შაჰნაზირი — ქართული ტაძარი ლორე-ტაშირში, სოფელ მეწავანში (ყოფ. შაჰნაზირი). სახელწოდება სოფელი მდებარეობს ყარაღაჯის მთის ჩრდილოეთით და ლორეს ველის დასავლეთით. 2013 წლიდან მოქმედებს სომხური სამოციქულო ეკლესია.

შაჰნაზირის ეკლესია
შაჰნაზირი — სომხეთი
შაჰნაზირი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°12′05″N 44°13′37″E / 41.201302° ჩ. გ. 44.226978° ა. გ. / 41.201302; 44.226978
რელიგიური კუთვნილება სომხური სამოციქულო ეკლესიის დროშა სომხური სამოციქულო ეკლესია
ქვეყანა სომხეთი
პროვინცია ლორე
მუნიციპალიტეტი ტაშირი
ადგილმდებარეობა სოფ. მეწავანი.
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1135

ვახტანგ VI-ის დასტურლამალში და ვახუშტის რუკაზე იგი აბოცის მიდამოშია აღნიშნული. შაჰნაზირში დაცული ერთი ქართული წარწერის საფუძველზე, რომელშიც ნახსენებია „აბოზი“ ანუ, „აბოცი“, ლეონ მელიქსეთ-ბეგი ფიქრობს, რომ ეს სახელწოდება გადმოტანილი უნდა იყოს ყაიყულის აბოციდან აქაური მოსახლეობის ლორე-ტაშირში გადმოსახლების დროს. მეცნიერი არ გამორიცხავს იმასაც, რომ შეიძლება მათ მიერ იყოს აბოციდან გადმოტანილი ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები ლორე-ტაშირში. შაჰნაზირსა და მის მიდამოებში დაცულია რამდენიმე ქართული ასომთავრული წარწერა, აგრეთვე - ქანდაკება-ჩუქურთმა ქვაზე, რომლებიც სომეხ კათოლიკებს ჩაუტანებიათ ეკლესიების კედლებში.

ე.წ. ქვემო ეკლესიაში, სამხრეთ შესავლის კარის მარჯვნივ, სარკმელქვეშ არის ცხრასტრიქონიანი ქართული წარწერა, რომელშიც მოხსენიებულია ამ ეკლესიის აღმშენებლები - ოთხი ძმა ძნელაის-ძენი. წარწერას ლეონ მელიქსეთ-ბეგი ათარიღებს 1135 წლით. იქვეა ასეთი სხვა ქართული წარწერა: „ქრისტე შეიწყალე ძნელაი მირიან“.

შაჰნაზირის ახლოს ჯუჯექენდაში, გორაკზე ერთნავიან, ნახევრად დანგრეულ ეკლესიაში აღმოჩენილია ნუსხა-ხუცურით შესრულებული ექვსსტრიქონიანი წარწერა - „სახელითა ღმრთისაითა ესე ჩუენ გორაკელთა, ფიჩოსანთა, დავწერეთ: ვინ უწინა მოკუდეს, ი დღე ჟამი უწირონ ყოველთა“.

შაჰნაზირის წარწერა

ლეონ მელიქსეთ-ბეგი ამ ქართული წარწერის კონკრეტულ თარიღს არ იძლევა. სომეხ მკვლევარ პ. მურადიანს კი იგი მიაჩნია XII-XIV საუკუნეების ნიმუშად. თუ გავიხსენებთ, რომ მეფე ალექსანდრე დიდმა (1390-1442) ლორე სვეტიცხოველს შესწირა, ქალკედონური ეკლესიების მშენებლობა და ქართული ეპიგრაფიკა ბუნებრივ მოვლენად უნდა მივიჩნიოთ ლორე-ტაშირში - ამ უძველეს ქართულ მხარეში. აღნიშნულ წარწერაში საინტერესოა ის ფაქტი, რომ მასში ნახსენები სახელი „ფიჩოსანთა“ კიდევ ერთხელ ადასტურებს - „ქართველ ან საერთოდ ქალკედონელთა ფიჩოსანთა არსებობას, ე.ი. ქართლის (მცხეთის) საკათალიკოსოს დაქვემდებარებულ სამონასტრო აღმშენებლობას ლორე-ტაშირის ამ განაპირა მხარეში“ - აღნიშნავს ლეონ მელიქსეთ-ბეგი.

ტაძარი გარემონტდა და იკურთხა სომხური სამოციქულო ეკლესიის მიერ 2013 წელს[1].

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება