ჯოფრი ჰინტონი
ჯოფრი ევერესტ ჰინტონი (ინგლ. Geoffrey Everest Hinton; დ. 6 დეკემბერი, 1947, ლონდონი) — ბრიტანელ-კანადელი კოგნიტოლოგ-ფსიქოლოგი და მეცნიერი ინფორმატიკის დარგში. ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკაში (ჯონ ჰოპფილდთან ერთად, 2024).
1970 წელს დაამთავრა კემბრიჯის უნივერსიტეტი (ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის ბაკალავრი), 1978 წელს მიიღო ედინბურგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი ხელოვნური ინტელექტის დარგში. 1978-1982 წლებში სადოქტოროს შემდგომ სამუშაოზე იყო სასექსისა და სან-დიეგოს კალიფორნიის უნივერსიტეტებში (აშშ). 1982-1987 წლებში კომპიუტერულ მეცნიერებას ასწავლიდა კარნეგი-მელონის უნივერსიტეტში, 1987-1998 წლებში და 2001 წლიდან — ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორი. 1998-2001 წლებში სათავეში ედგა მის მიერვე დაფუძნებულ გეტსბის გამოთვლითი ნეირომეცნიერების განყოფილებას ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში. 2013-2023 წლებში ჰინტონი იყო კომპანია „გუგლის“ თანამშრომელი.
ჰინტონის კვლევებმა ნეირონული ქსელების მოდელების შესახებ რევოლუციური ცვლილებები შეიტანა ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში (ამის გამო მას „ხელოვნური ინტელექტის“ ნათლიმამასაც უწოდებენ). განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი წვლილი უკუპროპაგაციული მოდელის, ბოლცმანის მანქანის, განაწილებული სისტემების სფეროებში. 2023 წლიდან ჰინტონი თავადვე ხშირად აკრიტიკებს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიას მისი შესაძლო დამაზიანებელი მხარეების გამო.
ჰინტონს მიღებული აქვს მრავალი სამეცნიერო ჯილდო, მ. შ. კოგნიტური მეცნიერების საზოგადოების მიერ დაწესებული დევიდ რუმელჰარტის პრემია (2001), კანადის გერჰარდ ჰერცბერგის ოქროს მედალი (2010), ტიურინგის პრემია (იოშუა ბენგიოსა და იან ლეკუნთან ერთად, 2018). 2024 წელს ჰინტონს ჯონ ჰოპფილდთან ერთად ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიკაში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ჯოფრი ჰინტონი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 Who's who — (untranslated), 1849. — ISSN 0083-937X
- ↑ 2.0 2.1 https://www.cs.toronto.edu/~hinton/fullcv.pdf
- ↑ 3.0 3.1 Czech National Authority Database
- ↑ https://www.ieee.org/content/dam/ieee-org/ieee/web/org/about/awards/recipients/rosenblatt-rl.pdf
- ↑ https://cognitivesciencesociety.org/rumelhart-prize/
- ↑ https://aaai.org/about-aaai/aaai-awards/the-aaai-fellows-program/elected-aaai-fellows/
- ↑ https://awards.acm.org/about/2018-turing
- ↑ Dr. Geoffrey E. Hinton — (untranslated).
- ↑ https://www.cmu.edu/dickson-prize/past-winners/index.html
- ↑ https://www.ieee.org/content/dam/ieee-org/ieee/web/org/about/awards/recipients/maxwell-rl.pdf
- ↑ https://www.acm.org/media-center/2024/january/fellows-2023
- ↑ The Nobel Prize in Physics 2024
- ↑ https://api.nobelprize.org/2.1/laureate/1038