ხერთვისის ნამოსახლარი და სამაროვანი
ხერთვისის ნამოსახლარი და სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, ყოფილ სოფელ ჟინვალის ჩრდილოეთით, მდინარეების ფშავის არაგვისა და მთიულეთის არაგვის შესართავთან, ადგილ ხერთვისზე. ამჟამად დაფარულია წყლით. 1978-1980 წლებში გათხარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ.
ძეგლი მრავალფენიანი აღმოჩნდა, დათარიღდა ძვ. წ. II-III საუკუნეებით. საკონტროლო თხრილებში გამოვლინდა ადრინდელი სამიწათმოქმედო კულტურის ნამოსახლარის სამი ორმო. მათგან ერთში აღმოჩნდა კონუსური ფორმის სარიტუალო ქვაყრილი, მეორეში - თიხის ჭურჭლის სადა და მოჩუქურთმებული ნატეხები და კაჟის იარაღი.
ქვედა ფენა ჩაჭრილი იყო სამარხებით. სამ ქვაყრილიან ორმოსამარხში დაკრძალული იყო თითო მიცვალებული, მოკრუნჩხული მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე, ხოლო მეოთხეში აღმოჩნდა ორი ჩონჩხი. დამხრობა ნებისმიერია. აღმოჩნდა აგრეთვე სამარხეული ინვენტარი: თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოს ცილინდრული ზარაკი, რგოლები, მინის მძივები, რკინის სამაჯური, მოხრილი დანა, მრგვალი ქვის საბეჭდავი ფრინველის გამოსახულებით და სხვა.
იქვე გამოვლინდა მეხუთე ორმოსამარხი, რომელშიც ესვენა ერთი მიცვალებული მარცხენა გვერდზე, მოკრუნჩხული, თავით სამხრეთ-დასავლეთისკენ. აღმოჩნდა მოვარდისფრო ხელადა, ბრინჯაოს აბზინდები, ძეწკვი, რკინის მასრაგახნილი შუბისპირი, მოხრილი დანა, ხვრელიანი სალესი ქვა და სხვა. აღმოჩენილი მასალა ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- მუხიგულაშვილი ნ., ჩიქოვანი მ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 301.