ტრაპიზონის წმინდა ევგენიოსის ეკლესია

ეკლესია
(გადამისამართდა გვერდიდან წმინდა ევგენიოსის ეკლესია)

წმინდა ევგენიოსის ეკლესია (ბერძ. Ο ναός του Αγίου Ευγένιου) — ყოფილი ბიზანტიური მართლმადიდებლური ეკლესია თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონში, რომელიც 1461 წელს ტრაპიზონის იმპერიის დაცემის შემდეგ, ოსმალეთის სულთანმა მეჰმედ II-მ (მმართ. 1444–1481) მეჩეთად (თურქ. Yeni Cuma Camii, „ახალი პარასკევის მეჩეთი“) გადააკეთა, რადგან ეს იყო ადგილი სადაც მან ქალაქის დაპყრობის შემდეგ პირველად პარასკევის ნამაზი (ლოცვა) შეასრულა. ჰით ლოურის მოსაზრებით ეკლესია ფუნქციონირებას 1486 წლამდე განაგრძობდა.[1]

წმინდა ევგენიოსის ეკლესია
Ο ναός του Αγίου Ευγένιου
ტრაპიზონის წმინდა ევგენიოსის ეკლესია — თურქეთი
ტრაპიზონის წმინდა ევგენიოსის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°00′04″ ჩ. გ. 39°43′20″ ა. გ. / 41.00111° ჩ. გ. 39.72222° ა. გ. / 41.00111; 39.72222
ქვეყანა დროშა: თურქეთი თურქეთი
პროვინცია ტრაპიზონის პროვინცია
სასულიერო სტატუსი უმოქმედო
ფუნქციური სტატუსი მეჩეთი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა კონტანტინოპოლის საპატრიარქო
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი ჯვარ-გუმბათოვანი
ხუროთმოძღვრული სტილი ბიზანტიური
დეტალები
სიგრძე 28 მ.
სიგანე 16 მ.
სიმაღლე (მაქს.) 11 მ.
გუმბათი 1
მინარეთი 1
 
ქალაქ ტრაპიზონის გეგმა, შუა საუკუნეები

არსებობს რამდენიმე ვარაუდი, თუ როდის აიგო წმინდა ევგენიოსის ეკლესია. იოანე ქსიფილინის და იოანე ლაზაროპულოსის მტკიცებით წმინდა ევგენიოსის ეკლესია ან მონასტერი არსებობდა IX ან X საუკუნეშიც. სელინა ბალანსი ვარაუდობს, რომ აქ ეკლესია ჯერ კიდევ 1021/22 წელს აღიმართა, რომელიც 1223 წლამდე ფუნქციონირებდა. თავდაპირველი ნაგებობის დანგრევა 1222-23 წლის ტრაპიზონის ალყას უკავშირდება, ქალაქის წინააღმდეგობით განრისხებულმა სელჯუკმა სარდალმა ეკლესიის დარბევა ბრძანა, რა დროსაც განადგურდა ეკლესიის ზედა კედელი და იატაკი. აქედან გამომდინარე სავსებით შესაძლებელია, რომ თანამედროვე ნაგებობა სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ აიგო.[2] 1291 წელს ის ბაზილიკად გადაკეთდა. ჯორჯ ფინლი, რომელმაც ნაგებობა 1850 წელს მოინახულა, აცხადებს რომ ეკლესია 1340 წელს იმპერიაში არსებული სამოქალაქო დაპირისპირების შედეგად დაიწვა და ის ტრაპიზონის იმპერატორმა ალექსი III-მ (მმართ. 1349–1390) აღადგინა და გააფართოვა.[3] XI საუკუნეებში ევგენიოსის ეკლესია ცნობილი იყო არა მხოლოდ პონტოს რეგიონში, არამედ სრულიად აღმოსავლეთ საქრისტიანოში. XI საუკუნის პირველ ნახევარში ეკლესია ბიზანტიის იმპერატორმა ბასილი II-მ (მმართ. 976–1025) მოილოცა.

სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ეკლესიაში საეკლესიო დღესასწაული ტარდებოდა წელიწადში ორჯერ: 21 იანვარს – წმინდა მოწამე ევგენიოსის დღესასწაული; და 24 ივნისს – ევგენიოსის დაბადების დღის აღნიშვნის დღესასწაული. ხრისოკეფალოსის ეკლესიის მსგავსად, წმინდა ევგენიოსის ეკლესიის ეზოშიც ტარდებოდა ფორმალური ცერემონიები, როგორიცაა იმპერატორების კორონაცია და ქორწინებები. აქვე იმპერატორად ეკურთხა ალექსი III და ეს იყო ადგილი სადაც ის თეოდორა კანტაკუზენოსზე დაქორწინდა.

ეკლესიის საგანძურებიდან მხოლოდ რელიგიური ხელნაწერი გადარჩა, რომელიც დღეს ვეტოპედის მონასტერში ინახება.

არქიტექტურა

რედაქტირება

ეკლესიის გეგმით ჯვარულია. გავრცელებული მოსაზრებით, თავდაპირველად ბაზილიკური იყო. ტაძრის სიგრძე 28 მეტრი, სიგანე 16 მეტრი, სიმაღლე კი 11 მეტრია.

შენობას შეადგენს სამი ნავი, რომლებიც აღმოსავლეთით აფსიდებითაა დასრულებული. გვერდითი აფსიდები ცენტრალურთან შედარებით ვიწრო და დაბალია. ცენტრალური გარედან ხუთწახნაგაა, შიგნიდან კი ოვალური. ტაძარს ჩრდილოეთიდან მიშენებული აქვს კარიბჭე, რომელიც ეკლესიაში მთავარ შესასვლელს წარმოადგენდა. ძეგლი გაფორმებულია ორნამენტებით, არწივების და მტრედების ბარელიეფებით.

მეჩეთად ქცევის შემდეგ შენობის ჩრდილოეთ კარიბჭესთან მინარეთი აღიმართა. ფრესკები, რომელიც ეკლესიას ამშვენებდნენ, მოგვიანებით მტვრით და თურქული დეკორაციებით დაიფარა. ისლამური მემკვიდრეობის ობიექტებიდან აღსანიშნავია ორნამენტებით დაფარული ბაროკოს სტილის მიჰრაბი და ხის გაუფორმებელი მინბარი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Trabzon's Yeni Cuma Camii. Why is it called this? Heath Lowry. Vol 3, 1975. p100
  2. John Lazaropoulos, Synopsis, ll. 1319-1321; translated by Jan Olof Rosenqvist, The Hagiographic Dossier of St Eugenios of Trebizond in Codex Athous Dionysiou 154 (Uppsala: University Press, 1996), p. 319
  3. Byzantine Monuments and Topography of the Pontos. Dumbarton Oaks. p224.