ჰინდური ლიტერატურა

ჰინდური ლეტერატურაინდოეთის ერთ-ერთი ლიტერატურა. ვითარდება ჰინდი ენასა და მის დიალექტებზე. წარმოიშვა ორთოდოქსული ბრაჰმანიზის წინააღმდეგ მებრძოლ ბუდისტურ, ჯაინისტურ და შივაისტურ სექტებში, რომელთა წარმომადგენლებიც ხალხს სალაპარაკო ენაზე უქადაგებდნენ (IX-XI საუკუნეებში). პოეტი-მქადაგებლები რელიგიურ-ფილოსოფიურ იდეებს გადმოსცემდნენ ლექსებითა და ტრაქტატებით, რომლებმაც ფრაგმენტების სახით მოაღწია. ამ მხრივ მნიშვნელოვანია გორაქნათის (დაახლ. X საუკუნე) შემოქმედება .

წიგნი ღმერთ სურიის გამოსახულებებით.

X საუკუნეში ჩრდილოეთ ინდოეთში მაჰმადიანთა შემოსევამ განაპირობა ეპიკური საგმირო პოეზის განვითარება. ამ ჟანრის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებად ითვლება ჩანდ ბარდაის „პოემა პრითვირაჯზე“ (დაახლ. XII საუკუნე). ჰინდურ ლიტერატურაზე დიდი გავლენა მოახდინა რელიგიურ-რეფორმისტულმა მოძრაობამ ბრაქტიმ, რომელიც მიმართული იყო კასტური და სოციალური უთანასწორობის წინააღმდეგ. ამ პერიოდისთვის (XII-XIV საუკუნეები) დამახასიათებელია ინდუისტურ და მაჰმადიანურ რელიგიურ-ფილოსოფიურ იდეათა სინთეზი (პოეტი ქაბირი). ამავე პერიოდში გავრცელდა ინდოეთში ბჰაქტის იდეებთან ახლოს მდგომი სუფიზმი. ჰინდური სუფიური პოეზიის მთავარი თემაა მისტიკური სიყვარული. სუფი პოეტის მ. მ. ჯაიასის პოემა „პადმავატი“ (დაახლ. 1540) ინდუისტური და მაჰმადიანური ტრადიციების შერწყმის ნიმუშია. ბჰაქტის ლიტერატურაში განსაკუთრებით პოპულარული იყო თემა ვიშნუ ღმერთის გარდასახვისა მიწიერ მწყემს კრიშნად და მეომარ რამად (XV-XVI საუკუნის პოეტები სურდასი, მირა ბაი (1433-1547), ტულსიდასი).

ინგლისელი კოლონისტების პოლიტიკამ თითქმის საუკუნენახევრით შეაფერხა ჰინდური ლიტერატურის განვითარება. პოეზიამ ეროტიკული ხასიათი მიიღო. მხოლოდ ერთეულებმა შეუნარჩუნეს პოეზიის გმირული სული (ბჰუშანი, 1613-1715).

XIX საუკუნის დასაწყისიდან კაპიტალიზმის განვითარებამ ჰინდური ლეტერატურის აღორძინების პირობები შექმნა. ჩაისახა განმანათლებლობა, რომელიც დაკავშირებული იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლასთან და რელიგიურ იდეალოგიასთან. განმანათლებლური ჰინდური ლიტერატურის ფუძემდებელია ჰარიშჩანდრა (1850-1885) — რეალისტური ლექსების, დრამატული და პუბლიცისტური თხზულებების ავტორი. ჰინდური პროზის ფუძემდებელია ლალუ ჯი ლალი. პირველი რომანის („გამომცდელი“, 1882) ლ. შრინივასდასი. განვითარდა მოთხრობის ჟანრი (პრემჩანდი, ჯ. პრასადი, 1899-1937). ამ პერიოდის ჰინდურ ლიტერატურაზე გარკვეული გავლენა მოახდინა ევროპულმა, ძირითადად ინგლისურმა კულტურამ. ინგლისელი კოლონიზატორების წინააღმდეგ 1857-1859 წლების სახალხო აჯანყებამ დიდი გამოძახილი პოვა ინდურ ლიტერატურასა და ფოლკლორში. შეიქმნა ნაწარმოებები, რომლებიც ხალხს ერთობისა და კოლონიზატორებთან ბრძოლისაკენ მოუწოდებდა.

XX საუკუნის დასაწყისიდან გაბატონდა რომანტიზმი („ჩაიავადი“) თავისი მკვეთრად გამოხატული ეროვნული კოლორიტით (პრასადი, ნირალა, ს. სანტი, მაჰადევი ვარმა, დ. 1907). 30-იან წლებში ყველა ჟანრში იგრძნობოდა საზოგადოებრივი თემატიკისაკენ ლტოლვა, რასაც ხელი შეუწყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გაცხოველებამ, მარქსიზმის გავრცელებამ, პროგრესულმა საზღვარგარეთულმა (ძირითადად საბჭოთა) ლიტერატურამ. ინდოეთის პროგრესულ მწერალთა ასოციაციამ (შეიქმნა 1936 წელს) დასაბამი მისცა ახალ მიმდინარეობას — „პრაგატივადს“ („პროგრესივიზმი“). განვითარდა კრიტიკული რეალიზმი, რომლის ფუძემდებელია პრემჩანდი. 40-იანი წლების დასასრულს დასავლური თეორიების გავლენით ჩამოყალიბდა ინდური მოდერნიზმი (თეორეტიკოსი აგიეა). მოდერნიზმულმა კონცეფციებმა გავლენა მოახდინა 50-70-იანი წლების ჰინდურ პოეზიასა და პროზაზე. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა 1975 წელს ინდოეთის პროგრესულ მწერალთა ფედერაციის შექმნას. 70-80-იან წლებში ვითარდებოდა რეაისტური ლიტერატურის ტრადიციები (იაშპალი (1903-1976), უ. აშკი, ს. პანტი, მ. გუპტა (დ. 1908), მარკანდეი (დ. 1931), კამლეშვარი (დ. 1932)) და სხვ.

ლიტერატურა

რედაქტირება