ხუტა ახვლედიანი (დ. 4 თებერვალი, 1894, გურძემი, მარტვილის მუნიციპალიტეტი — გ. 9 იანვარი, 1975) — ქართველი პედაგოგი, ჟურნალისტი, სამხედრო პირი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა ჯერ ძველსენაკის, ხოლო შემდეგ ქუთაისის გიმნაზია და თბილისის სასულიერო სემინარია.

მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. გახდა ქართული ჯარის მაიორი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. ცვლილებები მოხდა სასაზღვრო და საბაჟო სამსახურების სტრუქტურაში 1918 წელს. ამიტომ სხვა სამხედრო პირებთან ერთად ბათუმის საბაჟოს შტატში ჩაირიცხა. 1921 წლის 17 მარტს დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა უცხოეთში ბათუმის საბაჟოს გავლით წავიდა. ამის გამო ბოლშევიკები საბაჟოს მოხელეებს გაუწყრნენ და ევსევი ახვლედიანსაც არაერთი უსიამოვნება შეხვდა. მონაწილეობდა 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში, რომლის დამარცხების შემდეგ რამდენიმე წლის მანძილზე ახლობლებთან იმალებოდა, ხშირად იცვლიდა მისამართებს, ფარულად ასტრახანში გაემგზავრა 1927 წელს. იქიდან, საფრანგეთში მამიდაშვილებთან აპირებდა წასვლას, მაგრამ ვერ მოახერხა და მანჯურიაში, ქალაქ ხარბინში გადავიდა. იქ იმ დროს ძლიერი ქართული სათვისტომო არსებობდა ივლიანე ხაინდრავას მეთაურობით. ევსევი ახვლედიანს, როგორც ქართული არმიის ოფიცერს და 1924 წლის აჯანყების მონაწილეს ხარბინელები დიდი პატივისცემით შეხვდნენ და ქართული ბიბლიოთეკა ჩააბარეს 20 000 წიგნით. ის წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ბიბლიოთეკას და ახალი გამოცემებით ამდიდრებდა მას. მონაწილეობდა სათვისტომოს ცხოვრებაში. იყო ხარბინის ქართული საზოგადოების მდივანი. ევსევი ახვლედიანმა მანჯურიიდანაც ვერ მოახერხა საფრანგეთში ემიგრირება და იძულებული გახდა პროფესია შეეცვალა. იგი ჩაირიცხა ხარბინის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე 1929 წელს. იაპონიის მიერ ხარბინისა და ჩრდილოეთ მანჯურიის ოკუპაციის შემდეგ, ევსევი ახვლედიანი შანხაიში გადასახლდა და ფრანგულ კონცესიაში დაიწყო მუშაობა 1931 წელს. გახსნა რესტორანიც, სადაც ადგილობრივი და ტურისტად ჩასული ქართველები იყრიდნენ თავს. 1945 წლის აგვისტოში, კვანტუნის არმიის განადგურების შემდეგ, საბჭოთა ჯარი ხარბინში შევიდა. შანხაიში აქტიურად ამუშავდა საბჭოთა საელჩო და ემიგრანტთა ნაწილი სამშობლოში დაბრუნდა. იგი ემიგრაციაში დარჩა და უკვე ხანშიშესულმა კიდევ ერთხელ გამოიცვალა პროფესია. 1957 წელს მუშაობა დაიწყო უხანის, ხოლო 1961 წელს – სუჯოუს პედაგოგიურ ინსტიტუტში რუსული ენის მასწავლებლად. 1961 წელს საბჭოთა კავშირსა და ჩინეთს შორის მომხდარმა უთანხმოებამ და ახალმა კონფლიქტმა შეუძლებელი გახადა ევსევის ჩინეთში დარჩენა. ევსევი ახვლედიანი ჰონკონგში ჩავიდა, ავსტრალიაში გაემგზავრა და სიდნეიში დასახლდა 1963 წელს. განაგრძო ურთიერთობა იქაურ მცირერიცხოვან ქართველობასთან, აგროვებდა ქართულ წიგნებს სიდნეიში მცხოვრები ქართველი ბავშვებისათვის. იმდროინდელ წერილებში ძირითადად ქართულ წიგნებსა და ჟურნალ–გაზეთებს ითხოვდა. შთამომავლობა არ დარჩენია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართველები უცხოეთში - წ.1 - თბ., 2012. გვ. 27-28

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება