შვედური კინემატოგრაფი
შვედეთის კინემატოგრაფი — 1897 წლიდან დღემდე შვედეთში შექმნილი მხატვრული, დოკუმენტური მოკლე და სრულმეტრაჟიანი კინოპროდუქციის ერთობლიობა. შვედურმა საზოგადოებამ პირველი ფილმი 1896 წლის 28 ივნისს იხილა, როდესაც სამრეწველო გამოფენაზე შესასვლელი ბილეთებით სეანსზე დასწრების საშუალებაც მიეცა. დამსწრეთ კინოგადაღებების ჩანაწერები წარმოუდგინეს. 1897 წელს კი უკვე პირველი მოკლემეტრაჟიანი და თანაც შვედური ნამუშევრის კადრები აჩვენეს. მომდევნო წლებში სამოგზაურო ჩვენებების წყალობით სრულიად შვედეთი გაეცნო კინემატოგრაფს და ინტერესიც გაიზარდა ამ დარგისადმი; ამდენად უკვე XX საუკუნის დამდეგს ქვეყანაში მუდმივი კინოთეატრები ჩნდება თანდათანობით.
შვედეთი, დანიასთან ერთად, ერთ-ერთი პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ადრევე დაარსდა ეროვნული კინოსტუდია. მსოფლიოში არსებულთაგან უძველესი კინოკომპანია ნორდისკ ფილმი Nordisk Film კოპენჰაგენში ჯერ კიდევ 1906 წელს დაარსდა, ერთი წლის თავზე კი ქრისტიანსტადში გაიხსნა Svenska Biografteatern (Svenska Bio). ამ წლებში ნაყოფიერად მოღვაწეობდნენ რეჟისორები ვიქტორ შიოსტრიომი და მაურიც სტილერი. სწორედ მათი წყალობით მიაღწია სკანდინავიურმა კინომ პროფესიონალიზმის მწვერვალს. პირველი მსოფლიო ომის დასასრული შვედური მუნჯი კინოსთვის „ოქროს საუკუნედ“ შეიძლება მივიჩნიოთ. შვედები იმხანად აქტიურად ახდენდნენ კლასიკური ნაწარმოებების ეკრანიზებას. ასე, მაგალითად, 1919 წელს სტილერმა გადაიღო სელმა ლაგერლოფის რომანი „ბატონი არნეს ფული“. ორი წლის შემდეგ კი იმავე მწერლის „მეეტლე ქალი“ გააეკრანა შიორსტრიომმა.
პირველი მსოფლიო ომის წლებში Svenska Bio-ს გარკვეულ კონკურენციას გეტებორგის კომპანია Hasselbladfilm უწევდა, სადაც 1915-19 წლებში აქტიურად მუშაობდა რეჟისორი ეორგ აფ კლერკერი. თუმცა 1919 წელს შვედეთის ყველა მსხვილი კინომწარმოებელიო კომპანია Svensk Filmindustri-ს შეერწყა. ამ გაერთიანებას სათავეში „სვენსკა ბიოს“ ხელმძღვანელი კარლ მაგნუსონი ჩადგა. სამწუხაროდ შვედური კინოს ზენიტი დღემოკლე აღმოჩნდა, რადგან ომის დასასრულს რეჟისორები შიორსტრიომი და სტილერი, ასევე შვედური კინოს კაშკაშა ვარსკვლავი გრეტა გარბო ჰოლივუდში გადაბარგდნენ. შვედურმა კინოწარმოებამ მსოფლიო ბაზარზე ლიდერის პოზიცია დათმო. ამას ფინანსური და მხატვრული კრიზისიც თან დაერთო. შვედური კინო 30-იან წლებში ხმოვანი ფილმების გამოჩენამ იხსნა, რაც სამამულო ბაზარზე კიდევ უფრო მეტ მაყურებელს (მსმენელს) იზიდავდა. ამ ხანებს უკავშირდება Europa Film-ის დაარსება, რომელიც კომედიების წარმოებით იყო დაკავებული.
