ქსანტოფილები (ბერძ. ξανθόςყვითელი და φύλλον — ფოთოლი) — კაროტინოიდების ჯგუფის პიგმენტები. აქვთ სხვადასხვა ინტენსივობის ყვითელი ან ნარინჯისფერი შეფერილობა. ქსანტოფილები მიიღება კაროტინის მოლეკულაში ჟანგბადის ჩართვით. კარგად იხსნებიან ცხიმებში, მაგრამ ერთმანეთისგან განსხვავდებიან ორგანულ გამხსნელებში მეტ-ნაკლები ხსნადობით. ქსანტოფილები — ლუტეინი, ვიოლაქსანტინი, ზეაქსანტინი, ნეოქსანტინი, ანტერაქსანტინი გვხვდება ქლოროპლასტებში; ისინი ოპტიკურად აქტიური პიგმენტებია, აქვთ შთანთქმის მაქსიმუმი 380-520 ნმ ფარგლებში. შთანთქმული სხივების ენერგიას გადასცემენ ქლოროფილებს და მონაწილეობენ ფოტოსინთეზში, როგორც დამატებითი პიგმენტები. ქსანტოფილები ადვილად იერთებენ ან გასცემენ ჟანგბადს. ისინი უჯრედში შუქფილტრის როლს ასრულებენ და ფერმენტებს სინათლის ზემოქმედებისგან იცავენ. ქსანტოფილები გვხვდება ქლოროპლასტებში, ყვავილის ნაყოფის ქრომოპლასტებში, კვერცხის გულში, ღვიძლში და ზოგიერთი ძუძუმწოვრის ცხიმოვან ქსოვილში.

ლიტერატურა

რედაქტირება