ხარიტონ შავიშვილი
ხარიტონ შავიშვილი (დ. 1886, ქვედა ბახვი, ოზურგეთის მაზრა — გ. 27 იანვარი, 1975, ჟენევა) — ქართველი დიპლომატი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური მისიის თანამშრომელი შვეიცარიასა და ერთა ლიგაში.
ხარიტონ შავიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
1886 ქვედა ბახვი, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი |
1975 ჟენევა, შვეიცარია |
ეროვნება | ქართველი |
საქმიანობა | დიპლომატი |
შვილ(ებ)ი | ლევან შავიშვილი |
მშობლები |
მამა: როსტომ შავიშვილი დედა: სევა დოლიძე |
ბიოგრაფია
რედაქტირებახარიტონ შავიშვილი დაიბადა სედა დოლიძისა და როსტომ შავიშვილის ოჯახში. მის მშობლებს შვიდი შვილი ჰყავდათ, ექვსი ვაჟი და ერთი ქალიშვილი. ხარიტონის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა უფროსმა ძმამ, ვანომ. სწორედ მან წაიყვანა ბათუმში, 1881 წელს და რევოლუციურ საქმიანობაში ჩააბა. აქ დაუახლოვდა ხარიტონი სოციალ–დემოკრატებს – ისიდორე რამიშვილს, ნოე ხომერიკს, ბენია ჩხიკვიშვილს, ნოე რამიშვილს. აქვე გაიცნო ნოე ჟორდანია და იოსებ სტალინი. რევოლუციური მოღვაწეობა ჭიათურაში გააგრძელა, საიდანაც ქუთაისში გადავიდა. 1901 წელს გახდა რსდმპ-ის წევრი. 1906 წელს დააპატიმრეს, ჯერ მეტეხის ციხეში ჰყავდათ, შემდეგ ციმბირში გადაასახლეს. სხვადასხვა საპყრობილეში გაიცნო ცნობილი რევოლუციონერები, მათ შორის ლევ ტროცკი. 1908 წლის გაზაფხულზე მოახერხა ციმბირიდან გაქცევა, გადალახა რუსეთი, პოლონეთი და საბოლოოდ შვეიცარიაში აღმოჩნდა, სადაც უფროსი ძმა, ვანო ეგულებოდა. ჟენევაში ძალიან ახალგაზრდა, 21 წლისა ჩავიდა. იქ გაიცნო ლენინი. ახლო ურთიერთობა ჰქონდა მენშევიკთა ბელადებთან – პლეხანოვსა და მარტოვთან. ეს ყველაფერი ხარიტონ შავიშვილს დაწვრილებით აქვს აღწერილი 1974 წელს ჟენევაში, ფრანგულ ენაზე გამოცემულ წიგნში – „რუსი რევოლუციონერები ჟენევაში 1908 წელს“. 1915 წლიდან საბოლოო დაფუძნდა შვეიცარიაში.
1918 წლის ოქტომბერში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უფლებამოსილმა პირმა მიხეილ სუმბათაშვილმა შავიშვილი მიიწვია ბერნში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგნელობაში სამუშაოდ. მან ბერნში მუშაობა დაიწყო საელჩოს მთავარ მრჩევლად. ბერნის წარმომადგენლობა ექვემდებარებოდა მთავრობის თავმდომარე ნოე ჟორდანიას, საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს, ასევე კარლო ჩხეიძეს – საქართველოს დელეგაციის თავმჯდომარეს პარიზში. 1920 წლიდან ხარიტონ შავიშვილი ერთა ლიგაში საქართველოს წარმომადგენლად დაინიშნა. 1920 წლის ნოემბერს შავიშვილი ბერნიდან ჟენევაში გადავიდა, სადაც საქართველოს პრესის ბიურო დააარსა. იქიდან ავრცელებდა საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვისა და მისი საერთაშორისო აღიარებისთვის საჭირო მასალებს.
1921 წლის თებერვალში საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ხარიტონ შავიშვილი ჟენევაში დარჩა და 1934 წლამდე აგრძელებდა მოღვაწეობას ერთა ლიგაში როგორც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელი. იგი იყო ერთა ლიგის საერთაშორისო ასოციაციების გაერთიანების გენერალური საბჭოს წევრი და მონაწილეობდა ამ გაერთიანების ყოველწლიურ შეკრებებში ევროპის დიდ ქალაქებში. არაერთხელ გამოსულა ერთა ლიგის სხდომაზე საბჭოთა კავშირის მძაფრი კრიტიკით. ცნობილია მისი გამოსვლა გაეროში 1934 წელს, როდესაც საბჭოთა რუსეთს ბრალი დასდო საიდუმლო შეიარაღებაში.
1924 წელს ხარიტონ შავიშვილმა ჟან მარტენთან ერთად შვეიცარიაში დააარსა საქართველოს მხარდაჭერის საერთაშორისო კომიტეტი, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ბრძოლა მოსკოვის მიერ საქართველოს შესახებ გვარცელებული ცილისწამების წინააღმდეგ. კომიტეტში შედიოდნენ შვეიცარიის ყველა პარტიის, აგრეთვე, ჟენევაში გამომავალი ყველა გაზეთის რედაქციის წარმომადგენლები. 1925 წლის 27-29 ოქტომბერს ჟენევაში ჩატარდა საქართველოს კვირეული, რომელსაც დაესწრნენ ნოე ჟორდანია, შვეიცარიის მთავრობისა და 30 ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ჟენევისა და ლოზანის უნივერსიტეტების პროფესორები. შეძლებისდაგავრად ტარდებოდა კონცერტები ქართველ ხელოვანთა მონაწილეობით.
