ჯო კოქსი
ჯო კოქსი (ინგლ. Helen Joanne Cox, ქალიშვილობისას ლიდბითერი; დ. 1974 — გ. 2016) — ბრიტანელი პოლიტიკური მოღვაწე, პარლამენტის წევრი ლეიბორისტული პარტიიდან. ის გახდა თანამედროვე ეპოქის პირველი მოქმედი ბრიტანელი დეპუტატი, რომელიც მოკლული იქნა პოლიტიკური სიძულვილის ნიადაგზე.
ჯო კოქსი | |
ბრიტანეთის პარლამეტის წევრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
7 მაისი, 2015 – 16 ივნისი, 2016 | |
დაბადებული | 22 ივნისი 1974 ბეთლი, იორკშირი, ბრიტანეთი |
გარდაცვლილი | 16 ივნისი 2016 ლიდსი, იორკშირი, ბრიტანეთი |
მოქალაქეობა | დიდი ბრიტანეთი |
პოლიტიკური პარტია | ლეიბორისტული პარტია |
მეუღლე | ბრენდან კოქსი |
შვილები | 2 |
განათლება | კემბრიჯის უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაადრეული პერიოდი
რედაქტირებაჯო კოქსი დაიბადა დასავლეთ იორკშირის საგრაფოს ქალაქ ბათლიში. მან კემბრიჯის უნივერსიტეტის პემბროუკის კოლეჯში ჩააბარა თავდაპირველად ანთროპოლოგიის და არქეოლოგიის განხრით, შემდეგ კი - პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტზე. მოგვიანებით იგი ლონდონის ეკონომიკის სკოლაში სწავლობდა.[1]
კოქსი მუშაობდა ლეიბორისტული პარტიის დეპუტატის ჯონ უოლის მრჩევლად, აგრეთვე, ბრიუსელში ევროპარლამენტის წევრის გნელის კინოკის თანაშემწედ. 2001 წლიდან ის ცხრა წლის მანძილზე ოქსფამის ჰუმანიტარულ პროექტებში მონაწილეობდა. ამ სფეროში მოღვაწეობისას ის უშუალოდ გაეცნო დარფურისა და ავღანეთის მწვავე სოციალურ პრობლემებს, რამაც დიდი როლი ითამაშა მისი პოლიტიკური მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში.
დეპუტატობამდე ჯო კოქსი მუშაობდა პრემიერ-მინისტრ გორდონ ბრაუნის მეუღლის მრჩევლად, ასევე აქტიურობდა ლეობორისტული პარტიის ქალთა საბჭოში.
პარლამენტის წევრი
რედაქტირება2015 წელს მან გაიმარჯვა ბრიტანეთის პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატად შიდაპარტიულ სელექციაში, შემდეგ კი - საყოველთაო არჩევნებში.
საპარლამენტო მოღვაწეობისას ჯო კოქსმა სახელი გაითქვა სირიის თემით. ჰუმანიტარული მოსაზრებებით, კერძოდ, სამოქალაქო მოსახლეობაზე ბაშარ ასადის მთავრობის საავიაციო იერიშების აღკვეთის მიზნით, იგი მოითხოვდა სირიაში ფრენისთვის აკრძალული ზონის დაწესებას და მის ეფექტიან განხორციელებას. დეპუტატი ასევე აქტიურობდა ბრიტანეთის მიერ ობლად დარჩენილი სირიელი ბავშვების მიღების საკითხში.[2] პარლამენტში იგი სათავეში ჩაუდგა დეპუტატთა "სირიის მეგობართა ჯგუფს".[3]
ჯო კოქსს სჯეროდა, რომ ბრიტანეთს ევროკავშირის შემადგენლობაში უკეთესი მომავალი ჰქონდა, ამიტომ 2016 წლის 23 ივნისს დანიშნული რეფერენდუმის წინ ენერგიულად გამოდიოდა ამ თანამეგობრობაში ქვეყნის დარჩენის მომხრედ.
მკვლელობა
რედაქტირება16 ივნისს დეპუტატი ლიდსის გარეუბან ბირსტალის ბიბლიოთეკაში ამომრჩეველთან შეხვედრაზე იმყოფებოდა, როცა მასზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. დამნაშავემ მას ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ ესროლა, აგრეთვე, დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა გულის, ფილტვების, ღვიძლის და მუცლის არეში, რაც სასიკვდილო აღმოჩნდა. მკვლელობა ნეონაცისტური დაჯგუფების 52 წლის წევრმა ჩაიდინა, რომელიც გატაცებული იყო სხვადასხვა ექსტრემისტული ორგანიზაციების საქმიანობით.[4]
ეს მოქმედი დეპუტატის პირველი მკვლელობა იყო 1990 წლის შემდეგ, როცა ირლანდიასთან გაერთიანებისთვის მებრძოლი "რესპუბლიკური არმიის" მიერ მოწყობილ აფეთქებას პარლამენტის წევრი შეეწირა. სააგიტაციო კამპანია შეჩერდა, პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა გააუქმა გიბრალტარში დაგეგმილი ვიზიტი, რათა სხვადასხვა პოლიტიკური ბანაკის წარმომადგენლებს ღირსეული პატივი ეგოთ დაღუპული კოლეგის ხსოვნისთვის. [5]
აღმოჩნდა, რომ სიკვდილამდე სამი თვის განმავლობაში ჯო კოქსი მუქარის შემცველ გზავნილებს იღებდა ფოსტის მეშვეობით, რომელსაც ის ყურადღებას არ აქცევდა. სირიაში დაბომბვების კამპანიის მხარდაჭერის გამო ზოგმა დეპუტატმა სიძულვილის ენით გაჯერებული გზავნილები მიიღო, რამაც მთავრობას მათი პირადი უსაფრთხოების გაძლიერებისკენ უბიძგა.[6]
ოჯახური მდგომარეობა
რედაქტირება2009 წელს ჯო კოქსი დაქორწინდა ბრენდან კოქსზე, რომელიც ორგანიზაციის Save the Children აღმასრულებელი მდივანი და ასევე პრემიერ გორდონ ბრაუნის მრჩეველი იყო. წყვილს ორი შვილი დარჩა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Jo Cox MP dead after shooting attack bbc.com, 16 June 2016
- ↑ Jo Cox's devastated colleagues break down in tears as Britain unites in grief for murdered MP - as it's revealed police assessed her security after she faced THREE-MONTH barrage of hate-mail 19 June 2016
- ↑ U.K. lawmaker Jo Cox dead after shooting attack cbs.com
- ↑ Who killed Jo Cox and where is Thomas Mair now? thesun.com, 27 September 2019
- ↑ British Labour MP dies after being shot in street; Brexit campaigning on hold abc.net.au, 16 June 2016
- ↑ Jo Cox dead after being shot and stabbed[მკვდარი ბმული] valuewalk.com