ROKVA, როკვა — ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი, რომელიც ტარდება რაჭაში, შოვში, ივლისი-აგვისტოს შუალედში.

ROKVA Magic Mountain/Shovi

2022 წლის ფესტივალის პოსტერი
მდებარეობა შოვი, საქართველო
გამართვის წლები 2019 — დღემდე
დამაარსებლები Afterbeat Group
თარიღები ივლისი-აგვისტო
ჟანრი ელექტრონული მუსიკა
ალტერნატიული როკი

ფესტივალი პირველად 2019 წლის 17 აგვისტოს ჩატარდა შოვში, ყოფილი სამხედრო სანატორიუმის ტერიტორიაზე.[1] ფესტივალზე დაუკრეს ისეთმა ქართულმა მუსიკალურმა ჯგუფებმა, როგორებიცაა Mokumoku, არა, დაგდაგანი და Killages.[2] 2020 წლის ზაფხულში ფესტივალი ორდღიანი იყო და შაორის წყალსაცავის მახლობლად გაიმართა, სადაც ორ განსხვავებულ სცენაზე 45-მდე ქართველი არტისტი წარსდგა, მათ შორის Bedford Falls, The BearFox, ერეკლე დეისაძე, Four Dimensional Monster Lobsters და სხვები.[3]

2021 წელს ფესტივალი კვლავ ორდღიანი უნდა ყოფილიყო და თანამედროვე ქართულ მუსიკალურ სცენასთან ერთად ფესტივალს ესტუმრებოდნენ საერთაშორისო არტისტებიც, ბრიტანულ-გერმანული დუეტი Lebanon Hanover და უკრაინული ჯგუფი დახაბრახა, თუმცა COVID-19-ის პანდემიის გართულებული ეპიდვითარების გამო 14 აგვისტოდან — ფესტივალის ჩატარების პირველი დღიდან — ქვეყანაში ამოქმედდა ახალი შეზღუდვები და სრულად შეიზღუდა ფესტივალებისა და სხვა მასობრივი ღონისძიებების გამართვა,[4] რის გამოც „როკვა“, მანამდე არსებული რეგულაციებისა და რეკომენდაციების გათვალისწინების მიუხედავად, 2022 წლამდე გადაიდო.[5][6]

2022 წელს „როკვა“ 3 დღის განმავლობაში, 29-31 ივლისს კვლავ შოვში გაიმართა და 50-მდე ქართულ და საერთაშორისო პროექტს უმასპინძლა, მათ შორის იყვნენ Nouvelle Vague, ბენჟამინ კლემენტინი, მიშელ გურევიჩი, Bedford Falls, Mellow, Eko & Vinda Folio, არა, Tamada, ბაჩო ჯიქიძე, ლექსო რატიანი, კოლექტივი და სხვანი.[7]

ფესტივალის სახელი (სტილიზებულად ROKVA) უკავშირდება ქართულ სიტყვა „როკვას“ — „ცეკვა და მისთანანი“,[8] რაც ერთ-ერთი ორგანიზატორის თქმით, ზუსტად გამოხატავს ფესტივალის არსს.[9]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ROKVA&oldid=4607536“-დან