ყარაჩაელები

(გადამისამართდა გვერდიდან ყარაჩაელების სოფლის მეურნეობა)

ყარაჩაელებიბალყარელების მონათესავე თურქულენოვანი ხალხი, რომლებიც კავკასიის ჩრდილოეთის ქედის ცენტრალური ნაწილის მთიან მონაკვეთში ცხოვრობენ.

ყარაჩაი-ბალყარული ენა ალთაურ ენათა ოჯახის თურქული ჯგუფის ყივჩაღურ ქვეჯგუფს მიეკუთვნება. ყარაჩაელები და ბალყარელები იალბუზის მთების ირგვლივ მკვიდრობენ. ეს მთა თითქმის ერთ ენაზე მოლაპარაკე ხალხს ორ ნაწილად ყოფს. დასავლეთი ნაწილი ყარაჩაელებს უკავიათ, აღმოსავლეთი კი ბალყარელებს. გუდაკოვის დასკვნით, XVIII საუკუნემდე ყარაჩაელები და ბალყარელები თანამედროვე ბალყარეთის ტერიტორიაზე ბაქსანის ხეობაში ერთმანეთის გვე რდიგვერდ ცხოვრობდნენ. XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე ყარაჩაელებმა ცენტრალური კავკასია მიატოვეს და ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში ყუბანის სათავესა და თებედის აუზში დასახლდნენ.

ყარაჩაელებს დამწერლობა რუსული გრაფიკის საფუძველზე 1937 წლიდან აქვთ. ანთროპოლოგიური მონაცემებით, ყარაჩაელების ფიზიკური ტიპი ევროპეიდული რასის მაღალმთიან კავკასიონურ ტიპს მიეკუთვნება. ყარაჩაელების თვითსახელწოდებაა ყარაჩაილილა.

ფაქტობრივად ყარაჩაელები და ბალყარელები ერთი ხალხია, ერთი ეთნოსია. რუსულ სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ ამ ორ ხალხს აქვთ საერთო წარმომავლობა, ერთი ენა, საერთო ისტორიული ბედი, კულტურის ერთობა, რაც იმის საფუძველს გვაძველს, რომ ისინი ერთ ხალხად მივიჩნიოთ. მაგრამ, მიუხადავად ამისა, მათ არა აქვთ საერთო თვითშეგნება. იმასაც აღნიშნავენ, რომ XIX საუკუნეშიც კი ყარაჩაისა და ბალყარეთის სხვადასხვა საზოგადოებებში მცხოვრებთაც კი არ ჰქონდათ საერთო ეთნონიმი და ერთიანი თვითშეგნება. ისინი ძირითადად იწოდებოდნენ იმ ხეობათა სახელების მიხედვით, რომელ ხეობებშიც ცხოვრობდნენ.

ყარაჩაელთა განსახლების ეთნიკური ტერიტორია, როგორც ირკვევა, რამდენჯერმე შეცვლილა. მათ ხან ყუბანის ხეობის სათავე ეკავათ, ხან ბაქსანის ხეობა.

ყარაჩაელები სარწმუნოებით მუსლიმი სუნიტები არიან. მათ საკმაოდ გვიან მიიღეს მაჰმადიანობა. ისინი დიდი ხნის განმავლობაში წარმართები იყვნენ. დროდადრო ყარაჩაელების რაღაც ნაწილი ქრისტიანობას იღებდა.

სოფლის მეურნეობა

რედაქტირება

ყარაჩაელების მთავარი სამეურნეო საქმიანობა იყო მომთაბარე მეცხოველეობა (ცხვარი, თხა, ცხენი, მსხვილფეხა რქოსანი საქონელი). საქონელს ზაფხულში ყარაჩაელები მთის საძოვრებზე მიერეკებოდნენ, ზამთარში კი ტყის ნაპირებზე, მთების სამხრეთ ფერდობებზე და დაბლობში არენდირებულ მიწებზე აბალახებდნენ. უხეშმატყლიანთა შორის ყარაჩაული ჯიშის ცხვარი ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ის მაღალხარისხიანი ხორცითა და რძით გამოირჩეოდა. ადგილობრივი ჯიშის ცხენი არა მხოლოდ საჯდომად, არამედ კავალერიაშიც გამოიყენებოდა. სრული უგზოობის პირობებში მძიმე საპალნის გადასატანად, სახედარი თითქმის შეუცვლელი იყო.

