შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია
შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ინგლ. International Labour Organization, ILO) — გაეროს სპეციალიზებული სააგენტო, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დაკავებულია შრომითი ურთიერთობის საკითხების დარეგულირებით. დღევანდელი მონაცემებით შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია 187 ქვეყანა. 1920 წლიდან ორგანიზაციის შტაბ-ბინა — შრომის საერთაშორისო ბიურო მდებარეობს ჟენევაში. აქვს საკუთარი წესდება, ჰყავს წევრები, საკუთარი ორგანოები, ბიუჯეტი და მომსახურე პერსონალი; მას გაეროსთან დადებული აქვს ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვავს მათ ორმხრივ ურთიერთობებსა და თანამშრომლობას[1]. 1969 წელს შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია დაჯილოვდა ნობელის მშვიდობის პრემიით.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია | |
---|---|
ინგლ. International Labour Organization | |
აბრევიატურა | ILO |
შეიქმნა | 1919 |
ტიპი | გაეროს სპეციალიზებული სააგენტო |
შტაბ-ბინა | ჟენევა, შვეიცარია |
მდებარეობა | International Labour Organization (building) |
გენერალური დირექტორი | გაი რაიდერი |
ქვეყანა | შვეიცარია |
www.ilo.org |
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობაა, ჩამოაყალიბოს შრომითი სტანდარტები კონვენციების და რეკომენდაციების ფორმით და განახორციელოს ზედამხედველობა იმაზე, თუ როგორ ახორციელებენ მათ წევრი სახელმწიფოების მთავრობები ეროვნულ დონეზე. ეს შრომითი სტანდარტები თავისი ხასიათით შეიძლება იყოს ტექნიკური, თუმცა ისინი აგრეთვე შეიცავენ ადამიანის უფლებათა კომპონენტს, რომელიც კონკრეტულად ქალების შრომით უფლებებს უკავშირდება[1].
ისტორია
რედაქტირებაშრომის საერთაშორისო ორგანიზაცია შეიქმნა 1919 წელს ვერსალის სამშვიდობო შეთანხმების შესაბამისად, როგორც ერთა ლიგის სტრუქტურული ერთეული და არის ერთა ლიგის ერთადერთი შემადგენელი ნაწილი, რომელიც გადაურჩა მეორე მსოფლიო ომს. ორგანიზაცია შეიქმნა დასავლელი სოციალ-დემოკრატების ინიციატივითა და აქტიური მონაწილეობით. წესდება შეიმუშავა სამშვიდობო კონფერენციის შრომის კომისიამ და გახდა ვერსალის ხელშეკრულების XIII ნაწილი.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია სამძირიტად იდეაზე დაფუძნებითაა შექმნილი: მშვიდობის დამყარება სოციალური სამართლიანობის გზით, კოლექტიური შეთანხმებებისათვის უპირატესობის მინიჭება იზოლირებულ შეთანხმებებთან შედარებით და იმ აზრის განვითარება, რომ არც ერთმა ქვეყანამ არ უნდა მიიღოს სხვაზე მეტი უპირატესობ ასამუშაო პირობებისათვის სტანდარტზე დაბალი დონის მომიზეზებით[1].
პირველი გენერალური დირექტორი და შექმნის ერთ-ერთი ძირითადი ინიციატორი იყო ფრანგი პოლიტიკური მოღვაწე ალბერ ტომა. ამჟამად გენერალური დირექტორია გაი რაიდერი. 1934 წელს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრები გახდნენ აშშ და სსრკ. 1940 წელს მეორე მსოფლიო ომის გამო შტაბ-ბინა დროებით გადაიტანეს კანადის ქალაქ მონრეალში, რის წყალობითაც უწყვეტად შენარჩუნდა ორგანიზაციის საქმიანობა. 1940 წელს საბჭოთა კავშირმა შეაჩერა ორგანიზაციის წევრობა, რომელიც კვლავ აღადგინა 1954 წელს და მასთან ერთად ორგანიზაციის წევრები გახდნენ ბელორუსიის სსრ და უკრაინის სსრ.
