Skylarking — ინგლისური როკ-ჯგუფ XTC-ის მეცხრე სტუდიური ალბომი, გამოცემული 1986 წლის 27 ოქტომბერს. ჩაწერილი ამერიკელი მუსიკოს ტოდ რანდგრენის პროდიუსერობით, იგი არის ნაწილობრივ კონცეპტუალური ალბომი, რომლის თემების ცხოვრების ციკლები – სეზონები, დღეები და წლები.[14] სახელწოდებას ორმაგი მნიშვნელობა აქვს – იგი დაკავშირებულია ტოროლას ინგლისურ დასახელებასთან და სამეფო ფლოტის ტერმინთან „skylarking“, რაც ნიშნავს „სილულელის კეთებას“.[15]Skylarking მოგვიანებით იქცა ჯგუფის ყველაზე ცნობილ ალბომად[16] და ითვლება მის საუკეთესო ნამუშევრად.[17]
ალბომის მუსიკალური სტილისტიკა სცდება მანამდე ჯგუფისთვის დამახასიათებელ პოსტ-პანკის და ახალი ტალღის ფარგლებს[4]. ისევე, როგორც წინა დისკი, 25 O'Clock (1985), Skylarking შეიქმნა 1960-იანების ფსიქოდელიური პერიოდის შთაგონებით.[18] ჩაწერა ძირითადად მიმდინარეობდა რანდგრენის Utopia Sound-ში (ვუდსტოკი, ნიუ-იორკი). თავად ტოდმა დიდი როლი შეასრულა როგორც ალბომის ხმის დიზაინის, ასევე დასარტყმელი საკრავების პროგრამირების კუთხით, შეიტანა რა ნამუშევარში სიმებიანი და თითბერიანი არანჟირებები, ისევე, როგორც სხვა ინსტრუმენტების ელემენტები. მიუხედავად ყველაფრისა, ალბომის ჩაწერის სესიებს ახლდა დაძაბულობა, განსაკუთრებით რანდგრენს და ენდი პარტრიჯს, ჯგუფის ლიდერს შორის. აგრეთვე არსებობდა მრავალი უთანხმოება დასარტყმელი საკრავების პარტიების, სიმღერების შერჩევის და სხვა საკითხების შესახებ. რანდგრენი და მისი წარმომადგენლები დაადანაშაულეს ალბომის ხმის პოლარიზაციის შეცდომით მასტერინგში, რის გამოც საბოლოო მიქსი, მუსიკოსების აზრით, „სუსტი“ გამოვიდა. მხოლოდ 2010 წელს გამოვიდა ალბომის რემასტერი, რომელშიც პოლარიზება გასწორდა.
გამოსვლისთანავე Skylarking ბრიტანეთში წარუმატებელი იყო და მხოლოდ #90 პოზიციაზე მოხვდა. აშშ-ში იგი კოლეჯების რადიოს ჰიტად იქცა, მიაღწია #70 პოზიციამდე და გაიყიდა დაახლოებით 250 000 ასლის სახით.[19] ბრიტანეთში #100 პოზიციაზე მოხვდა მისი ორივე სინგლი – „Grass“ (b-მხარეზე„Dear God“-თან ერთად) და „The Meeting Place“. ალბომის ადრეულ ასლებში „Dear God“ არ იყო შეტანილი.[20] მას შემდეგ, რაც ამერიკელ დიჯეებს შორის სიმღერამ პოპულარობა შეიძინა, აშშ-ში მისმა თემამ სკანდალი გამოიწვია. რადიოეთერში ისმოდა ზარები, ხოლო პიროვნებები, რომლებიც რეკავდნენ, იმუქრებოდნენ სადგურის აფეთქებით.[21]Skylarking მოხვდა „როლინგ სტოუნის“ „1980-იანი წლების 100 უდიდესი ალბომის სიაში“, 1989 წელს[14] და Pitchfork-ის მსგავს სიაში, 2002 წელს.[22]