ადამ კარლი
ჩარლზ თომას უილიამ (ადამ) კარლი (ინგლ. Charles Thomas William (Adam) Curle; დ. 26 ივლისი, 1926 — გ. 28 სექტემბერი, 2006) — ბრიტანელი აკადემიკოსი, კვაკერი სამშვიდობო აქტივისტი, მწერალი და პოეტი. კარლი ორმოცი წლის განმავლობაში მედიატორის როლში ჩართული იყო სხვადასხვა საერთაშორისო კონფლიქტების დარეგულირების პროცესში. მისი მშვიდობის თეორია დაფუძნებულია ფსიქოლოგიის, ანთროპოლოგიის, განვითარების თეორიისა და მშვიდობის კვლევების ადრეული ინოვატორების – იოჰან გალტუნგისა და ქენეთ ბოულდინგის იდეების სინთეზზე.
ჩარლზ თომას უილიამ (ადამ) კარლი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 26 ივლისი, 1926 |
გარდ. თარიღი | 28 სექტემბერი, 2006 (80 წლის) |
მოქალაქეობა | გაერთიანებული სამეფო |
საქმიანობა | სამეცნიერო მუშაკი |
მუშაობის ადგილი | University of Bradford და ექსეტერის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ახალი კოლეჯი და ჩარტერჰაუსის სკოლა |
მეუღლე | [Noreen] Pamela Hobson[1] და Anne Edie[1] |
მამა | Richard Curle[1] |
დედა | Cordelia Fisher[1] |
შვილ(ებ)ი | Deborah Curle[1] , Christina Curle[1] და Anna Curle[1] |
ჯილდოები | Gandhi International Peace Award |
ბიოგრაფია
რედაქტირებაადამ კარლი დაიბადა ლ’ილ–ადამში, საფრანგეთში, პირველი მსოფლიო ომის დროს. მამისი, რიჩარდ კარლი ჟურნალისტი და ნოველისტი ჯოზეფ კონრადის ახლო მეგობარი იყო. დედამისი, კორდელია ფიშერი კი მაღალი სოციალური ფენის ოჯახიდან იყო, რომელსაც ახლო კავშირები ჰქონდა აკადემიურ და პოლიტიკურ წრეებთან.
კარლს გამორჩეული აკადემიური კარიერა ჰქონდა. 1935 წელს მან სწავლა დაიწყო ოქსფორდის უნივერსიტეტში, ისტორიის მიმართულებით, თუმცა პირველივე წელს გადავიდა ანთროპოლოგიის ფაკულტეტზე. სწავლის პერიოდში მან საველე კვლევა ჩაატარა ახლო აღმოსავლეთში, რისთვისაც მან მიიღო დიპლომი ანთროპოლოგიის დარგში. 1939–1945 წლებში კარლი მსახურობდა ბრიტანეთის არმიაში, რა დროსაც იგი დაინტერესდა „ადამიანური ურთიერთობების ტავისტოკის ინსტიტუტის“ საქმიანობით, რომელიც ფოკუსირებული იყო ომისშემდგომი რეკონსტრუქციისას სოციო–ფსიქოლოგიური პრობლემების შესწავლასა და აღმოფხვრაზე. ამ პერიოდმა კარლის აზროვნებაზე დიდი გავლენა მოახდინა, ვინაიდან კონფლიქტისა და ომის შედეგად ადამიანებზე, თემებზე, მათ კულტურასა და ფსიქოლოგიაზე მიყენებული ზარალი მისი მუდმივი დაკვირვებისა და შესწავლის საგნად გადაიქცა.
1947 წელს ანთროპოლოგიაში ფილოსოფიის დოქტორის ხარისხის მიღების შემდეგ კარლი რამდენიმე წელში ოქსფორდის უნივერსიტეტში სოციალური ფსიქოლოგიის პროფესორად დაინიშნა. ამ დროს მისი კვლევის საგნად იქცა სოციალურ ფსიქოლოგიასა და განათლების პოლიტიკას შორის კავშირი. ამასთან 1952 წელს იგი დაინიშნა განათლებისა და ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელად ექსეტერის უნივერსიტეტში. 1956–1959 წლებში კარლი მუშაობდა პაკისტანში, განათლებისა და განვითარების პოლიტიკის საკითხებში მრჩევლად. 1959–1961 წლებში იგი განათლების პროფესორი იყო განას უნივერსიტეტში , ხოლო მომდევნო თორმეტი წლის განმავლობაში იგი ხელმძღვანელობდა განათლებისა და განვითარების კვლევების ცენტრს ჰარვარდის უნივერსიტეტში.
