„შავი სექტემბერი“
ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი ნაწილი

შეტაკებები ამანში (1 ოქტომბერი, 1970).
თარიღი 6 სექტემბერი, 197017 ივლისი, 1971
მდებარეობა იორდანია
შედეგი პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის განდევნა იორდანიიდან
მხარეები
პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაცია,
სირია
იორდანია
მეთაურები
იასირ არაფატი (პგო),
ხალილ ალ-ვაზირი (პგო),
ჟორჟ ჰაბაში (პგო),
სალაჰ ჯადიდი (სირია)
მეფე ჰუსეინი,
ჰაბის მაჯალი,
ვასფი ალ-ტალი
ძალები
15 000-40 000 (პგო),
10 000-16 000 (სირია)
65 000-74 000
დანაკარგები
3 400 მოკლული (პგო),
600 მოკლული და დაჭრილი (სირია)
537 მოკლული, 1200 დაჭრილი
შავი სექტემბერი ვიკისაწყობში

„შავი სექტემბერი“ (არაბ. أيلول الأسود; Aylūl Al-Aswad) — შეიარაღებული კონფლიქტი იორდანიის სამეფოს არმიასა და პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის (პგო) სხვადასხვა დაჯგუფებას შორის, რომელიც 1970 წლის სექტემბერში დაიწყო. შეტაკებებმა იორდანიის ტერიტორიაზე, ძირითადად ქვეყნის ჩრდილოეთში, რამდენიმე თვეს გასტანა. დაპირისპირება 1971 წლის ივლისში პგო-ის იორდანიიდან სამუდამო განდევნით და ლიბანის ტერიტორიაზე გადანაცვლებით დასრულდა.

დაძაბულობის ზრდა

რედაქტირება

კონფლიქტს წინ უსწრებდა 1960-იანი წლების ბოლოდან იორდანიასა და მის ტერიტორიაზე განთავსებულ პგო-ს დაჯგუფებებს შორის მზარდი დაძაბულობა, რომელსაც ორი ძირითადი მიზეზი ჰქონდა: პგო-ის თავდასხმები იორდანიის საზღვრებიდან ისრაელზე, რასაც ისრაელის საპასუხო დარტყმები სდევდა თან, და პგო-ის მცდელობა შეექმნა ავტონომიური სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი ჩრდილოეთ იორდანიაში. იორდანიის მეფე ჰუსეინი თვლიდა, რომ პგო-ის არსებობა იორდანიის ტერიტორიაზე საფრთხეს უქმნიდა მის მმართველობას და, ზოგადად, მონარქიას. 1970 წლის გაზაფხულიდან იორდანიელ სამხედროებსა და პალესტინელებს შორის შეტაკებები გახშირდა. ივნისში ძალადობის მნიშვნელოვანი ესკალაცია მხოლოდ მეფე ჰუსეინის პირადი ჩარევით შეჩერდა,[1] თუმცა იორდანიის მთავრობამ და პგო-ის ლიდერმა იასირ არაფატმა საბოლოო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. სპონტანური შეტაკებები იორდანიელ ჯარისკაცებსა და პალესტინელ მებრძოლებს შორის კვლავ გრძელდებოდა.[2]

კონფლიქტის ესკალაცია

რედაქტირება
 
საბრძოლო მოქმედებების თეატრი: პგო-ის ბაზები და სირიელთა შეტევა 1970 წლის სექტემბერში.

კონფლიქტის მკვეთრი გამწვავება 1970 წლის 6 სექტემბერს პგო-ის სიდიდით მეორე დაჯგუფების (ფათხის შემდეგ) — პალესტინის გათავისუფლების სახალხო ფრონტის მიერ დასავლური ავიაკომპანიების 4 თვითმფრინავის გატაცებას მოჰყვა (3 დღის შემდეგ გაიტაცეს კიდევ ერთი ხომალდი). გამტაცებლებმა მოახერხეს 3 გატაცებული თვითმფრინავის დასმა „დოსონ ფილდის“ სახელით ცნობილ უმოქმედო ავიაბაზაზე იორდანიის ჩრდილოეთში. 12 სექტემბერს თვითმფრინავები ჟურნალისტების თანდასწრებით დემონსტრაციულად გაანადგურეს; მგზავრებს შორის მსხვერპლი არ ყოფილა.[2] თავად არაფატი ამ ქმედებებით უკმაყოფილო იყო, თუმცა პალესტინური საზოგადოებრივი აზრის გავლენით გამტაცებლების დაგმობა არ უცდია.[3]

იორდანიის მეფემ გადაწყვიტა, რომ ბოლოდროინდელი მოვლენები მის ავტორიტეტზე და იორდანიის სუვერენიტეტზე უპატიებელი თავდასხმა იყო და პალესტინელი პარტიზანების პრობლემის საბოლოო გადაწყვეტის მიზნით 17 სექტემბერს დაიწყო სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია პგო-ის წინააღმდეგ. ბრძოლებში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ იორდანიის 70 ათასიანი არმია მძიმე შეიარაღებით და პალესტინელების მსუბუქად შეიარაღებული 12 ათასამდე მებრძოლი და 30 ათასამდე მოხალისე. იორდანიის სარდლობის გათვლით ძირითადი შეტევითი ოპერაცია 2 დღეს უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა მალევე აღმოჩნდა, რომ პალესტინელების მედგარი წინააღმდეგობის და იორდანიელი სამხედროების ტაქტიკური შეცდომების გამო კონფლიქტი უფრო ხანგრძლივი იქნებოდა. შეტაკებები ძირითადად იორდანიის ჩრდილოეთში, ამანისა და ირბიდის ირგვლივ მიმდინარეობდა.[2]