ისეთ მსახიობებს, როგორებიც იყვნენ ფრიდოლფ რუდინი, ედვარდ პერსონი, ადოლფ იარი, ეკე სიოდერბლუმი, დაგმარ ებესენი და საკან კარლსონი, კომპანიებისთვის დიდი მოგება მოჰქონდათ, თუმცა 30-იანი წლების კინოსურათები მეტწილად ვულგარულ ელფერს ატარებდნენ და გაწელილი სიუჟეტები ახასიათებდათ; ამისათვის 30-იანების კინოს მეტსახელად „ლუდის კინო“ (pilsnerfilmer) დაერქვა. ლუდის ფილმთაგან ყველაზე ცნობილია „ოტელ პარადიზი“ (Pensionat Paradiset; 1937), რომელმაც სკანდალურობის გამო ისეთი ვნებათა ღელვა გამოიწვია საზოგადოებაში, რომ შვედურმა მწერალთა კავშირმა სტოკჰოლმის საკონცერტო დარბაზში საპროტესტო შეკრებაც კი გამართა. შეკრებაზე კინოკრიტიკოსი კარლ ბიორკმანი გამოვიდა სიტყვით „შვედური ფილმი — კულტურა თუ კულტურული მუქარა?“
ამავე პერიოდში მუშაობდა რეჟისორი გუსტავ მულანდერი, რომლის ფილმებშიც პირველად გაიბრწყინა მომავალმა კინოვარსკვლავმა ინგრიდ ბერგმანმა.
მეორე მსოფლიოს ომის დასაწყისს შვედეთში გასართობი ფილმების წარმოება მოჰყვა, რამაც შინაარსის მხატვრული დონის მიმართ გარკვეული მოთხოვნები დაბადა. მეორე მსოფლიო ომის ფონზე რეჟისორებს ეროვნული, სოციალური და რელიგიური სიუჟეტებისადმი აღეძრათ ინტერესი. ამ დროს შვედური კინოს გადახალისებაში დიდი წვლილი შეიტანა ალფ შიობერგმა ფილმებით „ღვთაებრივი თამაში“ (Himlaspelet; 1942) და „დევნა“ (1944).
გერმანიის დამარცხების შემდეგ შექმნილი კონიუნქტურა მასობრივ მაყურებელზე გათვლილ შვედურ ფილმებს მოწყალების თვალით არ უყურებდა, რამაც მსახიობების მისწრაფებას, ხელოვნებაში გამოეჩინათ თავი, დიდად შეუწყო ხელი. ოთხი წამყვანი კინოკომპანია — SF, Europa Film, Sandrews და Nordisk Tonefilm — მომდევნო ათწლეულში მსახიობებსა და რეჟისორებს (არნე სუქსდორფს, ნილს პოპს, ერიკ ფაუსტმანსა და არნე მატსონს.) მოქმედების სრულ თავისუფლებას ანიჭებდნენ. სწორედ ამ დროს შექმნა ჰანს ეკმანმა თავისი საუკეთესო ფილმები „გოგონა და ჰიაცინტები“; (1950), რეჟისორმა ალფ შიობერგმა კი ფილმით „ფრეკენ იულია“ შვედურ კინოს მსოფლიო აღიარება დაუბრუნა. ამავდროულად სწრაფად მიიწევდა მწვერვალისკენ ინგმარ ბერგმანის კარიერა. მისმა კომედიურმა ფილმმა „ზაფხულის ღამის ღიმილები“ 1956 წელს პრიზი და საყოველთაო ყურადღება დაიმსახურა კანის კინოფესტივალზე. შედეგად ბერგმანი მსოფლიო კინემატოგრაფის აღიარებული კლასიკოსი გახდა, ხოლო მისმა ფილმებმა „მეშვიდე ბეჭედი“ (1957), „მარყვის მინდორი“ (1957), „დუმილი“ (1963), „პერსონა“ (1966), „ჩურჩული და კივილი“ (1973) არაერთ რეჟისორზე მოახდინეს საგრძნობი გავლენა.
50-იანების დასასრულს შვედურ კინოს კრიზისის პერიოდი დაუდგა, რასაც ტელევიზიის განვითარებამ შეუწყო ხელი. მაყურებელთა რაოდენობის დაკლებისა და კინოთეატრების დახურვის (დაიხურა 2/3 დარბაზებისა) შემდეგ კინოკომპანიებს მხატვრულ რისკზე წასვლის სურვილი დაეკარგათ. დადგა სექსუალური თვალსაზრისით თავისუფალი ფილმების ჟამი. გაშიშვლებული შვედური ნატურა იოლად გაყიდვადი აღმოჩნდა. 60-იან წლებში შვედური კინო ისეთი სურათებით გასცდა საზღვრებს, როგორებიცაა „ანგელოზები... არსებობენ კი?“ (Änglar, finns dom?; 1961), „ძვირფასი იუნი“ (Käre John; 1964), „ცნობისმოყვარე ვარ — ყვითელი“ (Jag är nyfiken — gul; 1967) და „სიყვარულის ენა“ (Kärlekens språk; 1969). იმავე დროს მოთხოვნა გაჩნდა ასტრიდ ლინგრენის ნაწარმოებების ეკრანიზაციაზე მოზარდი მაყურებლებისთვის, რასაც რეჟისორი ულე ჰელბუმი იღებდა.
