კენაფი (ლათ. Hibiscus cannabinus) — ერთწლოვანი ლაფანბოჭკოვანი მცენარე ბალბისებრთა ოჯახისა. კენაფი ველურად გვხვდება სამხრეთ აფრიკაში და ცენტრალურ ინდოეთში. ტენისა და სითბოს მოყვარულია,[1] მომთხოვნია ნიადაგის ნაყოფიერების მიმართ. თვითდამტვერვა ახასიათებს. სართავი კულტურაა. აქვს 0,3–0,5 მეტრის (ზოგჯერ 2 მეტრამდე) სიგრძის მთავარღერძიანი ფესვი, სწორი, ეკლიანი და 5 მეტრამდე სიმაღლის ღერო. ფოთლები გრძელყუნწიანია, ღეროს ქვედა ნაწილში — გულისებრი, შუაში — თათისებრ დაყოფილი, ზედაში — ლანცეტა. ყვავილები იღლიური, კრემისფერი, ძირში შინდისფერი ლაქით. ნაყოფი ხუდბუდიანი, უხეში ბეწვით დაფარული კოლოფია.[2]

კენაფი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ბალბისნაირნი
ოჯახი:  ბალბისებრნი
გვარი:  ჰიბისკუსი
სახეობა:  კენაფი
ლათინური სახელი
Hibiscus cannabinus L., 1759

კენაფის მშრალი ღერო შეიცავს საშუალოდ 16-20% ბოჭკოს, რომელიც გამოირჩევა მაღალი ჰიგროსკოპულობითა და სიმკვრივით. მისგან ამზადებენ ჯვალოს, ბრეზენტს, კანაფს და სხვა. თესლში 20%-მდე ტექნიკური ზეთია. კოპტონს იყენებენ სასუქად და ცხოველთა საკვებად.[1] კულტურაში კენაფი მოჰყავთ ძირითადად აღმოსავლეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და სამხრეთ აზიაში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, სამხრეთ აფრიკაში.[2]

  1. 1.0 1.1 კენაფი // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 466.
  2. 2.0 2.1 Кенаф // Большая российская энциклопедия. т. 13. — М., 2009. — стр. 557.