1970 წლის 19 სექტემბერს კონფლიქტში სირია ჩაერთო, რომელმაც პგო-ის საცნობი ნიშნებით მარკირებული 300 ტანკი და 16 ათასი ქვეითი გაგზავნა პალესტინელების დასახმარებლად. თავდაპირველი წარმატების მიუხედავად, სირიელებმა დიდი დანაკარგები განიცადეს 22 სექტემბერს იორდანიის სამხედრო-საჰაერო ძალების ინტენსიური დარტყმების შედეგად: დაიღუპა და დაიჭრა 600-მდე სირიელი ჯარისკაცი, განადგურდა 120 საბრძოლო მანქანა. სირიელმა სამხედროებმა სასწრაფოდ უკან დაიხიეს და რამდენიმე დღეში იორდანიის ტერიტორია დატოვეს;[2] სირიის მთავრობას მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.[1] არაბული სამყაროს ლიდერების ზეწოლის შედეგად იორდანიისა და პგო-ის ხელმძღვანელები 27 სექტემბერს ეგვიპტის პრეზიდენტის გამალ აბდელ ნასერის შუამავლობით კაიროში შეხვედრისას ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. მიუხედავად ამისა, 1970 წლის ნოემბერში შეიარაღებული დაპირისპირება განახლდა და, საბოლოოდ, მომდევნო წლის ივლისში პალესტინელების სრული დამარცხებით დასრულდა. პგო-ის მებრძოლებმა და პალესტინელმა ლტოლვილებმა იორდანია დატოვეს. მათმა დიდმა ნაწილმა თავი ლიბანს შეაფარა. ბრძოლებში 600-მდე იორდანიელი დაიღუპა და 1200-ზე მეტი დაიჭრა. პალესტინელების დანაკარგები რამდენიმე ათასი იყო, თუმცა ზუსტი რიცხვი უცნობია.[2]

შედეგები

რედაქტირება
 
არაფატი, ნასერი და ჰუსეინი კაიროში 1970 წლის 27 სექტემბერს.

„შავ სექტემბერს“ ახლო აღმოსავლეთში მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძვრები მოჰყვა. კაიროში მიმდინარე დაძაბული მოლაპარაკებების დასასრულს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელმოწერიდან მეორე დღეს (28 სექტემბერი, 1970) გულის შეტევით გარდაიცვალა ეგვიპტის პრეზიდენტი ნასერი, რომელიც შუამავლის როლს ასრულებდა. მისმა შემცვლელმა ანვარ სადათმა მკვეთრად შეცვალა საგარეო პოლიტიკური კურსი და ისრაელთან მშვიდობიანი ურთიერთობა დაამყარა. სირიაში, თავდაცვის მინისტრმა ჰაფეზ ალ-ასადმა ისარგებლა იორდანიაში სირიული ინტერვენციის მარცხით, 1970 წლის 13 ნოემბერს უსისხლო სახელმწიფო გადატრიალება მოახდინა და ავტორიტარული რეჟიმი დაამყარა. ლიბანში გადანაცვლებული პგო მალევე ჩაერთო ამ ქვეყანაში გაჩაღებულ სამოქალაქო ომში (1975-1990), რასაც თან დაერთო 1982 წელს ისრაელი სამხედრო ინტერვენცია. ამ მოვლებემა განაპირობება ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობა ლიბანში და დასავლეთის ქვეყნების წინააღმდეგ ტერორისტული კამპანიის აგორება. „შავი სექტემბერის“ მოვლენებით შთაგონებულმა პალესტინელთა ჯგუფმა შექმნა ამავე სახელწოდების ექსტრემისტული ორგანიზაცია, რომელმაც ტერორისტული აქტი მოაწყო 1972 წლის მიუნხენის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დროს. „შავმა სექტემბერმა“ მნიშვნელოვნად დააზიანა არაბული და პალესტინური ნაციონალიზმის იდეა და ხელი შეუწყო მუსულმანურ საზოგადოებებში რადიკალური ისლამისტური მებრძოლი ორგანიზაციების აღმავლობას.[2]

  1. 1.0 1.1 Shlaim, Avi (2008). Lion of Jordan: The Life of King Hussein in War and Peace. Vintage Books. — გვ. 316-326.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 Fahrer, Chuck (2008). "Black September". In Tucker, Spencer C. (ed.). The Encyclopedia of the Arab-Israeli Conflict: A Political, Social, and Military History. Vol. 1. ABC-CLIO. ISBN 9781851098422. — გვ. 223-224.
  3. Salibi, Kamal (1998). The Modern History of Jordan. I.B. Tauris. ISBN 9781860643316. — გვ. 236.