1973 წელს კარლმა დატოვა ჰარვარდი და კარიერა გააგრძელა ბრადფორდის უნივერსიტეტში, სადაც 1978 წლამდე მშვიდობის კვლევების პროფესორად მუშაობდა. მედიაცასა და აკადემიურ საქმიანობაში მიღებული მდიდარი გამოცდილება მას დაეხმარა ამ ახალი დისციპლინის ჩამოყალიბებაში, რომელიც კონფლიქტებს ძალადობრივი ასპექტების მიღმაც იკვლევდა. კარლის აზრით სოციალური უთანასწორობისა და უსამართლობის აღმოფხვრის გარეშე, დასრულებული კონფლიქტები ხელახლა გაღვივების საშიშროების წინაშე დგანან.
საერთაშორისო მედიაცია
რედაქტირებაკარლის გამოცდილება საერთაშორისო მედიაციაში დაიწყო 1964 წლის ინდოეთ-პაკისტანის კონფლიქტით.
ბიაფრაში 1967-1970 წლებში, კარლი იმ სამი ადამიანიდან ერთ-ერთი იყო, რომელიც კვაკერების ეგიდით ცდილობდა მოლაპარაკებების ფასილიტაციას ნიგერიის ლიდერ იაკუბუ გოვონსა და ბიაფრელ ამბოხებულებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ მათ ვერ შეძლეს მხარეების დაყოლიება ცეცხლის შეწყვეტაზე, კარლის აზრით მათმა მედიაციამ საგრძნობი გავლენა მოახდინა ომისშემდგომ ვითარებაზე და მნიშვნელოვნად შეამცირა რეპრესალიის მასშტაბები.
1978-1980 წლებში კარლი მუშაობდა როდეზიაში/ზიმბაბვეში დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დროს. მედიაციის დროს იგი ხვდებოდა რობერტ მუგაბეს, ზიმბაბვეს აფრიკული ეროვნული კავშირის - პატრიოტული ფრონტის ლიდერს, ჯოშუა ნკომოს, ზიმბაბვეს აფრიკული სახალხო კავშირის პარტიის დამფუძნებელსა და ბოტსვანას, ტანზანიისა და სამხრეთ აფრიკის წარმომადგენლებს. ბოლოს ის მუშაობდა ლონდონში, „ლანკასტერ ჰაუსის შეთანხმებაზე“ რამაც ზიმბაბვე დამოუკიდებლობამდე მიიყვანა.
ირლანდიაში, 1990-იან წლებში, კარლი ჩართული იყო საიდუმლო შეხვედრების ორგანიზებაში, სადაც კონფლიქტში ჩაბმული ორივე მხარის წარმომადგენლები განიხილავდნენ ისეთ საერთო პრობლემებს, როგორიცაა საცხოვრებლით უზრუნველყოფა, დასაქმება, სოციალური სერვისები და ა.შ. სამწუხაროდ ეს ინიაციტივა ჩავარდა, როცა ფარული შეხვედრები გამომჟღავნდა და მოლაპარაკების ერთ-ერთი მონაწილეს მისსავე ხალხიდან ესროლეს.
თავის გამოცდილებაზე დაყრდნობით კარლი თანდათან ჩამოშორდა „მესამე მხარის მედიაციას,“ ვინაიდან იგი ხედავდა, რომ ერთ კონფლიქტს მეორე მოსდევდა და მდგრადი მშვიდობა ვერ მიიღწეოდა „ქვემოდან ზემოთ მიმართული მშვიდობის მშენებლობის“ გარეშე. ამის გამო იუგოსლავიის ომების დროს (1991–1995) მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ადგილობრივი თემების მობილიზაციაში, რომლებსაც სურდათ წინ აღდგომოდნენ სამოქალაქო ომს და შეექმნათ მშვიდობიანი საზოგადოებები. მისი დახმარებით ოსიეკში, ხორვატიაში დაარსდა „მშვიდობის, არაძალადობისა და ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრი“, რომელიც დღემდე აგრძელებს საქმიანობას.