Mobira Senator
Mobira Senator არის კომპანია Nokia-ს პირველი მობილური ტელეფონი. გამოვიდა 1982 წელს.[1][2] ის ერთობლივი ძალებით შექმნა ორმა კომპანიამ: Nokia-მ და Salora-მ. 1984 წელს, Nokia-მ შეიძინა Salora, და კომპანიის სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების განყოფილებას დაერქვა Nokia-Mobira Oy.[3] ამ შემთხვევაში "Oy" არის სიტყვა "Osakeyhtiö"-ს შემოკლება, რაც ფინურად სიტყვასიტყვით ნიშნავს სააქციო საზოგადოებას (Joint-stock company), და იგულისხმება შეზღუდული კომპანია (Limited company).[4] 1995 წელს Salora საბოლოოდ შევიდა Nokia-ს შემადგენლობაში.[5]
Mobira Senator | |
---|---|
მწარმოებელი | Mobira Oy (Nokia-ს და Salora-ს ერთობლივი ბრენდი) |
სიხშირეთა დიაპაზონი |
NMT-450 (VHF) |
კორპუსის ტიპი | მანქანის ტელეფონი (Car Phone) |
მასა | 9.8 კგ |
ფოტოკამერა | არა |
მეორე კამერა | არა |
დაკავშირება | 1G (პირველი თაობა) |
ეს მოწყობილობა 9.8 კგ-ს იწონიდა და მანქანით სატარებლად იყო განკუთვნილი. დღესდღეობით, Mobira Senator-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ფიჭური ტელეფონია, რაც კი ოდესმე არსებობდა.[6]
2014 წლის დასაწყისში მიმდინარეობდა Microsoft-ის მიერ Nokia-ს მოწყობილობებისა და სერვისების განყოფილების შეძენის პროცესი, რაც 2014 წლის 25 აპრილს დასრულდა. ამ შესყიდვით შეიქმნა კომპანია Microsoft Mobile, რომელსაც ფლობს კორპორაცია Microsoft-ი.
ისტორია
რედაქტირებაფიჭური სისტემების შექმნამდე
რედაქტირებათანამედროვე ფიჭური მობილური ტელეფონების სისტემის შექმნამდე არსებობდა სხვადასხვაგვარი მობილური რადიო ტელეფონების სტანდარტები.[3] მობილური რადიო ტელეფონები წარმოადგენდა ეგრეთ წოდებულ 0G-ს, ანუ ნულოვან თაობას, რომლის შემდგომაც განვითარდა 1G - ფიჭური კავშირგაბმულობის პირველი თაობა. Nokia აწარმოებდა კომერციულ და სამხედრო მობილური რადიო ტელეკომუნიკაციის ტექნოლოგიას 1960-იანი წლებიდან. 1964 წლიდან Nokia ქმნიდა ძალიან მაღალ სიხშირეზე (Very high frequency - VHF) მომუშავე რადიოს, კომპანია Salora-სთან ერთად. 1966 წელს, Nokia-მ და Salora-მ დაიწყეს ARP (Autoradiopuhelin - "car radio phone" - "მანქანის რადიო ტელეფონი") სტანდარტის შექმნა, რაც წარმოადგენდა მანქანით ტარებისთვის განკუთვნილი მობილური რადიო ტელეფონების სისტემას და ეს იყო პირველი კომერციულად მოქმედი საჯარო მობილური ტელეფონების ქსელი ფინეთში. ის ამუშავდა 1971 წელს და 1978 წლისთვის მომხმარებელს უკვე 100%-იან დაფარვას სთავაზობდა.[7]
1970-იან და 1980-იან წლებში, Nokia აწარმოებდა Sanomalaitejärjestelmä-ს ("Message device system" - "სამესიჯო მოწყობილობების სისტემა"), ციფრულ, პორტაბელურ და დაშიფრულ (encrypted) ტექსტზე დაფუძნებულ საკომუნიკაციო მოწყობილობებს ფინეთის სამხედრო თავდაცვის ძალებისთვის (Finnish Defence Forces).[8] ამ სისტემის ამჟამინდელი ვერსია არის Sanomalaite M/90 (SANLA M/90), რომელიც 2013 წლამდე ხშირად გამოიყენებოდა ფინეთის სამხედრო თავდაცვის ძალებში, 2013 წლიდან კი დაიწყო მისი ჩანაცვლება Panasonic CF-U1 Toughbook პლანშეტური კომპიუტერით, რომელიც Windows 7-ზე მუშაობს.[9]
NMT (1G) ქსელის შემოსვლა
რედაქტირება1979 წელს, Nokia და Salora გაერთიანდნენ და დააარსეს ერთობლივი ბრენდი - Mobira Oy. ამ შემთხვევაში "Oy" არის სიტყვა "Osakeyhtiö"-ს შემოკლება, რაც ფინურად ნიშნავს შეზღუდულ კომპანიას (Limited company). Mobira-მ დაიწყო მობილური ტელეფონების წარმოება NMT (Nordic Mobile Telephony) ქსელის სტანდარტისთვის, ეს იყო 1G (1-ლი თაობა), მსოფლიოში პირველი სრულად ავტომატიზირებული ფიჭური სატელეფონო სისტემა, რომელიც ამუშავდა 1981 წელს. 1982 წელს, Mobira-მ წარადგინა მისი პირველი მობილური ტელეფონი. ეს იყო მანქანის ტელეფონი (Car phone), სახელად Mobira Senator და მუშაობდა NMT-450 სტანდარტის ქსელზე.