მსხვილი მესაქონლეები საქონელს სამხრეთ კავკასიასა და ჩრდილოეთ კავკასიის დაბლობში ყიდდნენ. მატყლისაგან ნაბადს, ქუდებს აკეთებდნენ. ცხვრის ტყავისაგან ფაფახებს, ქურქებსა და ფეხსაცმელს ამზადებდნენ.

1906 წლის რუსეთის სახელმწიფო კომისიის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მშვიდობისმოყვარე ყარაჩაელი ხალხი ძირითადად მისდევს მესაქონლეობას, რომლებსაც ჰყავთ 33 756 ცხენი, 175 027 მსხვილფეხა რქოსანი საქონელი და 487 471 წვრილფეხა რქოსანი საქონელი.

ყარაჩაის მთის საძოვრები ფორმალურად საერთო-სახალხო საკუთრებად ითვლებოდა, მაგრამ მისი ძირითადი ნაწილი ფეოდალების ხელში იყო თავმოყრილი. საზამთრო საძოვრები კი მთელ გვარს ეკუთვნოდა, კომლების მფლობელობაში იყო სარწყავი სათიბები.

საქონელი დაახლოებით ნახევარი წლის განმავლობაში საძოვარზე ჰყავდათ. ზაფხულში მწყემსები ღამეს კოცონთან ათევდნენ. მდიდარი მესაქონლეები მთიბავებად გარესამუშაოზე წასულ ქართველთა (სვანების, რაჭველების) შრომას იყენებდნენ. გარე სამუშაოზე ყარაჩაიში წასული ქართველები საფასურს საქონლის სახით იღებდნენ, რასაც შემდეგ საქართველოში ყიდდნენ.

ყარაჩაიში მიწათმოქმედების განვითარებისათვის სათანადო პირობები არ არის. 1908 წელს აქ მთლიანად 4 257 ჰა სახვნელი მიწა იყო, რაც მოსახლეობის პურზე მოთხოვნილებას მხოლოდ 2%-ით აკმაყოფილებდა. დანარჩენ პურს ყიდულობდნენ, ანდა მეცხოველეობის პროდუქტებზე ცვლიდნენ. ბარში ყარაჩაელთა ძირითადი კულტურა ქერი და სიმინდი იყო. ძირითადად მარცვლეული კულტურით, კარტოფილითა და ხორცით იკვებებოდნენ.

მრავალი საუკუნის მანძილზე ყარაჩაელთა ძირითად საკვებს მეცხოველეობის პროდუქტები წარმოადგენდა. შედედებული რძე („აირანი“) ცვლიდა წყალსაც, ჩაისაც და სუპსაც. მის გარეშე ყარაჩაელთა ყოფა უბრალოდ წარმოუდგენელიც კი იყო. ყველაზე მნიშვნელოვან და ძირითად პროდუქტად კი ყველი ითვლებოდა. რძისაგან ისინი ამზადებდნენ აგრეთვე არაჟანს, კარაქს, კაიმაღს. მიირთმევდნენ ხორციან, ყველიან, კარტოფილიან ღვეზელს. სიმინდის ფქვილისაგან ფაფას ხარშავდნენ. იცოდნენ ე.წ. „ყალმუხური ჩაი“ რძით, კარაქითა და მარილით.

ყარაჩაელებს ჰქონდათ ნართული გადმოცემები და ისტორიული ხასიათის სიმღერები, რომლებშიც გადმოცემულია ხალხის ისტორიული ბედი, დამპყრობთა წინააღმდეგ ბრძოლა. ყარაჩაელთა გამოყენებითი ხელოვნების ორნამენტიკაში ხეზე, ქვაზე, ძვალზე, მეტალზე მცენარეული და ზოომორფული მოტივები ჭარბობდა, რომელშიც თვალყური გაედევნება კავკასიურ-თურქულ გენეტიკურ ურთიერთობებს. ყარაჩაელი ხალხის ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ეტიკეტს. მრავალრიცხოვან ხალხურ დღესასწაულებს თან ახლდა დოღი, ძალოსანთა შერკინება, ქვის სროლა, სამასკარადო თამაშობანი, სიმძიმეების აწევა და სხვა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • როლანდ თოფჩიშვილი, კავკასიის ხალხთა ეთნოლოგია, თბ.,2012
  • Исторические сведения о кабардинском народе: К 300-летию дома Романовых. — Киев: Типо-Литография «С. В. Кульженко», 1913. — XVI, 284 с.