ქულბაქები — არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში, ცხინვალის მახლობლად, სოფ. ფრისთან. ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი გაითხარა 1950-1951 და 1954 წლებში.

გათხრების შემდეგ აღმოჩნდა იატაკი მრგვალი შვერილებიანი კერით, შემოფარგლული მრავალი ჭურჭლით. მის მახლობლად ასევე აღმოჩნდა პატარა თიხის იატაკი, ზედ ადამიანის დამწვარი ძვლებით. ამ ხანის ნაშთები ქულბაქების მახლობლად დადასტურდა ოსპრისის ხევის მარჯვენა ნაპირზე, "კულო-ხომზე" და ამავე ხევის მარცხენა ნაპირზე, ზღუდერზე. "კულო-ხომზე" მცირე ფართობის გათხრისას გამოვლინდა ადრებრინჯაოს ხანის სუსტი ფენა. მიუხედავად ამისა, აღმოჩნდა საკმაოდ მრავალრიცხოვანი მასალა, ძირითადად თიხის ჭურჭელი, მრგვალი კერის ფრაგმენტები და რქისებრი სადგარი. ზღუდერზე ორ ადგილას მიმდინარეობდა გათხრები: ერთი თიხის კარიერთან, ზღუდრის გვერადაზე და მეორე ზღუდრის ბორცვზე, ოსპრისის ხევის პირას. ზღუდრის გვერადაზე აღმოჩენილი მცირეოდენი მასალიდან აღსანიშნავია კერის ნალისებრი სადგრისა და კერამიკის ფრაგმენტები. ზღუდრის ბორცვზე აღმოჩნდა მოზრდილი ქვებით ნაგები გრძელი კედლის ნაშთი, ქვების შიგნით კი ნაცრისფერი ფენა მტკვარ-არაქსული კერამიკით. ამავე ადგილას ნაპოვნია თიხის კერები, ქვის იარაღები და სხვა. ამ ძეგლებზე აღმოჩენილი თხელი კულტურული ფენები, მოედნები, მრგვალი კერებით მიუთითებს, რომ საცხოვრებელი მიწის ზემოთ იყო ნაგები ხისგან.

მასალა დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჯაფარიძე, ო., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 573.
  • ჯაფარიძე, ო. „ქართველი ტომების ისტორიისთვის ლითონის წარმოების ადრეულ საფეხურზე“, თბილისი, 1961
  • „საქართველოს არქეოლოგია“, თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1959. — გვ. 75.
  • საქართველოს არქეოლოგია, ტ. II, გამომცემლობა „მეცნიერება“, თბ., 1992, გვ. 187.