ჰომეოსტაზი
ჰომეოსტაზი (ბერძ. homoios - მსგავსი და statis - უძრაობა)— ადამიანის, ცხოველთა და მცენარეთა ორგანიზმის შინაგანი გარემოს შედგენილობისა და ფიზიკურ-ქიმიური თვისებების შედარებითი დინამიკური მუდმივობა და ძირითადი ფიზიოლოგიური ფუნქციების მედეგობა.
ჰომეოსტაზი გულისხმობს ადამიანის, ძუძუმწოვრებისა და ფრინველების სხეულის ტემპერატურის, სისხლისა და ქსოვილთა სითხის, ოსმოსური წნევის, მათში Na, K, Ca, P-ის, ცილების, შაქრის შემცველობის, წყალბადიონთა კონცენტრაციის და სხვ. მუდმივობის შენარჩუნებას. ადამიანისა და უმაღლეს ცხოველთა ყველაზე სრულყოფილი ჰომეოსტაზური მექანიზმია თერმორეგულაცია. ჰომეოსტაზის შენარჩუნებაში დიდი როლი განეკუთვნება ნერვულ და ენდოკრინულ სისტემას.
მცენარეების ჰომეოსტაზის მაგალითია წყლით მომარაგების მუდმივობის შენარჩუნება ფოთლების ბაგეების გახსნისა და ჩაკეტვის გზით. ჰომეოსტაზის ცნებას იყენებენ აგრეთვე ორგანიზმთა თანასაზოგადოების მიმართ, მაგ; ჰომეოსტაზს უწოდებენ ბიოცენოზში ინდივიდების შემადგენლობისა დარაოდენობის მუდმივობას.
გენეტიკური ჰომეოსტაზი
რედაქტირებაპოპულაციის უნარი შეინარჩუნოს გენეტიკური შედგენილობის მუდმივობა, რაც მის მაქსიმალურ სიცოცხლის უნარიანობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 682-683.