მხატვრულად შვედური კინო ე.წ. 1963 წლის კინორეფორმამ გადაარჩინა, რაც სახელმწიფოს მხრიდან მაღალმხატვრული ფილმების დაფინანსებას ითვალისწინებდა. მნიშვნელოვანი როლი ამ საქმეში ახლადშექმნილ შვედეთის კინოინსტიტუტს დაეკისრა. ამ მიდგომამ ნაყოფიც მალე გამოიღო და ისეთ რეჟისორებს გაუხსნა გზა, როგორებიცაა ვილჰოტ შიომანი, ბუ ვიდენბერგი, მაი ცეტერლინგი, იან ტრუელი, ჩელ გრედე და როი ანდერსონი.
70 — 80-იან წლებში შვედეთში კინოთეატრებში მიმსვლელთა ვარდნა დაფიქსირდა, თან გახორციელებულმა რეფორმამაც უკვე მისუსტება დაიწყო. პოპულარული ისევ კომედიური ჟანრი რჩებოდა. ამ ხანებში ეკრანებზე გამოვიდა „პიკასოს თავგადასავალი“ (Picassos äventyr; 1978), «Лейф» (Leif; 1987), „ჩარტერული რეისი“ (Sällskapsresan; 1980) და „ჩემი ძაღლური სიცოცხლე“(1985). ამავე პერიოდში ქვეყანაში ქალი-რეჟისორებიც გაჩნდნენ: მარიან არნე, მარი-ლუიზა ეკმანი და სუსან ოსტენი. ხსენებულ პერიოდს ეკონომიკური და მხატვრული არასტაბილურობა ახასიათებდა. რამდენიმე კინოკომპანია გაკოტრდა. 80-იანი წლები ვიდეობუმმა და თანამგზავრული მაუწყებლობის შემდგომმა განვითარებამ შვედურ კინოწარმოებას ლამის ბოლო მოუღეს. ამასთანავე უფრო და უფრო გაღრმავდა კინოსა და ტელეკომპანიებს შორის თანამშრომლობა.
90-იან წლებში სახელი გაითქვა რეჟისორმა რიკარდ ჰუბერტმა, რომელმაც შვიდ მომაკვდინებელ ცოდვაზე გადაიღო ფილმების სერია (Glädjekällan, Spring för livet, Höst i paradiset და სხვა.). იმავე ხანებში დაიწყო კინოკარიერა ლუკას მუდისონმაც, რომელსაც წარმატება მოუტანა ფილმმა Fucking Åmål („სიყვარული მიჩვენე“) შვედეთში კინემატოგრაფის განვითარებას თავისი ელფერი დაჰკრავდა, რადგან კინოკომპანიები ვერტიკალურად იყვნენ ინტეგრირებულნი ანუ ერთდროულად ფილმებსაც იღებდნენ და კინოდარბაზებსაც ფლობდნენ. მართალია, აშშ ანტიტრესტული კანონი ამგვარ საქმისწარმოებას კრძალავდა, მაგრამ XX საუკუნის 40-50-იანი წლების მცირერიცხოვან შვედურ ბაზარზე ასეთი ორგანიზაცია თავის გადარჩენის ერთადერთი წინაპირობა იყო. 40-80-იან წლების პერიოდი „სამი დის“ ხანად არის წოდებული — SF, Sandrews და Europa Film. თუმცა 1985 წელს გაკოტრების პირას მისული Europa Film შეერწყა SF-ს, ამ უკანასკნელმა კი შვედური კინობაზრის 60% დაისაკუთრა. 90-იან წლების მეორე ნახევარში არაერთი ინვესტიცია განხორციელდა რეგიონული კინოწარმოების საქმეში, ამდენად ნურდი და ფილმი და ვესტი უმნიშვნელოვანეს კინოცენტრებად იქცა როგორც სრულმეტრაჟია მხატვრული, ასევე დოკუმენტური ფილმების წარმოების თვალსაზრისით. ამან კი იქამდე მიიყვანა საქმე, რომ სტოკჰოლმმა კინოპრუდუცირების მონოპოლია დაკარგა. შვედური კონოწარმოების განვითარებას ხელი შეუწყო 1993 წლიდან შვედეთის მონაწილეობამ ევროპულ მედია კომისიაში, რომელიც ევროპული კინოსექტორის განვითარების ისახავს მიზნად. 90-იან წლებში შვედური კინოინდუსტრია წელიწადში საშუალოდ 20 ფილმს უშვებდა. 1998 წელს ქვეყანაში 1167 კინოთეატრი იყო, ბილეთებიდან შემოსულმა შემოსავალმა კი 1 050 000 000 კრონა (მათ შორის 14,6 % შვედური ფილმების სეანსებზე მოდის) შეადგინა.