წონა, ბუბას კლდე, მრავალფენიანი (აშელის, მუსტიეს, მეზოლითის, ბრინჯაოს და ფეოდალური ხანის) არქეოლოგიური ძეგლი. მდებარეობს ისტორიულ შიდა ქართლის (ახლანდელი ჯავის მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე, მდინარე ყვირილის სათავესთან, ზღვის დონიდან 2100 მ სიმაღლეზე. წარმოადგენს კარსტული წარმოშობის მღვიმეს, რომლის სიგანეა 90 მ, სიმაღლე შესასვლელთან — 15 მ.

აღმოაჩინეს და სწავლობდნენ 1958-1961, 1965, 1968 (ხელმძღვანელი ა. კალანდაძე), 1977-1978 (ხელმძღვანელი დ. თუშაბრამიშვილი). დადგენილია 20 ლითოლოგიური ფენა (საერთო სისქე 4,5 მ). აშელური ხანის ზედა ფენაში ნაპოვნია სხვადასხვა დამზადებული ქვის ნივთი (მათ შორის ხელცულები, საჩეხი იარაღი, სახოკ-საჭრელები, წალდისებრი იარაღი და კლივერი). აშელური ხანის II ფენაში ძირითადად ნაპოვნია ანატკეცები. წონის მუსტიეურ ფენებში აღმოჩენილი ქვის ნაწარმი განეკუთვნება ლევალუაზურ, ლამელურ ინდუსტრიას და ჯრუჭულის, კუდარო I-II, ხვირათის ძეგლებთან ერთად გარკვეულ ჯგუფს ქმნის. მეზოლითური ხანის ქვის ნაწარმიდან აღსანიშნავია ზურგდაბლაგვებული (გრავეტის ტიპის) დანები.

აშელური, მუსტიეური და მეზოლითური ნასახლარი მონადირეთა ჯგუფს ეკუთვნოდა. წონის მღვიმის ფაუნა ქვეწარმავალთა და ცხოველთა 22 სახეობითაა წარმოდგენილი. გამოვლინდა მგლის, ტურის, მღვიმის დათვის, მღვიმის ლომის, ღორის, ირმის, კავკასიური ჯიხვის, ცხვრის, ბიზონის და სხვა ნაშთი. წონის მღვიმის ფაუნისათვის დამახასიათებელია ცივი ჰავის მოყვარული ცხოველების არარსებობა. აშელური ფენები წარმოქმნილია რის-ვიურმის გამყინვარებათაშორისო ეპოქის დასაწყისში ან რისის გამყინვარების რომელიღაც პერიოდში. მუსტიეური ფენა ვიურმის I ნახევარს განეკუთვნება. მეზოლითური ფენის წარმოქმნა ჰოლოცენის ეპოქაში უნდა მომხდარიყო.

ლიტერატურა

რედაქტირება