ჭინჭრაქა (პიესა)
„ჭინჭრაქა“ — ქართველი დრამატურგის, გიორგი ნახუცრიშვილის პიესა-ზღაპარი. დაიწერა 1962 წელს.
შინაარსი
რედაქტირებაერთ ზღაპრულ სახელმწიფოს განაგებდა ხელმწიფე, რომელსაც ორი შვილი ჰყავდა — მზია და ლაშა. მის სამფლობელოში შედიოდა უღრანი ტყეც, რომელშიც მხეცები-დათვი, მგელი, ტურა და მელა ბინადრობდნენ. მშვიდი ცხოვრება მოულოდნელად დასრულდა, როცა სახელმწიფოს ბოროტი ბაყბაყ-დევი დაეპატრონა. ხელმწიფემ მოასწრო, მზია ტყეში გაეხიზნა, მაგრამ, ბოროტი ვეზირის ღალატის გამო, თავად დევთან ბრძოლაში დამარცხდა და დაიღუპა, მისი ვაჟი ლაშა კი, ლაჩარი აღმოჩნდა და ვერ შეძლო, მტერს წინ აღდგომოდა.
მზიამ ტყეში გაიცნო გლეხის ბიჭი, სახელად ჭინჭრაქა, რომელმაც გოგონა მხეცებისაგან იხსნა. ახალგაზრდებს ერთმანეთი შეუყვარდათ. ერთობლივი ძალით და მთვარის დახმარებით, მათ მოახერხეს დევის ჯადოსნური ნივთების მოპარვა და ამის მეშვეობით, მისი საბოლოოდ დამარცხება.
პიესის ცალკე სიუჟეტური ხაზია მხეცების თავგადასავალი. ისინი სახელმწიფოში მიმდინარე დრამატული ამბებით დიდად არ ინტერესდებიან, მხოლოდ ახალ ამბებს ეცნობიან, რომელსაც ტელეფონით უყვებათ კაჭკაჭი. მხეცების მთავარი საზრუნავია მომავალი ხალხური სიმღერების ოლიმპიადა, რომელზეც მათ სიმღერა „დათვმა ლხინი გადიხადა“ უნდა წარადგინონ და ამიტომაც, გულმოდგინედ მეცადინეობენ.
შექმნისა და დადგმის ისტორია
რედაქტირებანაწარმოების შესახებ იდეა მწერალს რეჟისორმა დორიან კიტიამ მიაწოდა.[1] პიესა პირველად რეჟისორმა მიხეილ თუმანიშვილმა დადგა 1963 წელს. მუსიკალური გაფორმება ეკუთვნოდა ბიძინა კვერნაძეს, დეკორაციების მხატვრობა — სამეულს. „ჭინჭრაქას“ პრემიერას ორმხრივი მნიშვნელობა ჰქონდა: ამ დადგმით გაიხსნა რუსთაველის თეატრის ე. წ. „მცირე სცენა“ და გარდა ამისა, ეს იყო აკადემიურ თეატრში წარმოდგენილი პირველი ექსპერიმენტული სპექტაკლი. თუმანიშვილის დაინტერესება პიესის ზღაპრულ-ალეგორიულმა შინაარსმა გამოიწვია.
სპექტაკლი ასე იყო ჩაფიქრებული: ხანდაზმული ადამიანები, იგონებენ რა თავიანთ ბავშვობას, სერიოზულად თამაშობენ ამ ბავშვობას.
მწერლისა და რეჟისორის თავდაპირველ მონახაზს წარმატებით შეასხეს ხორცი მსახიობებმა. მათ პერსონაჟებს ბევრი ახალი სახასიათო შტრიხი შესძინეს, რის მეშვეობითაც, პიესას მაყურებლის უდიდესი მოწონება ხვდა წილად.[2]
პერსონაჟები და შემადგენლობა
რედაქტირება- მზია — ბელა მირიანაშვილი
- ჭინჭრაქა — კარლო საკანდელიძე
- ბაყბაყ-დევი — სერგო ზაქარიაძე
- ქოსა მრჩეველი (ქოსიკო), დევის აღმზრდელი — რამაზ ჩხიკვაძე
- დათვი — ეროსი მანჯგალაძე
- მგელი — გიორგი გეგეჭკორი
- ტურა — ზინაიდა კვერენჩხილაძე
- მელა — მედეა ჩახავა
- ლაშა — რეზო ჩხაიძე
- დევის 1-ლი შუბოსანი — კახი კავსაძე
- დევის მე-2 შუბოსანი — ელდარ სახლთხუციშვილი
- ვეზირი — გიგოლა თალაკვაძე
- მთვარე — ნანა ფაჩუაშვილი
- უკვდავების მზეთუნახავი — სალომე ყანჩელი.