Mobira Senator-ის შემდეგ
რედაქტირებაNokia-მ შეიძინა Salora 1984 წელს და კომპანიის სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების განყოფილებას დაერქვა Nokia-Mobira Oy. Mobira Talkman, რომელიც 1984 წელს გამოვიდა, იყო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ტრანსპორტაბელური (მანქანა არ იყო საჭირო) ტელეფონი. 1985 წელს, Nokia-მ გამოუშვა Mobira Talkman 450, 1987 წელს კი Mobira Talkman 900 და Mobira Cityman 900. Senator-ისგან განსხვავებით, Talkman 900 იწონიდა 5 კგ-ზე ნაკლებს, Cityman 900 კი მხოლოდ 800 გრამს - ბატარეასთან ერთად, და მისი ფასი იყო 24,000 ფინური მარკა (დაახლოებით €4,560 ევრო). მაღალი ფასის მიუხედავად, პირველი ტელეფონები საკმაოდ კარგად იყიდებოდა და მობილური ტელეფონი საქმიანი ადამიანის სტატუსის სიმბოლოდ იყო ქცეული.
Nokia-ს მობილური ტელეფონების პოპულარობამ იფეთქა 1987 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირის ლიდერს, მიხეილ გორბაჩოვს გადაუღეს ვიდეოკამერით, თუ როგორ ურეკავდა Mobira Cityman-ით ჰელსინკიდან კომუნიკაციების მინისტრს მოსკოვში.[11] ამის გამო ამ ტელეფონს მეტსახელად "Gorba" უწოდეს.
1988 წელს, ჯორმა ნიემინენი (Jorma Nieminen) Nokia-ს მობილური ტელეფონების სექციის აღმასრულებელი დირექტორის (CEO) თანამდებობიდან გადადგა, და ამ სექციის ორ თანამშრომელთან ერთად შექმნა მობილური ტელეფონების კომპანია - Benefon Oy (ამჟამად ჰქვია Twig Com).[12]
ერთი წლის შემდეგ, Nokia-Mobira Oy-ს შეეცვალა სახელი და გახდა Nokia Mobile Phones.
GSM (2G) ქსელის შემოსვლა
რედაქტირებაNokia იყო GSM (2G) სისტემის ძირითადი მწარმოებელი, ეს იყო მეორე თაობის მობილური ტექნოლოგია, რომელსაც შეეძლო ხმასთან ერთად, მონაცემების გადაგზავნაც. NMT (Nordic Mobile Telephony), მსოფლიოში პირველი მობილური ტელეფონების ქსელის სტანდარტი, რომელიც მომხმარებელს საერთაშორისო roaming-ს სთავაზობდა, Nokia-ს დაეხმარა GSM-ის შექმნაში, რომელიც 1987 წელს მიღებულ იქნა როგორც ციფრული მობილური ტექნოლოგიების ევროპული სტანდარტი.[13]
Nokia-მ თავისი პირველი GSM ქსელი მიაწოდა ფინურ ოპერატორს - Radiolinja, 1989 წელს. მსოფლიოში პირველი კომერციული GSM სატელეფონო ზარი განხორციელდა 1991 წლის 1-ელ ივლისს, ჰელსინკიში, ფინეთის იმჟამინდელი პრემიერ მინისტრის, ჰარი ჰოლკერის (Harri Holkeri) მიერ, Nokia-ს GSM ტელეფონის პროტოტიპით, Nokia-ს მიერ მოწოდებულ ქსელზე.[14] 1992 წელს, გამოვიდა პირველი GSM ტელეფონი - Nokia 1011.[15] მოდელის ნომერი მიუთითებს მისი გამოსვლის თარიღს - 10 ნოემბერი.[15] Nokia 1011-ს არ ჰქონდა Nokia-ს დამახასიათებელი ზარის მელოდია (ringtone), Nokia tune, რომელიც შემოვიდა 1994 წლიდან Nokia 2100 სერიის ტელეფონებში.
