN 2750-6088doi:10.1515/AKL
  4. Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  5. Munzinger Personen
  6. Deutsche Nationalbibliothek Record #11416794X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  7. Graciela Fernández Meijide: “Es inaceptable que la Comisión de la Memoria investigue el trabajo de los periodistas”Buenos Aires: 1945.
  8. Te odio — 2018. — P. 11. — ISBN 978-950-556-730-0
  9. The Nobel Peace Prize 1980ნობელის ფონდი.
  10. The Nobel Prize amountsნობელის ფონდი.
  11. https://www.lanacion.com.ar/espectaculos/musica/del-tango-al-sonido-electroacustico-nid489572/