ციხეთგორის სამაროვანი და ნამოსახლარი (გიორგწმინდა)

ციხეთგორის სამაროვანი და ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი, რომელიც მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გიორგწმინდის სამხრეთ-დასავლეთით, მდინარეების - არღუნისა და გიორგწმინდისწყლის შესართავთან, ეგრეთ წოდებულ ციხეთგორზე. სამაროვანი თარიღდება ძველი წელთაღრიცხვით III ათასწლეულის დასასრულით. ძეგლი 1985-1986 წლებში გათხარა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, რევაზ რამიშვილის ხელმძღვანელობით.

აღწერა რედაქტირება

სამაროვანზე გათხრილია შვიდი ნახევრად მიწისქვეშა აკლდამა, რომლებიც გამართული იყო ბუნებრივ ეხებში. კედლები ამოშენებულია მხოლოდ წინა ფასადის მხარეს, ნაგებია ფიქლითა და ტალახით. გვხვდება ორ და სამსართულიანი აკლდამებიც, სადაც ქვედა სართულის გადახურვა ზედა სართულის იატაკია და ასე შემდეგ. სამარხების ნაწილი ინდივიდუალურია, ნაწილი კოლექტიური. მიცვალებულის პოზა დაფიქსირდა მხოლოდ ერთ აკლდამაში, რომელშიც მიცვალებული იწვა მარჯვენა გვერდზე, ძლიერ მოხრილ პოზაში, თავით ჩრდილო-დასავლეთისკენ. ხშირია შემთხვევები ადამიანის ცალკეული ნაწილების დაკრძალვისა. თავის ქალები აღმოჩნდა ორ აკლდამაში. ერთ-ერთში ჩონჩხი თავის ქალის გარეშე იყო. აღნიშნული ფაქტი მეორად დაკრძალვაზე უნდა მიუთითებდეს.

სამარხებში აღმოჩნდა მოშავო და მონაცრისფრო ზედაპირიანი, მსხვილ კენჭებნარევი და ქსოვილიანი თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოს მავთულის ორრკალნახევრიანი სამაჯური, ხვიები, რგოლები და ძელის სახვრეტები.

ნამოსახლარი მდებარეობს ციხეთგორის მარცხენა ფერდობის დავაკებაზე, მდინარე გიორგწმინდისწყლის მარჯვენა ნაპირას, ადგილ ნასისხლართან. ძეგლი არ გათხრილა. იგი ორფენიანია. ზედა ფენა გვიანდელ ბრინჯაოს ხანას განეკუთვნება, ქვედა ფენა - ადრინდელ ბრინჯაოს ხანას. ფენებს შორის 1 მეტრი სისქის სტერილური ფენაა. ნამოსახლარზე აღმოჩენილია ხელსაფქვავები და თიხის ჭურჭლის ნატეხები. მასალა ინახება დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.

ლიტერატურა რედაქტირება