1944 წელს, ფილადელფიაში შრომის საერთაშორისო კონფერენციამ განსაზღვრა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ამოცანები ომისშემდგომ პერიოდში. კონფერენციაზე მიიღეს ფილადელფიის დეკლარაცია, რომელშიც ჩამოყალიბდა ორგანიზაციის მიზნები. აღნიშნული დეკლარაცია გახდა ორგანიზაციის წესდების განუყოფელი ნაწილი. 1945 წელს შტაბ-ბინა კვლავ ჟენევაში დაბრუნდა.
ორგანიზაციის მიერ მიღებული პირველი კონვენციები ეხებოდა ისეთ სხვადასხვა პრობლემურ საკითხს, როგორიცაა სამუშაო საათები, ქალთა სამუშაო პირობები და ბავშვთა შრომა.
ბოლო ოთხმოცი წლის განმავლობაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია აგრძელებს სტანდარტების დადგენას და აკონტროლებს წევრი ქვეყნების მიერ მათი შესრულების პროცესს. მას კვლავ განმსაზღვრელი ადგილი უკავია შრომის საერთაშორისო სტანარტების ჩამოყალიბებაში[1].
სტრუქტურა
რედაქტირებაშრომის საერთაშორისო ორგანიზაციის უმაღლესი ორგანოა შრომის საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც არის ორგანიზაციის მუდმივი სამდივნო, ოპერატიული შტაბი, კვლევითი და საგამომცემლო ცენტრი. მასზე ხდება ორგანიზაციის ყველა აქტის მიღება. ბიურო დაკავებულია დოკუმენტებისა და ანგარიშების მომზადებით, რომლებიც გამოიყენება კონფერენციის მსვლელობისას. ბიურო ასევე ახორციელებს ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობენ ორგანიზაციის ნორმატიულ მუშაობას. ბიურო მოიცავს დეპარტამენტს, რომელიც პასუხისმგებელია შრომის საერთაშორისო სტანდარტებთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე, აგრეთვე არსებობენ დეპარტამენტები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დამსაქმებელთა და მუშაკთა საქმიანობაზე.
საერთაშორისო კონფერენციის დელეგატები არიან თითოეული მთავრობის ორი წარმომადგენელი და ერთი, თითოეული მონაწილე სახელმწიფოს მუშათა და დამსაქმებელთა ყველაზე წარმომადგენლობითი ორგანიზაციებიდან.
ორგანიზაცია იღებს კონვენციებსა და რეკომენდაციებს შრომის საკითხებზე. კონვენციებისა და რეკომენდაციების გარდა, მიღებულია სამი დეკლარაცია: ფილადელფიის დეკლარაცია, რომელიც განმარტავს ორგანიზაციის მიზნებსა და ამოცანებს; ორგანიზაციის 1977 წლის დეკლარაცია მრავალეროვნული საწარმოთა და სოციალური პოლიტიკის შესახებ; 1998 დეკლარაცია შრომის ფუნდამენტური უფლებებისა და პრინციპების შესახებ.
კონვენციები ექვემდებარება წევრი ქვეყნების რატიფიკაციას და რატიფიცირების შემთხვევაში იგი სავალდებულოა. რეკომენდაციები კი არ წარმოადგენენ იურიდიულად სავალდებულო აქტებს. მაშინაც კი, თუ სახელმწიფომ არ მოახდინა ამ თუ იმ კონვენციის რატიფიკაცია, მას ეკისრება ვალდებულებები ორგანიზაციაში წევრობის ფაქტის გამო და ევალება მის წესდების დაცვა შრომის სფეროში ოთხი ფუნდამენტური პრინციპის შესაბამისად, რაც ასახულია ორგანიზაციის 1998 წლის დეკლარაციაში. ეს არის გაერთიანების თავისუფლებისა და კოლექტიური გარიგების უფლების პრინციპები; დისკრიმინაციის აკრძალვა შრომით ურთიერთობებში; იძულებითი შრომის აღმოფხვრა; ბავშვთა შრომის აკრძალვა. ოთხ ძირითად პრინციპს მიეძღვნა რვა კონვენცია (კონვენციები № 87 და 98; 100 და 111; 29 და 105; 138 და 182), რომლებსაც ასევე ფუნდამენტურ კონვენციებსაც უწოდებენ. ეს კონვენციები რატიფიცირებულია მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობის მიერ და ორგანიზაცია განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება მათ განხორციელებას.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციები და რეკომენდაციები ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ, ესპანურ, ჩინურ, გერმანულ, პორტუგალიურ და არაბულ ენებზე შრომის საერთაშორისო სტანდარტების მონაცემთა ბაზაშია თავმოყრილი.
