ღეროს ფარვანა, სიმინდის ფარვანა (ლათ. Ostrinia nubilalis) — პეპელა Crambidae-ის ოჯახისა.[1] სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა ნაირჭამია მავნებელია. ფრთების შლილი 23-32 მმ, სიცოცხლის ხანგრძლივობა 5-20 დღე. დამახასიათებელია სქესობრივი დიმორფიზმი. ნაყოფიერება მდედრისა — 200-700 კვერცხი, მაქსიმალური 1250-მდე. მუხლუხი ვითარდება 20-45 დღის განმავლობაში. ჭუპრის სტადია გრძელდება 20-45 დღე. გავრცელებულია ევროპაში, დასავლეთ და ცენტრალურ აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, შეყვანილია ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოს ტერიტორიაზე ძირითადად გავრცელებულია იმერეთსა და სამეგრელოში, თუმცა ეს მავნებელი მეტ-ნაკლები რაოდენობით გვხვდება თითქმის ყველგან, სადაც მოჰყავთ სიმინდის კულტურა. ღეროს ფარვანას მატლები 150-მდე სახეობის მცენარეს აზიანებს, განსაკუთრებით სიმინდს, კენაფს, სორგოს, ვაზს, ჩაის, ციტრუსებს და სხვა. მის ძირითად საკვებ კულტურას სიმინდი წარმოადგენს. ბრძოლის ღონისძიებათა შორისაა: კულტურათა მონაცვლეობა, ბრძოლა სარეველების წინააღმდეგ და მცენარეული ნარჩენების განადგურება.[2]