ყივჩაყთა გადმოსახლება საქართველოში

(გადამისამართდა გვერდიდან ყივჩაყთა გადმოსახლება საქართველოში 1118)

ყივჩაყთა გადმოსახლება საქართველოშისაქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ 1118 წელს ჩატარებული ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავდა ქართული ლაშქრის გაძლიერებას. საქართველოს გაერთიანებისა და თურქ-სელჩუკთა განდევნისათვის ბრძოლაში დავით აღმაშენებელმა 1116 წლისათვის დიდ წარმატებას მიაღწია: შემოიერთა კახეთი, ლორე, გიში, რუსთავი, სამშვილდე და სხვა ქალაქები. სელჩუკთა ხელში რჩებოდა თბილისი, დმანისი და რამდენიმე ციხე, ბრძოლებით დასუსტებულ ქართველ ლაშქარს უძნელდებოდა თურქთა განდევნა და დავით აღმაშენებელმა უცხოეთიდან დამხმარე ძალის მოწვევა გადაწყვიტა. ასეთ ძალად მან მიიჩნია ყივჩაყები, რომელთა მხედრობაც განთქმული, მობილური და ადვილად შესანახი იყო.

დავითი, როგორც ჩანს, ადრევე სარგებლობდა ყივჩაყთა დახმარებით. მისი მეორე ცოლი იყო ყივჩაყთა მთავრის (ხანის) ათრაქა შარაღანის ძის ასული. 1115 კიევის მთავრის ვლადიმირ მონომახის მიერ დამარცხებული ყივჩაყები ჩრდილოეთ კავკასიაში იდგნენ. დავითმა მათთან ელჩობა გაგზავნა და საქართველოში გადმოსახლება და მის სამსახურში ჩადგომა შესთავაზა. თანხმობის მიღების შემდეგ დავით IV მწიგნობართუხუცეს გიორგი ჭყონდიდელთან ერთად ყივჩაყებთან გაემგზავრა, ისინი ოსებთან შეარიგა, საქართველო - ჩრდილოეთ კავკასიის გზაზე ციხეებში თავისი ჯარი ჩააყენა და 1118 წელს 40 ათასი ოჯახი საქართველოში გადმოიყვანა, მისცა ცხენები და იარაღი, დასებად დაჰყო, სპასალარები დაუნიშნა და შესაფერ ("მარჯვე") ადგილებში - სანაპიროებში (ჰერეთი, ქვემო ქართლი, ჩრდილოეთ სომხეთი) დააყენა. მათგან ერთდროულად 40 ათასი მოლაშქრე გამოდიოდა. ყივჩაყები ძირითადად მოსაზღვრე სახელმწიფოთა რბევით ირჩენდნენ თავს. საქართველოს ლაშქრობებში მათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს. ნაწილი გაქრისტიანდა.

XII-XIV საუკუნეებში საქართველოში ხშირად ჩანან სხვა, "ახალი" დაქირავებული ყივჩაყებიც (გიორგი III-ისა და თამარის დროს, XIII საუკუნის 20-იან წლებში, 1300-1308), ცენტრალური ხელისუფლება ყივჩაყებს იყენებდა ფეოდალური ოპოზიციის წინააღმდეგ, მაგ., დემნა ბატონიშვილის აჯანყების (1177) და გიორგი რუსის გამოსვლის დროს (1191). ამის გამო გაქრისტიანებულ ყივჩაყთა ("ნაყივჩაყართა") ნაწილი ქვეყნის საგამგებლო აპარატში მაღალ თანამდებობებზე დაწინაურდა. საქართველოში მყოფ ყივჩაყთა მასა XIII საუკუნის 30-იან წლებში მონღოლთა ლაშქარს შეერია.

ლიტერატურა

რედაქტირება