1934 წელს სსრკ-ის ერთა ლიგაში მიღების შემდეგ შავიშვილმა მოღვაწეობა გააგძრძელა, როგორც ქართული პრესის ბიუროს წარმომადგენელმა. 1937 წლის 4 ნოემბერს კომიტეტმა ჟენევის უნივერსიტეტში საზეიმოდ აღინიშნა შოთა რუსთაველის იუბილე. მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა ევროპის ქვეყნების სახელმწიფო და პოლიტიკურ მოღვაწეებთან, მეგობრობდა შვეიცარიის რამდენიმე პრეზიდენტთან. მუდმივად ეხმარებოდა შვეიცარიაში მყოფ ქართველებს. გრიგოლ რობაქიძე მისი ხელშეწყობით მოხვდა შვეიცარიაში და შემდგომშიც მუდმივად მფარველობდა. აღსანიშნავია ხარიტონ შავიშვილის აქტიური მეცადინეობა მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის, ავსტრიისა და იტალიის საოკუპაციო ზონებში მყოფი თანამემამულლების გადარჩენისთვის. ომის შემდგომ პერიოდში მისი უშუალო მონაწილეობით ჟენევაში დაარსდა „ქართველ ემიგრანტთა წარმომადგენლობა“.
ხარიტონ შავიშვილმა შვეიცარიაში შექმნა ოჯახი. მას ჰყავდა ფრანგი მეუღლე, რომელთანაც შეეძინა ვაჟი – ლევანი, ხოლო ამ უკანასკნელს კი სამი შვილი დარჩა: ეკატერინე, ემანუელ და იზაბელ (ნინო) შავიშვილები. ხარიტონ შავიშვილი 1975 წლის 27 იანვარს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. იცი დაკრძალულია ჟენევის კოლონის სასაფლაოზე. პატივისცემის ნიშნად ჟენეველმა სოციალისტებმა სამუდამოდ შეისყიდეს სასაფლაოს ნაკვეთი, ხოლო უცხოეთის ქართველ თავადაზნაურთა საზოგადოებამ სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლისთვის მიანიჭა თავადის (Prince) ტიტული.
2013 წლის 10 ივნისს ჟენევაში, ჟორჟ–ფავონის ბულვარზე მდებარე სახლზე, სადაც ხარიტონ შავიშვილი სიცოცხლის ბოლო წლებში ცხოვრობდა, საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და შვეიცარიის კონფედერაციის მთავრობისა და ჟენევის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით გაკეთდა მემორიალური დაფა, რომელსაც ქართულ და ფრანგულ ენებზე ამშვენებს წარწერა: „აქ ცხოვრობდა ხარიტონ შავიშვილი, რევოლუციონერი, მწერალი და ერთა ლიგასთან საქართველოს დემოკრტიული რესპუბლიკის წარმომადგენელი (ფრანგულ ენაზე), იცოცხლა სამშობლოსთვის (ქართულ ენაზე).“
ხარიტონ შავიშვილის არქივი დაცულია გაეროს ჟენევის განყოფილების ბიბლიოთეკაში. მისი ელექტრონული ასლი 2015 წელს ეროვნული არქივის თანამშრომლებმა საქართველოში ჩამოიტანეს და დოკუმენტები საისტორიო ცენტრალური არქივის ფონდებს შეემატა და ხელმისაწვდომია ქართველი მკვლევარებისათვის.
ნაშრომები
რედაქტირებაშავიშვილს ათზე მეტი პოლიტიკური ხასიათის წიგნი აქვს გამოქვეყნებული ფრანგულ ენაზე. მის ნაშრომებს შორისაა „სამშობლო, ციხეები, გადასახლება“, „მოსედან ჰიტლერამდე“, „შოთა რუსთაველი ჟენევის უნივერსიტეტში“, „წმიდა ნინო ‒ პირველი მოციქული ქალი“, „რუსი მწერლების ტრაგედია‒ პუშკინიდან პასტერნაკამდე“, „სოციალიზმის ფილოსოფია“, „თამარი, ანუ საქართველოს ოქროს ხანა“, „ადამიანი და საზოგადოება“, „რუსი რევოლუციონერები ჟენევაში 1908 წელს“ და სხვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- სარალიძე ლ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 474-475.
- კობახიძე ბ., სილაქაძე დ, ვაჭარაძე ა., საქართველოს პირველი რესპუბლიკა, თბილისი: საქართველოს ეროვნული არქივი, 2015. — გვ. 131-146.
- შარაძე გ., „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა და საგარეო პოლიტიკა“, თბილისი, 2003
- შარაძე გ., „ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია, ტ. 1, თბილისი, 2001
- კირთაძე ნ., „საქართველოს დამოუკიდებლობა და ქართულ-ევროპული ურთიერთობები“, თბილისი, 1997
- კირთაძე ნ., „ევროპა და დამოუკიდებელი საქართველო 1919-1923 წწ“, თბილისი, 1997