GSM-ის მაღალხარისხიანი ხმოვანი ზარები, მარტივი საერთაშორისო roaming-ი და ახალი სერვისების (როგორიცაა ტექსტური შეტყობინებები - SMS) მხარდაჭერა გახდა საფუძველი მსოფლიო ტექნოლოგიური ბუმისა - მობილური ტელეფონების გამოყენების სფეროში. 1990-იან წლებში GSM სისტემა უკვე დომინირებდა მსოფლიოში, 2008 წლისთვის კი დაახლოებით სამი მილიარდი აბონენტი (subscriber) ჰყავდა, და არსებობდა 700-ზე მეტი მობილური ქსელის ოპერატორი - მსოფლიოს 218 ქვეყანაში. დაკავშირებების (Connections) რაოდენობა იზრდებოდა წამში 15-ით, ანუ დღეში 1.3 მილიონით.
აგრეთვე იხილეთ
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მიხეილ გორბაჩოვი საუბრობს Mobira Cityman-ით, 1987 წელი.
- პირველი GSM სატელეფონო ზარი, ჰარი ჰოლკერი (Harri Holkeri), 1991 წელი.
- Mobira Senator - ვიდეო Youtube-ზე
- Nokia-ს მობილური ტელეფონების ევოლუცია (1982-2011)
- Nokia 1011: პირველი GSM ტელეფონი
- Mobira Talkman-ის სარეკლამო რგოლი
- Nokia 1011-ის სარეკლამო რგოლი
- Nokia 3110-ის სარეკლამო რგოლი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Nokia-ს პროდუქტების სია, ინგლისური ვიკიპედია.
- ↑ Nokia-ს ტელეფონების ევოლუცია, 24 დეკემბერი, 2012.
- ↑ 3.0 3.1 Nokia-ს ისტორია, ინგლისური ვიკიპედია.
- ↑ Oy (Osakeyhtiö), ინგლისური ვიკიპედია.
- ↑ კომპანია Salora, ინგლისური ვიკიპედია.
- ↑ Nokia-ს პირველი ტელეფონი, 12 ოქტომბერი, 2014.
- ↑ Juutilainen, Matti. მობილური კომუნიკაციები, ქსელები Finnish (PDF). Lappeenranta University of Technology. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 მარტი 2009. ციტირების თარიღი: 22 March 2009.
- ↑ ფინეთის თავდაცვის ძალები, სამესიჯო სისტემა Finnish. The Finnish Defence Forces (15 June 2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 იანვარი 2010. ციტირების თარიღი: 14 May 2008.
- ↑ ფინეთის თავდაცვის ძალები: სამესიჯო მოწყობილობის პრეზენტაცია. The Finnish Defence Forces. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ოქტომბერი 2008. ციტირების თარიღი: 14 June 2009.
- ↑ Mobira Senator - ვიდეო Youtube-ზე, 29 მაისი, 2011.
- ↑ 11.0 11.1 მიხეილ გორბაჩოვი საუბრობს Mobira Cityman-ზე, 1987 წელი.
- ↑ Karttunen, Anu (2 May 2003). „კომპანია Benefon“. Talouselämä (Finnish). Talentum Oyj. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 სექტემბერი 2011. ციტირების თარიღი: 28 July 2009.
- ↑ „მე-20 დაბადების დღეს გილოცავთ, GSM“. ZDNet.co.uk. CBS Interactive. 7 September 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 ოქტომბერი 2008. ციტირების თარიღი: 23 March 2009.
- ↑ 14.0 14.1 პირველი GSM ზარი, 1991 წელი.
- ↑ 15.0 15.1 Smith, Tony. (9 November 2007) 15 წლის წინ: პირველი GSM ტელეფონი. Register Hardware. Situation Publishing Ltd. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 სექტემბერი 2012. ციტირების თარიღი: 23 March 2009.