ქორდის ღვთისმშობლის ეკლესია
ქორდის ღვთისმშობლის ეკლესია — ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორდის განაპირას, სამხრეთით, მდინარე ლიახვის მარჯვენა ნაპირზე. თარიღდება XVI–XVII საუკუნეებით.
ეკლესია დარბაზულია (5 × 8 მ), ნაგებია რიყის ქვით, კონსტრუქციის ნაწილები, კუთხეები და კარ-სარკმლის წირთხლები თლილი ქვისაა. კამაროვანი გადახურვა ჩანგრეულია. შენობის ნახევარწრიული, ტიმპანებიანი შესასვლელები სამხრეთითა და დასავლეთითაა. აღმოსავლეთით ერთი სარკმელია, სამხრეთით — ორი. დარბაზის გრძივ კედლებზე ორ-ორი ნახევარწრიული თაღია. საკურთხეველი, რომელიც თავდაპირველად ერთი საფეხურით ყოფილა აწეული, შემდეგში კიდევ უფრო აუმაღლებიათ და აქ აგურისა და ქვის ორკარიანი კანკელი დაუდგამთ. აღმოსავლეთის ფასადზე, კეხის ქვემოთ, მომწვანო ქვაზე დაბალრელიეფიანი ჯვარია გამოსახული. დანარჩენ ფასადებს მარტივი ფორმის გრეხილი გასდევს. დასავლეთის კედელზე სამსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა. იკითხება პირველი სტრიქონი: „ქრისტე შეიწყალე გიორგი…“. მოგვიანებით ეკლესიისათვის სამხრეთისა და დასავლეთის მხრიდან მიუშენებიათ სწორკუთხა სათავსები, რომლებიც ნაგებია რიყის ქვით. სამხრეთის მინაშენს, რომელიც ეკლესიის სამხრეთ სარკმლებს ფარავდა, შესასვლელი სამხრეთით აქვს, დასავლეთისას — დასავლეთით.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.