ჰიდის ქედი, ჩრდილოეთი ალპები (იაპონ. 飛騨山脈) — ქედი იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუს ცენტრალურ ნაწილში. ადმინისტრაციული თვალსაზრისით, მოქცეულია ნიიგატის, ტოიამის, ნაგანოსა და გიფუს პრეფექტურების ტერიტორიაზე. კისოსა და აკაისის ქედებთან ერთად ქმნის იაპონიის ცენტრალურ მთათა კვანძს. წარმოადგენს იაპონიის ალპების შემადგენელ ნაწილს.[1]

ჰიდის ქედი
კოორდინატები: 36°30′ ჩ. გ. 137°36′ ა. გ. / 36.500° ჩ. გ. 137.600° ა. გ. / 36.500; 137.600
ქვეყანა იაპონიის დროშა იაპონია
უმაღლესი წერტილი ჰოტაკადაკე
სიმაღლე 3190 
სიგრძე 100 კმ
სიგანე 35 კმ
ჰიდის ქედი — იაპონია
ჰიდის ქედი
სურათები ვიკისაწყობში

ჰიდის ქედი ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენ გადაჭიმულია დაახლოებით 100 კმ-ზე, სიგანე 35 კმ. მაქსიმალური სიმაღლე 3190 მ (მთა ჰოტაკადაკე). სხვა მთებიდან მნიშვნელოვანია იარიგატაკე (3180 მ) და შიროუმა (2932 მ). ქედის ფარგლებშია 4 მოქმედი ვულკანი: ტატეიამა (2621 მ), იაკედაკე (2455 მ), ნორიკურა (3025 მ) და ონტაკე (3067 მ).[2]

აგებულია პალეოზოური ასაკის ფიქლებით, კვარციტებითა და კირქვებით, აგრეთვე გრანიტებითა და ვულკანური ქანებით.[3] დამახასიათებელია ალპური ტიპის თხემი ძველი გამყინვარების კვლებით, რომელთა შორისაა მყინვარული ცირკები და მორენები. დანაწევრებულია მდინარეთა ხეობებით. აზევდა დაახლოებით 25 მლნ. წლის წინ.[4] ტექტონიკურად აქტიურია. ებჯინება ვეებერთელა ფოსა-მაგნას რიფტულ ხეობას. ციცაბოდ ეშვება იაპონიის ზღვისკენ.[5]

ჭარბობს წიწვოვანი ტყე, მათ შორის ნაძვი და სოჭი, ქვედა კალთებზე შერეული და ფართოფოთლოვანი ტყეა. თითქმის მთლიანადაა გარშემორტყმული ტუბუ-სანგაკუს ეროვნული პარკით. თვალწარმტაცი ლანდშაფტების გამო ხშირად „იაპონიის ალპებს“ უწოდებენ.[1]

ქედის მწვერვალები პირველად დაიპყრო უილიამ გოულანდმა 1878 წელს, რომელმაც მას „იაპონიის ალპები“ უწოდა. მოგვიანებით სახელწოდება გავრცელდა აგრეთვე კისოსა და აკაიშის ქედებზეც, ხოლო ჰიდას უწოდეს „ჩრდილოეთ ალპები“.[2] არის ტყვია-თუთიის საბადო.[5]

  1. 1.0 1.1 Hida Range | Encyclopedia Britannica www.britannica.com
  2. 2.0 2.1 Hida Mountains | Encyclopedia Nipponica www.kotobank.jp
  3. Краткая географическая энциклопедия. Том 4: М., 1964.
  4. Carina Hoorn, Allison Perrigo, Alexandre Antonelli. Mountains, Climate and Biodiversity. 2018.
  5. 5.0 5.1 Хида | Большая советская энциклопедия www.bse.sci-lib.com