ხეკორძის წმინდა გიორგის ეკლესია
ხეკორძის წმინდა გიორგის ტაძარი — არქეოლოგიური ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეკორძში.
ხეკორძის წმინდა გიორგის ტაძარი | |
წმინდა გიორგის ეკლესია (ხედი დასავლეთიდან) | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
მუნიციპალიტეტი | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
ადგილმდებარეობა | ხეკორძი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ეკლესია ქანობზე მოწყობილ ტერასულ სუბსტრუქციაზეა აღმართული. ეზო შემოსაზღვრულია დაბალი ქვის გალავნით, რომლის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილშიც შესასვლელია დატანილი. გზიდან მოშანდაკებულ სიბრტყეზე ასვლა რელიეფს მორგებული რამდენიმე საფეხურიანი კიბით არის შესაძლებელი.
დარბაზული ეკლესია, სამხრეთის მინაშენით, ნაგებია ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით. კუთხეებში, ზოგან, ჩართულია შედარებით მოზრდილი ქვიშაქვა. ძირითადი ნაგებობა აღდგენილია. სამხრეთის მინაშენიდან შემორჩენილია აღმოსავლეთი კედლის ნახევარი და სხვა კედლების ნაწილები.
ნაგებობის გარშემო, ეზო, მოპირკეთებულია ქვებით. მინაშენის შესასვლელი დასავლეთიდან იყო. კედლის ფრაგმენტებში იკითხება ღიობის ძირი. ეკლესიის კარი სამხრეთ ფასადზეა დატანილი. ღიობი ტიმპანით სრულდება, რომელიც აგურით არის ამოყვანილი. მისი რკალიც გადაყვანილი აგურისავე წყობით. ფასადები სადაა, შეუმკობელი. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებზე დატანილია თითო მართკუთხა სარკმელი. დასავლეთის ღიობი შედარებით დიდი ზომისაა. ფასადებს სადა ლავგარდანი ასრულებს.
ნაგებობა გადახურულია კრამიტის ორქანობა სახურავით, რომლის კეხზეც, აღმოსავლეთით, ლითონის ახალი ჯვარია დადგმული. ინტერიერი დახურულია უსწორმასწოროდ აღდგენილი კამარით. აფსიდი ნახევარწრიულია. დარბაზისგან გამოყოფილია მსუბუქად შვერილი მხრებით, მათზე გადაყვანილი შეისრული საბჯენი თაღით, ერთი დაბალი საფეხურით შემაღლებული იატაკითა და ახლადაღმართული ხის კანკელით. იატაკს ნახევარწრიული ამბიონი ერთვის. აღმოსავლეთით გაჭრილი სარკმელი, შიდა სივრცისკენ, მკვეთრად გაშლილია. მის ქვეშ სატრაპეზო ქვა დგას.
ჩრდილოეთ კედელზე მოწყობილია მართკუთხა ნიშა. სამხრეთ კედელს დაბალი, დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებს კი მაღალი საფეხური შემოუყვება. იატაკზე მოგებულია დამუშავებული ქვის ფილები. აღწერილი ნაგებობის ცალკეული არქიტექტურული დეტალები პარალელს პოვებს ამავე სოფელში, ზარიძიანთ უბანში აღმართულ ღვთისმშობლის ეკლესიასთან, რაც გვაფიქრებინებს, რომ თავდაპირველი ნაგებობები ერთსა და იმავე პერიოდს უნდა მიეკუთვნებოდეს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 30930