ხეკორძის ღვთისმშობლის ეკლესია

ხეკორძის ღვთისმშობლის ეკლესია —არქიტექტურული ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეკორძში, აგებულია შუა საუკუნეებში.

ღვთისმშობლის ეკლესია

ღვთისმშობლის ეკლესია ზარიძიანთ უბანში გზიდან მარჯვნივ, სუბსტრუქციაზეა აღმართული. ხელოვნური პლატფორმა შემოსაზღვრულია დაბალი წრიული ქვის გალავნით, რომლის სამხრეთითაც შესასვლელია მოწყობილი. ეკლესია ნაგებია ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით. შესასვლელი სამხრეთიდანაა, მართკუთხა ღიობი ვიწრო არქიტრავით არის გადახურული. ინტერიერში იატაკი ოდნავ ქვემოთაა, ზღურბლის მიღმა საფეხურია ჩასავლელი. დარბაზი ერთიანია, ერთი საფეხურით შემაღლებული საკურთხეველი სწორკუთხაა, გამოყოფილია ხის ახალი კანკელით, იატაკს მცირე ამბიონი ერთვის. საკურთხევლის სარკმლის წინ დამუშავებული ქვის ფილებით მოპირკეთებული სატრაპეზო ქვა დგას. სამხრეთ კედელში მართკუთხა ნიშია დატანილი, ჩრდილოეთით კი მეორე სატრაპეზო ქვაა აღმართული. ღიობის ქვედა წირთხლზე მარმარილოს ქვაა განთავსებული. კიდევ ერთი სარკმელი დასავლეთითაა გაჭრილი.

ინტერიერი კამარით არის დახურული, რომელიც ცემენტით არის შელესილი. ფასადები შეუმკობელია. კედლებს მძიმე ლავგარდანი ასრულებს. ნაგებობა გადახურულია კრამიტით. შიდა სივრცეში ინახება წარწერიანი ქვის ფილა, რომლის მიხედვითაც, ნაგებობა, 2007 წელს, აღადგინა ამირან დოლიძემ. ეკლესია ძველი ნაგებობის ადგილას არის აღმართული. ის დაბალი პროპორციებით ხასიათდება. მძლავრი ლავგარდანი და სახურავის ფერდები მის აღნაგობას კიდევ უფრო ამძიმებს. ნაგებობა პარალელს ტოვებს ხეკორძში აღმართულ წმინდა გიორგის ასევე აღდგენილ ეკლესიასთან, ემსგავსება მას, როგორც არქიტექტურული დეტალებით, ისე განახლების მეთოდით. აქედან შესაძლებელია დავასკვნათ, რომ, თავდაპირველი ნაგებობებიც ერთი პერიოდისა და სტილის ყოფილიყო.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 30924