ყირიმის სამხრეთი ნაპირი
ყირიმის სამხრეთი ნაპირი (უკრ. Південне узбережжя Криму) — ყირიმის ნახევარკუნძულის შავიზღვისპირა სანაპიროს ნაწილი. აიის კონცხიდან ყარადაღის მასივამდე. სიგრძე დაახლოებით 150 კმ, სიგანე 2-8 კმ. ზედაპირი ბორცვიანია; აგებულია თიხაფიქლებითა და კირქვებით. ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია იაილის საფეხურით, რომელიც აიის კონცხიდან ალუშტამდე ციცაბოდ ეშვება ზღვისაკენ; სწორედ ეს მონაკვეთი წარმოადგენს საკუთრივ ყირიმის სამხრეთ ნაპირს. გურზუფთან მდებარეობს ლაკოლითი აიუ-დაღი (დათვი-მთა), პლანიორსკოესთან ახლოს — ძველი ვულკანური მასივი ყარადაღი.[1] ყირიმის სამხრეთი ნაპირი ყირიმის ნახევარკუნძულის ყველაზე თბილი ნაწილია. ჰავა ხმელთაშუა ზღვის ტიპისაა. ზაფხული თბილი და მშრალი იცის, ივლისის და აგვისტოს საშუალო ტემპერატურა დაახლოებით 24 °C. ზამთარი რბილია, იანვრის საშუალო ტემპერატურა დაახლოებით 4 °C, ნალექები 600 მმ წელიწადში. ხარობს მუხისა და ღვიის ტყეები, მარადმწვანე და ფოთოლმცვივანი ბუჩქნარის ქვეტყე. იაილის კალთები შემოსილია წიფლის, მუხისა და ყირიმის ფიჭვის ტყეებით. ბაღებსა და პარკებში წყავი, მაგნოლიები და სხვა მცენარეებია. ყირიმის სამხრეთი ნაპირი მნიშვნელოვანი საკურორტო რაიონია.[1]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Петров Б., Новиков Н., От Алушты до Байдар. Путеводитель, Симферополь, 1969;
- Речмедин И. О., Солнечный Крым. Физико-географический очерк, К., 1976;
- Сосновский В. К., Здравницы Крыма, Симферополь, 1977.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 653.