ჯიჯეთის ეკლესიის კომპლექსი
ჯიჯეთის ეკლესიის კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიჯეთის დასავლეთით, 2,5-3 კილომეტრზე, ტყიანი მთის წვერზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. კომპლექსში შედის ეკლესია, კოშკი და გალავანი. ეკლესია დარბაზულია (12,2 x 7,4 მეტრი), ნაშენი ყოფილა სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით. თითქმის მთლიანად დანგრეულია. შემორჩენილია ნახევარწრიული აფსიდის ნაწილი (სიმაღლე 1,6 მეტრი), რომლის სამხრეთ გვერდში პატარა სწორკუთხა ნიშია. ეკლესიის დასავლეთით, თხუთმეტიოდე მეტრის მანძილზე, დგას გეგმით წრიული (დიამეტრი 7,4 მეტრი) კოშკი. მისი აღმოსავლეთ ნახევარი მთლიანად დანგრეულია. შემორჩენილი ნაწილის სიმაღლე 7 მეტრს აღწევს. კოშკი ნაგები ყოფილა სხვადასხვა ზომის მოგრძო (ძირითადად თხელი), ნატეხი ქვითა და კირის დუღაბით. წყობაში რიგების სწორხაზოვნება ნაწილობრივაა დაცული. l სართული მთლიანად ჩამონაშალი ქვებითა და მიწითაა ამოვსებული. ll სართულზე ერთი სწორკუთხა სარკმელი და მცირე ზომის კვადრატული ნიშია. მსგავსი სარკმელი lll სართულზეცაა. კოშკს ხის სართულშუა გადახურვა ჰქონია - შემორჩენილია კოჭების საყრდენი რამდენიმე ბუდე. ნაგებობების გარშემორტყმული ყოფილა მრუდხაზოვანი ფორმის (33 x 45 მეტრი), ამჟამად ფრაგმენტულად ქცეული გალავნით, რომელსაც დასავლეთიდან სწორკუთხა კოშკი (მთლიანად დანგრეულია) ეკვროდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 425.