ჯავახური ბატიბატის ადგილობრივი ჯიში. მისი წარმოშობის შესახებ მკვლევრებს განსხვავებული მოსაზრებები გააჩნიათ. მათ შორის უფრო პოპულარულია ვარაუდი, რომ ჯავახური ბატი ამ მხარეში მობინადრე გარეული ნაცარა (რუხი) ბატისგან შეიძლება იყოს წარმოშობილი.[1] შინაური ბატი საქართველოში, ძირითადად, წარმოდგენილია ორი ნაირსახეობით: ჯავახური ჭრელი და ჯავახური ნაცარა (რუხი), თუმცა ზოგიერთი მკვლევარი გამოყოფს მესამე, ჯავახური თეთრი ბატების ჯგუფსაც. ქვეყნის სხვადასხვა გეოგრაფიული მხარის პოპულაციებში ამ ნაირსახეობათა ხვედრითი წილი განსხვავებულია: აღმოსავლეთ საქართველოში საერთო რაოდენობის 55–62% ჭრელია, 20–25% ნაცარა და 18–20% თეთრია, დასავლეთში შესაბამისად 45–55%, 25–30% და 20–25%.[2]

ჯავახური ბატს აქვს მკვრივი სხეული, ფართო, მოკლე და ჰორიზონტალურად მდგომია; ფეხები მოკლეა. კისერი — საშუალო სიგრძისა, თავი — მოკლე და მსუბუქი, ნისკარტი — მრგვალი, სწორი და საშუალო ზომის. გაზაფხულზე დედალ ბატს მუცელზე ნაკეცები აღენიშნება. ერთი წლის ასაკის ბატის სხეულის სიგრძე კისრის ჩათვლით 45–47 სმ-ია, მკერდის ძვლის სიგრძე — 13,5–15,0 სმ, მკერდის სიღრმე — 9,0–11,0 სმ, ტერფის ძვლის სიგრძე — 6,5–8,0 სმ, გულმკერდის ირგვლივა — 38,0–41,5 სმ. ამავე ასაკის დედლის ცოცხალი მასაა 4,0–4,2 კგ, მამლისა — 4,4–4,6 კგ. დასავლეთ საქართველოში ბატები რამდენადმე უფრო მცირე წონისაა. დედალი ბატი კვერცხის დებას იწყებს 10–12 თვის ასაკში. პირველ წელს დებს 18–30 ცალ კვერცხს, მეორე წელს კვერცხმდებლობას 20–25%-ით ზრდის, მესამე წელს — 30-50%-ით, მეოთხე წელს კლებულობს. კვერცხის მასა კვერცხდების I, II და III წელს შეადგენს 140–142, 145–158 და 150–152 გრამს. კვერცხდების პერიოდის მიხედვით განსხვავდება გამოჩეკის პროცენტულობაც; I წელს ეს მაჩვენებელი არის 68–73%, II წელს — 70–76%, III წელს — 72–78%, მოთხე წელს — 60–62%. ბატის ჭუჭული ხასიათდება მაღალი ცხოველმყოფელობით: 2 თვემდე ასაკის მოზარდის შენარჩუნების პროცენტია 95–96, ხოლო 2-დან 10 თვემდე — 93–94. ჯავახურ ბატში მონოგამურობა ჩვეულებრივზე დაბალია და 10–15% შეადგენს.[2]

ცნობილია, რომ შინაური ბატის მეორე ძირითად პროდუქტს, ხორცის შემდეგ, ფრთა-ბუმბული წარმოადგენს, რომლის ხარისხსაც განსაზღვრავს მასში ძვირფასი ნედლეულის — ღინღლის, ოდენობა. ლიტერატურული მონაცემებით, ბატის ფრთა-ბუმბულში ღინღლის ხვედრითი წილი, საშუალოდ, 25–30%-მდეა, ჯავახური ბატის ფრთა-ბუმბულში კი, როგორც მეცნიერული მოკვლევებით დადგინდა, 35–40%-მდე, რაც ძალიან მაღალია ბატის სხვა ჯიშებთან შედარებით, და ჯიშის დიდი პლუსად ითვლება.[1]

XX საუკუნის 80-იან წლების ბოლოს საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევლითი ინსტიტუტის სასწავლო-ექსპერიმენტულ ფერმაში ჰყავდათ 2500 ფრთა ჯავახური ბატი. დღეისათვის ის მხოლოდ საოჯახო მეურნეობებში ჰყავთ დმანისის, მარნეულის, ახალციხის, ახალქალაქის, ლაგოდეხის, თელავის და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში.[2]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჩაგელიშვილი ა., ჯავახური ბატი. „ვეტერინარია“, № 2, 1998;
  • ჩაგელიშვილი ა., ჯიქია ლ., ადგილობრივი ფრინველის ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია. აგრარული უნივერსიტეტის შრომათა კრებული, ტ. XXXV, 2007;
  • ჩაგელიშვილი ა., მიტიჩაშვილი რ., ადგილობრივი ჯავახური ბატი. შრომათა კრებული, „აგრარულ მეცნიერებათა პრობლემები“, ტ. XXXXI, 2007;
  • Чагелишвили А., Хуцишвили М. Сравнительная оценка пастбищного и интесивного способов выращивания гусей джавахетской породы. «Известия Аграрной науки», т.6, №.3, 2008.
  1. 1.0 1.1 კუნჭულია, თ., კიკალიშვილი შ., პური ჩვენი არსობისა: წიგნი I, თბ.: პალიტრა L, 2016.
  2. 2.0 2.1 2.2 ჯავახური ბატი. საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება. catalog.elkana.org.ge. ციტირების თარიღი: 27 ივნისი, 2020.