წყალიკრეფია[1] (ლათ. Aquilegia) — მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ბაიასებრთა ოჯახისა. ფოთლები სამმაგრთულია. ყვავილები სწორი, დიამეტრით 2–5 სმ, მრავალნაირი ფერის, ხშირად მარტოული, თავდახრილი; გვირგვინის ფურცლები წაგრძელებულია ღრუ სწორ ან მოღუნულ დეზებად. ნაყოფი მრავალფოთლურაა. ცნობილია 70-მდე სახეობა. გავრცელებული არიან ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერად თბილ და ტროპიკულ ოლქებში.[2] საქართველოში გვხვდება სამი სახეობა, რომელთაგან ორი ენდემურია: კოლხური წყალიკრეფია (A. colchica) — იმერეთში, გეგის წყალიკრეფია (A. gegica) — აფხაზეთში;[3] მესამე სახეობა — Aquilegia olympica გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.[4] იზრდებიან ქვედა და შუა სარტყლის ტყეებში, ღია ფერდობებსა და კირქვიანებზე, სუბალპურ მდელოებსა და მაღალბალახეულობაში, ზოგჯერ ალპურ სარტყელშიც, მყინვარებთან ახლოს, ზღვის დონიდან 3500 მეტრამდე. ყველა სახეობა დეკორატიულია;[3] ცნობილია ჯიშები გრძელი სწორი დეზებით, მრავალნაირად შეფერილები, ხშირად ორყვავილიანები, ბუთხუზა ან ძალიან დიდი (დიამეტრით 8 სმ-მდე) ყვავილებით. ყველა წყალიკრეფია კარგი თაფლოვანი მცენარეა.[2]