ორგანიზაციისთვის არსებობს მექანიზმები, რომ აკონტროლონ კონვენციების და რეკომენდაციების შესრულება, რომელთა ძირითადი არსია შრომითი უფლებების სავარაუდო დარღვევების გარემოებების შესწავლა და საერთაშორისო საზოგადოებისათვის მისი გაცნობა. ამ კონტროლს ახორციელებს შრომითი ორგანიზაციის ექსპერტთა კომიტეტი.
განსაკუთრებულ შემთხვევებში, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წესდების 33-ე მუხლის შესაბამისად შრომითი საერთაშორისო კონფერენციამ შეიძლება მოუწოდოს მის წევრებს გავლენა მოახდინონ სახელმწიფოზე, თუკი იგი განსაკუთრებულად არღვევს შრომის საერთაშორისო სტანდარტებს. პრაქტიკაში ეს მოხდა მხოლოდ ერთხელ 2001 წელს მიანმართან დაკავშირებით, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში აკრიტიკებდნენ იძულებითი შრომის გამოყენებისა და ამ სფეროში ორგანიზაციასთან თანამშრომობლაზე უარის თქმის გამო. შედეგად ორგანიზაციის წევრმა უამრავმა ქვეყანამ სანქციები დაუწესა მიანმარს და იგი იძულებული გახდა მთელი რიგი ნაბიჯები გადაედგა ორგანიზაციასთან თანამშრომლობისაკენ.
გენერალური დირექტორები
რედაქტირებაპერიოდი | გენერალური დირექტორი | ქვეყანა |
---|---|---|
ნოემბერი 1919 — 7 მაისი 1932 | ალბერ ტომა | საფრანგეთი |
ივლისი 1932 — ივნისი 1938 | ჰაროლდ ბატლერი | დიდი ბრიტანეთი |
ივნისი1939 — ივლისი 1941 | ჯონ უიანანტი | აშშ |
ივლისი 1941 — ივნისი1948 | ედვარდ ფილენი | ირლანდია |
ივნისი 1948 — მაისი 1970 | დევიდ აბნერ მორსი | აშშ |
1 ივნისი 1970 — 9 ოქტომბერი 1973 | ჯენქს უილფრედი | დიდი ბრიტანეთი |
9 ოქტომბერი 1973 — 27 თებერვალი 1989 | ფრანსის ბლანშარი | საფრანგეთი |
27 თებერვალი 1989 — 4 მარტი 1999 | მიშელ ჰანსენი | ბელგია |
4 მარტი 1999 — 1 ოქტომბერი 2012 | ხუან სომავია | ჩილე |
1 ოქტომბერი 2012 — დღემდე | გაი რაიდერი | დიდი ბრიტანეთი |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Alcock, A. History of the International Labour Organization (London, 1971)
- Chisholm, A. Labour's Magna Charta: A Critical Study of the Labour Clauses of the Peace Treaty and of the Draft Conventions and Recommendations of the Washington International Labour Conference (London, 1925)
- Dufty, N.F. "Organizational Growth and Goal Structure: The Case of the ILO," International Organization 1972 Vol. 26, pp 479–498 in JSTOR
- Endres, A.; Fleming, G. International Organizations and the Analysis of Economic Policy, 1919–1950 (Cambridge, 2002)
- Evans, A.A. My Life as an International Civil Servant in the International Labour Organization (Geneva, 1995)
- Ewing, K. Britain and the ILO (London, 1994)
- Fried, John H. E. "Relations Between the United Nations and the International Labor Organization," American Political Science Review, Vol. 41, No. 5 (October 1947), pp. 963–977 in JSTOR