ჩინეთ-ტიბეტის მთები

(გადამისამართდა გვერდიდან ხუანდუანშანი)

ჩინეთ-ტიბეტის მთები, სიჩუანის ალპები, ხუანდუანშანი — ქედი ჩინეთსა და მიანმარში. წარმოადგენს ტიბეტის მთიანეთის საფეხურს აღმოსავლეთ ჩინეთის ვაკეებსა და დაბალმთიანეთის საზღვარზე. სიგრძე დაახლოებით 750 კმ, სიგანე 400 კმ-მდე, სიმაღლე 5000-6500 (დასავლეთი) და 1000-1200 მ (აღმოსავლეთი, მაქსიმალური — 7590 მ (მწვერვალი გუნგაშანი). შედგება ციცაბოკალთებიანი ქედებისგან, რომლებიც ერთმანეთისგან გამოყოფილია სალუინის, მეკონგისა და იანძის ვიწრო და ღრმა ხეობებით. ჩინეთ-ტიბეტის მთები არის ძველი ბაქნის ნაწილი, რომელიც მეზოზოურ ეპოქაში დაიყო ცალკეულ ბლოკებად. აზევებული ბლოკები აგებულია არქეული და პროტოროზოული გნაისებით, კრისტალური ფიქლებითა და ქვიშაქვებით; დაწეული ბლოკები კი — პალეოზოური კირქვებით, ფიქლებითა და ქვიშაქვებით. პერიფერიული სერები, რომლებიც სიჩუანის ქვაბულს ეკვრის, აგებულია პერმული ასაკის ბაზალტებითა და მეზოზოური დანალექი წყებებით. ხშირია მიწისძვრა. არის რკინის მადნის, ოქროს და სპილენძის საბადოები. სიჩუანის ქვაბულის დასავლეთ კიდეზე ჰავა სუბტროპიკულია, რომელიც ტიბეტის მთიანეთისაკენ თანდათან იცვლება მეტად კონტინენტური გრილი ჰავით. მთათა სამხრეთი კალთების ძირზე ნალექები 1200 მმ წელიწადში, ქარპირა კალთებზე დაახლოებით 2000 მმ და მეტი, ტიბეტის მთიანეთისაკენ — 600 მმ. 4000 მ-ზე მაღლა ალპური მდელოები და სტეპებია, 2000-4000 მ სიმაღლეზე ჭარბობს წიწვოვანი ტყეები, 2000 მ-ის დაბლა შერეული ტყეებია, რომლებიც ქვევით იცვლება მარადმწვანე სუბტროპიკული ტყით (დაფნა, მაგნოლია); სამხრეთით ხეობებში გვხვდება ურთხელი.

ჩინეთ-ტიბეტის მთები
კოორდინატები: 27°30′ ჩ. გ. 90°00′ ა. გ. / 27.500° ჩ. გ. 90.000° ა. გ. / 27.500; 90.000
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
მიანმარის დროშა მიანმარი
უმაღლესი წერტილი გუნგაშანი
სიმაღლე 7590 
ფართობი 800 000 კმ²
სიგრძე 750 კმ
სიგანე 400 კმ
ჩინეთ-ტიბეტის მთები — ჩინეთი
ჩინეთ-ტიბეტის მთები

ლიტერატურა

რედაქტირება