მღვიმის ფაუნა, სპელეოფაუნა — მღვიმეების, ქანის ნაპრალებისა და ჰიპოგეის (სიცოცხლის მიწისქვეშა არე) სხვა ადგილსამყოფელის ცხოველთა კომპლექსი, რომელსაც შეისწავლის ბიოსპეციოლოგია. მღვიმეებში წლიური (სეზონური) პერიოდულობა არ არის, ამიტომ მთელი წლის განმავლობაში მრავლდებიან. აქ გამეფებული მუდმივი წყვდიადია გამო მღვიმის ცხოველები აქტიურობენ როგორც „დღისით“, ისე „ღამით“. მღვიმის ცხოველების მხედველობის ორგანოები რედუცირებულია, სამაგიეროდ ძლიერ აქვთ განვითარებული შეხებისა და სმენის ორგანოები. უმრავლესობას წაგრძელებული სხეული აქვს.

მღვიმის ფაუნას ძირითადად შეადგენენ უხერხემლო ცხოველები, ჩრდილოეთ ამერიკაში მღვიმის თევზი ამბლიოფსისი, ყოფილ იუგოსლავიის მღვიმეებში მცხოვრები პროტეუსი (კუდიანი ამფიბიების რიგისა), საქართველოში ცნობილია 1500-მდე მღვიმე, რომელთაგან ფაუნისტურად გამოკვლეულია მხოლოდ 71. აქ აღსანიშნავია ქუთაისის მახლობელ მღვიმეებში მცხოვრები ენდემური გვერდულა — ქუთაისური ტროგლოკარისი (Troglocaris kutaisiana), მოლუსკი ჰორაცია (Horatia borutzkii) და სხვა. აღწერილია ბოლოფეხიანების (უმდაბლესი მწერების) დღემდე უცნობი ენდემური 17 სახეობა და 1 გვარი — ფსევდაქერონდიტესი (Pseudacherondites) და სხვა. მღვიმეს დროებით თავს აფარებს ბუ, ღამურა (ზოგჯერ დიდი კოლონიების სახით), მგელი, ტურა, მელა, მაჩვი, დათვი, ჯიქი და სხვა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჯანაშვილი რ., ქსე, ტ. 7, გვ. 237, თბ., 1984