ჯოვანა იტალიელი
ჯოვანა იტალიელი (იტალ. Giovanna d'Italia), აგრეთვე ცნობილია როგორც ჯოვანა სავოიელი (იტალ. Giovanna di Savoia) და ჯოანა ბულგარელი (ბულგ. Йоанна Българска; დ. 13 ნოემბერი, 1907, რომი, იტალია — გ. 26 თებერვალი, 2000, ეშტორილი, პორტუგალია) — სავოიელთა დინასტიის წარმომადგენელი. იტალიის მეფე ვიტორიო ემანუელე III-ისა და დედოფალ ელენა მონტენეგროელის ქალიშვილი. ბულგარეთის უკანასკნელი დედოფალი 1930-1943 წლებში როგორც მეფე ბორის III-ის მეუღლე.
ჯოვანა იტალიელი | |
---|---|
ბულგარეთის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 25 ოქტომბერი, 1930 |
მმართ. დასასრული: | 28 აგვისტო, 1943 |
წინამორბედი: | ელეონორა როის ცუ კოისტრიცი |
მემკვიდრე: | მონარქია გაუქმდა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 13 ნოემბერი, 1907 |
დაბ. ადგილი: | რომი, იტალია |
გარდ. თარიღი: | 26 თებერვალი, 2000, (92 წლის) |
გარდ. ადგილი: | ეშტორილი, პორტუგალია |
მეუღლე: | ბორის III, ბულგარეთის მეფე |
შვილები: |
მარია ლუიზა, კოარის პრინცესა სიმეონ II, ბულგარეთის მეფე |
სრული სახელი: | ჯოვანა ელიზაბეტა ანტონია რომანა მარია |
დინასტია: | სავოიელები |
მამა: | ვიტორიო ემანუელე III, იტალიის მეფე |
დედა: | ელენა მონტენეგროელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაჯოვანა დაიბადა 1907 წლის 13 ნოემბერს რომში. იგი იყო იტალიის მეფე ვიტორიო ემანუელე III-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ელენა მონტენეგროელის შუათანა ქალიშვილი. იგი იყო იტალიის უკანასკნელი მეფის, უმბერტო II-ის უმცროსი და.
1930 წლის 25 ოქტომბერს ჯოვანა ცოლად შერთეს ბულგარეთის მეფე ბორის III-ს. ქორწინება ასისში, კათოლიკური წესების დაცვით შედგა. ცერემონიას ესწრებოდა გამოჩენილი იტალიელი დიქტატორი ბენიტო მუსოლინიც. ბულგარელებს ეს ქორწინება მოსწონდათ, რადგან ჯოვანას დედაც სლავური ეთნოსის წარმომადგენელი იყო და გათხოვებამდე მართლმადიდებლური აღმსარებლობა ჰქონდა, თუმცა ჯოვანამ დედისგან განსხვავებით ქორწინების შემდეგ რელიგია არ შეიცვალა და ბოლომდე კათოლიკედ დარჩა. დედოფალი ჯოვანა აქტიურად მფარველობდა ბულგარეთის კათოლიკურ სამოციქულო ეკლესიას, რის გამოც პაპ იოანე XXIII-სგან შექებაც დაიმსახურა. დედოფალმა ჯოვანამ სულ ორი ბავშვი გააჩინა: მარია ლუიზა (დ. 1933) და სიმეონი (დ. 1937).
დედოფალი ჯოვანა აქტიურად იყო ჩაბმული საქველმოქმედო საქმიანობაში, განსაკუთებით კი ბავშვებზე ზრუნვით იყო დაინტერესებული. მეორე მსოფლიო ომის დროს იგი ქმართან ერთად ეხმარებოდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან გამოქცეულ ებრაელებს და ამერიკასა და არგენტინაში აპარებდათ მათ. ამ პერიოდში დედოფალმა ჯოვანამ ათასობით ებრაელის სიცოცხლე გადაარჩინა. მის ქმარს, მეფე ბორის III-ს ჰიტლერის დიდი იმედი ჰქონდა. მას უნდოდა, რომ გერმანელებს ბულგარეთისთვის თრაკია, მაკედონია და სხვა მიწები გადაეცათ, რის გამოც 1943 წელს ბორისი გერმანიაში ჩავიდა ჰილტერთან შესახვედრად, სადაც იგი მძიმედ დაავადდა და იმავე წლის 28 აგვისტოს გარდაიცვალა, 49 წლის ასაკში.