სხვადასხვა დროს, მთავარ როლებს ასრულებდნენ ნანა ფაჩუაშვილი (მზია), დავით უფლისაშვილი (ჭინჭრაქა), ნოდარ მარგველაშვილი (დევი), ზეინაბ ბოცვაძე (მელა).
ანალიზი
რედაქტირებაპიესა ალეგორიული შინაარსისაა და ეფუძნება ქართულ ხალხურ ზღაპრებს, უხვადაა გამოყენებული ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების სხვა ნიმუშებიც — ლექსები, სიმღერები, ანდაზები და ხატოვანი თქმები. ჯადოსნური ზღაპრის ტრადიციული პერსონაჟების (ბოროტი დევი, ხელმწიფის ქალიშვილი და მასზე შეყვარებული ღატაკი ვაჟი) და ატრიბუტიკის (მფრინავი ხალიჩა, სასწაულმოქმედი ბროწეული, ჯადოსნური სარკე და სხვ.) მოშველიებით, ავტორი ცდილობს, ასახოს კეთილისა და ბოროტის დაპირისპირება თანამედროვეობაში. როგორც ზღაპარში, პიესაშიც ბოროტებას კომპლექსური სახე აქვს და აერთიანებს უხეშ ძალას და გონებრივ სიჩლუნგეს (დევი) და გულგრილობასა და მეშჩანობას (მხეცები). აკაკი ბაქრაძის შეხედულებით, ბროწეულის მფლობელი დევის სახით, შესაძლოა, ავტორი გულისხმობდეს იმპერიალისტურ ძალებს, რომლებიც ბირთვულ იარაღს ფლობენ.[2][3]
კრიტიკა
რედაქტირებასპექტაკლმა კრიტიკოსთა არაერთგვაროვანი შეფასება გამოიწვია. ნაწილმა საბჭოთა ხელოვნებისათვის შეუფერებლად მიიჩნია უარყოფითი სოციალური მოვლენების მსუბუქი ასახვა და დადგმაში ეროვნული შეურაცხყოფის ნიშნებიც დაინახა. ტატა თვალჭრელიძე, ნოდარ გურაბანიძე და ნათელა ურუშაძე მაღალ შეფასებას აძლევდნენ სპექტაკლს, მის პერსონაჟებსა და მსახიობთა თამაშს. თვალჭრელიძემ „ჭინჭრაქას“ დადგმა „ახალი თეატრის“ დასაწყისადაც შეაფასა.[2] უფრო კრიტიკული აღმოჩნდა აკაკი ბაქრაძე, რომელმაც რეჟისორს და პიესის ავტორს მოუწონა სურვილი, გამოხმაურებოდნენ თანამედროვეობის საჭირბოროტო პრობლემებს სიმსუბუქის შენარჩუნების ფონზე, მაგრამ, შეუმჩნეველი არ დარჩენია პრიმიტივიზმი, რითიც ეს სიმსუბუქე მიიღწეოდა. მან ასევე უარყოფითად შეაფასა პერსონაჟების სახეების გასახსნელად გამოყენებული ფორმების სიჭარბე და ალოგიკურობაც, რამაც, მისი აზრით, გააბუნდოვნა პიესის იდეა და ხელს შეუშალა მის აღქმას.[3]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ცხოვრების სხვადასხვა სცენები... (22 მაისი, 2011). ციტირების თარიღი: 19 იანვარი, 2020.[მკვდარი ბმული]
- ↑ 2.0 2.1 2.2 „ჭინჭრაქა“ – როგორ იქცა გულუბრყვილო ზღაპარი საუკუნის შედევრად. რეზო შატაკიშვილის ბლოგი. ციტირების თარიღი: 19 იანვარი, 2020.
- ↑ 3.0 3.1 ბაქრაძე ა., თხზულებანი. ტ. 5: კრიტიკა. თეატრი[მკვდარი ბმული], გვ. 396–402, თბ., 2005, ISBN 9994082396