ამგვარ პირობებში ტახტი ჯოვანას ვაჟმა, სიმეონ II-მ დაიკავა. საყვარელი მეუღლის დაკარგვამ საშინლად იმოქმედა დედოფალზე, რომელსაც ამის შემდეგ გულის პრობლემები დაეწყო. გერმანელებმა იცოდნენ, რომ ჯოვანა ანტი-ნაცისტური იდეოლოგიის გამტარებელი იყო, რის გამოც მცირეწლოვან მეფეს რეგენტად ჯოვანას მაზლი, მთავარი კირილი დაუნიშნეს.
მეორე მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხების შემდეგ, 1946 წელს ბულგარეთში საბჭოთა კავშირის ჯარები შეიჭრნენ. ხალხთან ერთად კომუნისტებმა დაამხეს კირილის მმართველობა და მასთან ერთად ჩამოაგდეს მეფე სიმეონ II-ც, რითაც ბულგარეთში მონარქია დაემხო და სოციალისტური წყობა დამყარდა. თავდაპირველად დედოფალი ჯოვანა და მისი ვაჟი შინა პატიმრობაში იმყოფებოდნენ ვრანას სასახლეში, სოფიასთან ახლოს. მას შემდეგ, რაც კომუნისტური წყობა საბოლოოდ დამყარდა, ახალმა მთავრობამ დედოფალსა და მის ვაჟს 48 საათი მისცათ ქვეყნის დასატოვებლად.
ჯოვანა თავის ვაჟთან ერთად ალექსანდრიაში, ეგვიპტეში ჩავიდა მეფე ფარუკის კარზე, სადაც იმყოფებოდნენ ჯოვანას მშობლები და და-ძმები, რომლებიც ასევე 1946 წელს დაამხეს იტალიაში. მოგვიანებით იგი მადრიდში გადასახლდა. 1962 წელს სიმეონი დაქორწინდა. ჯოვანამ მიიჩნია, რომ ვაჟისათვის იგი ძველებურად საჭირო აღარ იყო, რის გამოც იმავე წელს დატოვა ესპანეთი და ეშტორილში, პორტუგალიაში გადასახლდა. მოგვიანებით, მას მხოლოდ ერთხელ, 1993 წელს დართეს ბულგარეთში ჩასვლის ნება, სადაც მას ქუჩაში ათასობით ადამიანი სიხარულით გამოეგება. ამის შემდეგ იგი კვლავ პორტუგალიაში დაბრუნდა, სადაც გაატარა დარჩენილი ცხოვრება და გარდაიცვალა 2000 წლის 26 თებერვალს, 92 წლის ასაკში.
ლიტერატურა
რედაქტირება- Boris III of Bulgaria 1894–1943, by Pashanko Dimitroff, London, 1986, ISBN 0-86332-140-2
- Crown of Thorns by Stephane Groueff, Lanham MD., and London, 1987, ISBN 0-8191-5778-3
- The Daily Telegraph, Obituary for "HM Queen Ioanna of the Bulgarians", London, 28 February 2000.
- Hans-Joachim Böttcher: Ferdinand von Sachsen-Coburg und Gotha 1861 - 1948 - Ein Kosmopolit auf dem bulgarischen Thron. Osteuropa Zentrum Berlin - Verlag (Anthea Verlagsgruppe), Berlin 2019, ISBN 978-3-89998-296-1, S. 379–380 u. a.